ნიკა აფაქიძე - ინვესტორის მოსვლის შესატყვისი გარემო არ იგრძნობა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნიკა აფაქიძე - ინვესტორის მოსვლის შესატყვისი გარემო არ იგრძნობა


ნიკა აფაქიძე - ინვესტორის მოსვლის შესატყვისი გარემო არ იგრძნობა

ზუგდიდის ”ზუგდიდმა”, ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, წითელ ჯგუფში პირველი თამაში, შინ ”საბურთალოს” მოუგო და უმაღლეს ლიგაში დარჩენის იმედი შეინარჩუნა. რა ხდება გუნდში, სადაც უკრაინელი ინვესტორი მივიდა და ფინანსური დავალიანებების გამო, ფეხბურთელები უკვე ვარჯიშსაც აღარ აპირებენ. როგორ შეძლეს მოგება და რა მოხდება ”ზუგდიდში” - Goal.ge-ს კითხვებს, მეგრელთა კაპიტანი, ნიკა აფაქიძე პასუხობს.

- ”ზუგდიდში” ახალი ინვესტორი მოვიდა, გუნდის ბირთვი გაუშვეს და ახალი ფეხბურთელები მოიყვანეს, რომლებმაც არც თუ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. გონივრული იყო სეზონის დაწყების შემდეგ მოთამაშეების გაშვება გუნდიდან?

- რა თქმა უნდა, არაგონივრული იყო სეზონის წინ ჩამოყალიბებული ბირთვის შეცვლა!

- ”ზუგდიდმა” შეკრებაც გაიარა, მაგრამ დღეს იმ ადამიანებიდან გუნდში მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი ირიცხებით, ის შედეგი, რაც ახლა გაქვთ, შეუთამაშებლობის ბრალია? საერთოდ, თვლი თუ არა, რომ ის შეკრება წყალში ჩაიყარა?

- საერთო ჯამში, ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და წყალში ჩაყრილს ვერ ვიტყოდი, ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა, შეუთამაშებლობის პრობლემა არის, რამეთუ ყოველ ტურში იცვლებოდა შემადგენლობა!

- ითვლება, რომ ლეგიონერი ყოველთვის უნდა სჯობდეს ადგილობრივ კადრს, სხვაგვარად, მისი ჩამოყვანა გაუმართლებელია. სჯობიან ის ლეგიონერები თუნდაც გუნდიდან გაშვებულ ფეხბურთელებს?

- ლეგიონერებს რაც შეეხება, ეს, ზოგადად, ჩვენი ჩემპიონატის დონის შეუფასებლობის ბრალია. ბევრი ისეთი ფეხბურთელი ჩამოდის, რომელსაც აქ თამაში ადვილი ჰგონია, სინამდვილეში კი ძნელია ჩვენს ჩემპიონატში თამაში.

- როგორც წესი, ინვესტორის მოსვლამ გუნდში სასიკეთოდ უნდა შეცვალოს სიტუაცია, თქვენ კი ვიცი, ხელფასებიც არ აგიღიათ. რამე სიკეთე იგრძენით, მათი მოსვლის შემდეგ?

- ჯერ-ჯერობით, მართლაც ინვესტორის მოსვლის შესატყვისი გარემო არ იგრძნობა გუნდში. იმედია, დალაგდება უახლოეს დღეებში ყველაფერი.

- ახალი მფლობელებისთვის პრიორიტეტული მათ მიერ ჩამოყვანილი ფეხბურთელები არიან. გუნდში რა მდგომარეობაა ახლა?

- გუნდში ახლა ნორმალური სიტუაციაა. თან, გუშინ პირველად მოვიგეთ და იმედია, დასტაბილურდება მდგომარეობა.

- ”საბურთალოსთან” უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგეთ. პირველი სამი ქულა აიღეთ, აქამდე ფრეც არ გითამაშიათ, არადა მატჩამდე ვარჯიშზე გასვლაც სათუო იყო. რის ხარჯზე მოახერხეთ მოგება?

- მართლაც უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ავიღეთ. ალბათ, ჩვენ უფრო გვინდოდა მოგება და საფეხბურთო ფორტუნაც ჩვენს მხარეს იყო. მინდა, ასევე ავღნიშნო, რომ ძალიან ორგანიზებული გუნდია ”საბურთალო”.

- შეძლებთ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას?

- ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქალაქი უფეხბურთოდ არ დარჩეს!

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები