22 მაისის რჩევები სანდრო ცნობილაძისგან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

22 მაისის რჩევები სანდრო ცნობილაძისგან



"ბარსელონა" - "სევილია"
მადრიდში, „ვინსენტე კალდერონზე“, „ბარსელონა“ ევროპა ლიგის უკანასკნელ გამარჯვებულთან „სევილიასთან“ მატჩში სამეფო თასის 28-ედ მოგებას შეეცდება. კატალონიური კლუბი ამ ტიტულის შარშანდელი მფლობელია. გასულ სეზონში ლუის ენრიკეს შეგირდებმა ბილბაოს „ატლეტიკი“ „ნოუ კამპზე“ 3:1 დაამარცხეს.

სევილიელებმა ბოლოს ქვეყნის თასი 2010 წელს მოიგეს. ექვსი წლის წინანდელ ფინალში მათ მადრიდის „ატლეტიკოს“ 2:0 სძლიეს. საერთო ჯამში ანდალუსიურ კლუბს ეს ტიტული ხუთჯერ აქვს მოგებული.

მიმდინარე გათამაშებაში „ბარსელონამ“ რვა მატჩი გამართა, რომელთაგანაც ექვსი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი „ვალენსიასთან“ მოგებული პირველი ½ ფინალური დაპირისპირება იყო, რომელშიც “ნოუ კამპზე“ კატალონიელებმა მეტოქე 7:0 გაანადგურეს.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია სევილიელთა სერია. გუნდმა რვა მატჩიდან შვიდში გამარჯვება მოიპოვა. ფრედ მხოლოდ „სელტასთან" ჩატარებული განმეორებითი ½ ფინალური მატჩი დაასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ზედიზედ შვიდ მოგებულ თამაშში უნაი ემერის გუნდს საკუთარ კარში გოლიც კი არ გაუშვია.

ურთიერთშეხვედრებში დასრულებული სეზონის საჩემპიონატო მატჩებიდან გუნდებმა თითო მოგება გაიფორმეს. ორივე მათგანმა მეტოქე სახლში იდენტური ანგარიშებით 2:1 დაამარცხა.

ექსპერტების პროგნოზი: 5.5-ზე მეტი ყვითელი. 10.5-ზე მეტი კუთხური. ბარსელონა მოიგებს

ინგლისი-თურქეთი
„ეტიჰადზე“ გასამართი მატჩით ინგლისის და თურქეთის ნაკრებები ევრო 2016-ის მზადების უკანასკნელ ეტაპს იწყებენ. ამ მატჩის გარდა საფრანგეთის ტურნირამდე გუნდები კიდევ ორ-ორ ამხანაგურ თამაშსს ჩაატარებენ.

მას შემდეგ, რაც როი ჰოჯსონის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი ასპროცენტიანი შედეგით დაასრულა, გუნდმა ოთხი ამხანაგური მატჩი გამართა. ორ შემთხვევაში ინგლისელებმა მარცხი იწვნიეს და ორჯერ გაიმარჯვეს. ბრიტანელებს ჯერ ესპანეთის, ხოლო შემდეგ კი ჰოლანდიის ნაკრებებმა მოუგეს. სამაგიეროდ ინგლისელებმა სახლში ფრანგები, ხოლო გასვლაზე კი გერმანელები დაამარცხეს.

მსგავსი ტრიუმფით არ გაუვლია საკვალიფიკაციო ეტაპი თურქეთის ნაკრებს. გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში დაკავებული მესამე ადგილით გააღწია და შეჯიბრზე როგორც საუკეთესო მესამე ადგილოსანი ისე მოხვდა. ამის შემდეგ გამართული ოთხი ამხანაგურიდან კი ფატიჰ თერიმის შეგირდებმა სამი მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ინგლისელებისგან განსხვავებით მათ შედარებით სუსტი მეტოქეები ჰყავდათ.

ორივე გუნდს გარკვეული საკადრო პრობლემები აქვს. ინგლისელთა რიგებში არ იქნებიან ნატან კლაინი, კრის სმოლინგი, ჯეიმს მილნერი,მარკუს რეშფორდი, უეინ რუნი და დანიელ სტარიჯი. სტუმრებს კი არდა, ნური შაჰინი და ბურაკ ილმაზი არ ეყოლებათ.

ეს გუნდები ერთმანეთს ათჯერ დაუპირისპირდნენ. რვა შემთხვევაში გამარჯვება ინგლისელებს დარჩათ, ხოლო ორჯერ კი მატჩი ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ თურქეთის ნაკრებს მეტოქისთვის ამ მატჩებში გოლი არ გაუტანია, ხოლო საკუთარ კარში კი 31 ბურთი მიიღო.

ექსპერტების პროგნოზი: ინგლისის ნაკრები მოიგებს. 2.5-ზე მეტი გოლი

"სან ლორენცო" - "ბანფილდი"
არგენტინის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ა“ ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა. ერთ-ერთი პრეტენდენტი – „სან ლორენცო“, „ბანფილდს“ უმასპინძლებს. „სან ლორენცოს“ და „გოდოის“ ერთნაირი ქულები აქვთ და თუ ტურნირს გუნდები თანაბარი ქულებით დაასრულებენ ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით გამარჯვებულად „გოდოი“ გამოცხადდება.

ჩემპიონობის პრეტენდენტს ამ მატჩში ორი წამყვანი მცველი ემანუელ მასი და მატიას კარუსო დააკლდება. ორივე მათგანი დისკვალიფიცირებულია. საეჭვოა ხუან მერსიერის თამაშიც, რომელმაც ბოლო ვარჯიში ტრავმის გამო, დროზე ადრე დაასრულა.

განსხვავებით მეტოქისგან, „ბანფილდი“ მატჩისთვის სრული საბრძოლო შემადგენლობით ემზადება. გუნდმა სეზონი აშკარად ჩააგდო, რისი დასტურიც მხოლოდ 14 ქულა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილია.

ექსპერტების პროგნოზი: სან ლორენცო მოიგებს მინიმუმ ორი ბურთის სხვაობით

"სან მარტინი" - "გოდოი"
„გოდოი“ განსვავებით „სან ლორენცოსგან“, თავის მატჩს გასვლაზე ჩაატარებს. „ა“ ჯგუფის ჩემპიონობის მაძიებელ მენდოსურ კლუბს „სან ლორენცოსთან“ შედარებით გატანილი და გაშვებული ბურთების უკეთესი ბალანსი აქვს, რაც თანაბარი ქულების შემთხვევაში „გოდოის“ უპირატესობას აძლევს.

„სან მარტინი“ „ბ“ ჯგუფში ასპარეზობდა. გუნდმა ოცი ქულა მოაგროვა და მეცხრე ადგილზეა. გასულ ტურში „სან მარტინმა“ „ატლეტიკო ტიკუმანთან“ გასვლაზე 2:3 წააგო. ამ თამაშში პირველი გოლი სტუმარტა გოლკიპერმა ანდრადემ გაიტანა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. მიმდინარე სეზონში ეს მეკარის მეორე გოლია.

„გოდოიმ“ წინა ტურში დაძაბულ ბრძოლაში „ბელგრანოს“ მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო.

ორივე გუნდი მატჩს სრული საბრძოლო შემადგენლობით ხვდება.

ურთიერთშეხვედრებში „გოდოის“ მეტოქესთან საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს. „სან მარტინს“ ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული, მაშინ როდესაც დანარჩენი ოთხი თამაში მენდოსელებმა მოიგეს.

ექსპერტების პროგნოზი: 2.5-ზე ნაკლები გოლი

"ჰაგესუნდი" - "როსენბორგი"
ტრონჰეიმელები 28 ქულით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერები არიან. უახლოეს მდევარ „მიოლდეს“ ისინი ოთხი ქულით უსწრებენ. „მიოლდემ“ ამ ტურის თამაში უკვე ითამაშა, ასე რომ ლიდერს გამარჯვების შემთხვევაში უპირატესობის შვიდ ქულამდე გაზრდა შეუძლია.

მასპინძლებს 20 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფებიან. გასულ ტურში „ჰაგესუნდმა“ გასვლაზე „ვალერენგას“ მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო. ერთადერთი ბურთი 19 წლის იბრაჰიმ შუაიბუმ გაიტანა, რომელიც მის კარიერაში პირველი აღმოჩნდა.

სტუმრებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლიათ. მათ შორის მეკარე ალექსანდერ ჰანსენი და ფორვარდი პერ ჰელანდი. პირველი მათგანი ძირითადი შემადგენლობის წევრად არ ითვლება, რაც შეეხება ჰელანდს, მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი მატჩის ჩატარება მოახერხა.

ექსპერტების პროგნოზი: 2.5-ზე მეტი გოლი. როსენბორგი მოიგებს.

სანდრო ცნობილაძე, სპეციალურად GOAL.GE–სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები