"ორი წელი მეშინოდა, რომ კვლავ არ მეგრძნო საშინელი ტკივილი" - ვინ დააკლდა უელსს

ახლახანს დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა უელსის ეროვნული ნაკრები გახდა, რომელიც ისტორიაში პირველად გავიდა დიდი ტურნირის ნახევარფინალში და ისტორიაში ყველაზე ფასეულ შეხვედრაში ერთი განსაკუთრებული მოთამაშის გარეშე გავიდა მინდორზე, რომელიც ძალიან დააკლდა მთელს უელსს. "დრაკონებმა" 0:2 წააგეს პორტუგალიასთან და ვერ გავიდნენ ფინალში, მაგრამ მაინც სამუდამო კვალი დატოვეს ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში და აარონ რემსიმაც მოასწრო თავისი უნიკალური შესაძლებლობების წარმოჩენა.

აარონმა უაზრო დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი და ალბათ გახსოვთ მისი ემოციები, როდესაც ბელგიასთან მეოთხედფინალურ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო.
"ორი წელი მეშინოდა, რომ კვლავ არ მეგრძნო საშინელი ტკივილი" - ვინ დააკლდა უელსს

რემსი კარგად ხვდებოდა, რომ ძალიან მნიშვნელოვან თამაშს ტოვებდა, მაგრამ მისი როლი უელსის ეროვნულ გუნდში იმაზე უფრო ფასეული გამოდგა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. აარონის ბრძოლისუნარიანობა და საფეხბურთო ხედვა კრის კოულმანის გუნდს საგრძნობლად აკლდა, გარეთ ბეილიც მარტო გრძნობდა თავს მის გარეშე.

მიუხედავად ამისა, რემსი მაინც უელსის გმირია, რომელსაც დაუჯერებელი ისტორია აქვს და შესაძლოა სულაც არ გამხდარიყო ფეხბურთელი, რომ არა უბრალოდ უდიდესი სურვილი.

როდესაც აარონ რემსიმ საბოლოო არჩევანი გააკეთა ფეხბურთის სასარგებლოდ და წავიდა კარდიფში, მის მშობლიურ ქალაქში იმედგაცრუებულნი დარჩნენ რაგბისა და მძლეოსნობის მწვრთნელები. აარონი აბსოლუტურად უნიკალური ბავშვი იყო, ძალიან სპორტული და მოხერხებული, არანორმალურად მონდომებული, რომელსაც ფაქტობრივად ყველაფერი გამოსდიოდა.

ცხრა წლის ასაკში, რემსი სირბილის მარათონში ჩემპიონი გახდა, რომელიც მის სკოლაში გაიმართა. მან ყველას გაასწრო 60 მეტრიან დისტანციაზე ბარიერებით და ჩვეულებრივი 800 მეტრიანი მარათონიც მოიგო. გარდა ამისა, ძალიან უყვარდა ლაშქრობა და სიმაღლეების დაპყრობაშიც ყველას აჯობა. მან უკან ჩამოიტოვა ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც კვირაში სამჯერ ვარჯიშობდნენ და ესწრაფოდნენ ნამდვილ პროფესიონალიზმს. ეს მათთვის შეურაცხყოფის ტოლფასი იყო, მაგრამ მთავარი ზოგჯერ ნიჭია.
"ორი წელი მეშინოდა, რომ კვლავ არ მეგრძნო საშინელი ტკივილი" - ვინ დააკლდა უელსს

"ეს საკმაოდ მყარი სპორტული გენების დამსახურებაა. დედაჩემი ჰოკეის თამაშობდა, მამაჩემი კი 40 წლამდე ადგილობრივ საფეხბურთო კლუბებში ასპარეზობდა. სწორედ მათგან გადმომყვა სპორტის სიყვარული და ნიჭი", – იხსენებს მოგვიანებით აარონი.

რაგბი კი მას კიდევ უფრო კარგად გამოსდიოდა და ერთ–ერთი სასკოლო ტურნირის დროს ის "სენტ–ჰელენსის" აგენტს მოხვდა თვალში კარგად. უბედურმა კლუბის პერსონალმა რამდენიმე საათში თავის კარიერაში ყველაზე მძიმე და მოულოდნელი უარი მიიღო: "ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამ ბიჭმა უკვე გააფორმა კონტრაქტი სხვა გუნდთან. თანაც, არა სარაგბო კლუბთან. ის ფეხბურთელია".

დიახ, საქმე მართლაც საკმაოდ სერიოზულად იყო. რემსი სულ რამდენიმე წელი ვარჯიშობდა "კარდიფის" აკადემიაში, სადაც მას ავარჯიშებდა გერი პიულისი და იმდენად კარგად თამაშობდა, რომ უკვე 2007 წლის აპრილში გახდა ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი კლუბის ისტორიაში. მან ლეგენდარული ჯონ ტოშაკის რეკორდი მოხსნა და პირველად საფეხბურთო მინდორზე 16 წლისამ და 124 დღისამ შეაბიჯა.

ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ძირითად გუნდში დაწინაურებაზე მათემატიკის მასწავლებლისგან შეიტყო: "შევედი მასთან კაბინეტში და საერთოდ ვერ მივხდი თუ რატომ გავიგე ასეთი ამბავი სკოლაში. როგორც გაირკვა, კლუბმა ნებართვა აიღო დირექციისაგან და განმათავისუფლა გაკვეთილებიდან". სირთულეების გარეშე მაინც არ გამოვიდა. აარონს საკმაოდ გრძელი თმა ჰქონდა და სადებიუტო მატჩის წინა საღამოს მივიდა დასკვნამდე, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ პუბლიკის წინაშე ასე გაბურძგნული არ წარსდგებოდა. დილით პანიკაში მყოფმა დაურეკა მეგობარს, რომელმაც მოიტანა თმის საპარსი, მაგრამ იმის მაგივრად რომ გალამაზებულიყო, მოხდა ნამდვილი კატასტროფა.

"მანქანამ რაღაც აურია და მეგობარმა საკმაოდ დიდი თმა ჩამომაჭრა, რის გამოც თავზე გაჩნდა დიდი ხვრელი. სიტუაციის გამოსასწორებლად მომიწია ნულზე თმების დაყენება. ვგავდი თმაგაცვენილ მეზღვაურს, რაც საკმაოდ შორს არის ჩემი სტილისგან. საერთოდ არ ვგავდი საკუთარ თავს, კლუბის ერთ–ერთ წარმომადგენელს თავის ძმაში ავერიე", – იხსენებს სიცილით რემსი.

მიუხედავად ამისა, ვარცხნილობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ერთ წელიწადში რემსის მიმართ, რომელიც 18 წლისაც კი არ იყო, უკვე ინტერესდებოდნენ ინგლისური გიგანტები: "ლივერპული", "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი". 2008 წლის ზაფხულში "მან.იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებ–გვერდმა გაავრცელა, რომ მათ მიაღწიეს შეთანხმებას "კარდიფთან" – აარონ რემსი უკვე გზაში იყო ალექს ფერგიუსონთან შესახვედრად, მცირე დეტალებიღა იყო გასაფორმებელი. თუმცა, უეცრად სიტუაციაში არსენ ვენგერი ჩაერთო.

"არსენალს" ძალიან ბევრი მუშაობა მოუწია იმისათვის, რომ ეს ტრანსფერი შემდგარიყო. ვენგერი მთელი ივნისი შვეიცარიაში იმყოფებოდა და არ შეეძლო ლონდონში ჩასვლა ნახევარი დღითაც კი იმდენად დაკავებული იყო ფრანგულ ტელეარხზე მუშაობით. მიდიოდა ევრო 2008, ხოლო დიდი არსენი იყო ვარსკვლავური ექსპერტი და როგორც შემდეგ გაირკვა, ანდრეი არშავინსაც აკვირდებოდა. სწორედ ამიტომ, კლუბმა რემსი, მისი ოჯახი და აგენტი პირადი თვითმფრინავით გაამგზავრა ციურიხში.

ვენგერთან შეხვედრამ აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა: "ვიგრძენი, რომ "არსენალში" უფრო მეტად უნდოდათ ჩემი ხილვა. ისინი გაცილებით აქტიურები იყვნენ მოლაპარაკებებში, მწვრთნელს კი დეტალური გეგმა ჰქონდა თუ როგორ უნდა დამემკვიდრებინა ადგილი გუნდში. ვენგერმა ეგრევე მითხრა თუ რაში მაქვს მოსამატებელი და ამით აღვფრთოვანდი".
"ორი წელი მეშინოდა, რომ კვლავ არ მეგრძნო საშინელი ტკივილი" - ვინ დააკლდა უელსს

კიდევ ერთი რამ, რამაც გააოცა აარონი იყო სავარჯიშო ბაზასთან არსებული ავტოსადგომი: "ვნახე თუ რა მანქანები იდგნენ ავტოსადგომზე და მივხვდი, რომ რაც შეიძლება დროზე უნდა მომეშორებინა ცაცხვისფერი ფორდ ფიესტა" – ხუმრობით განაცხადა რემსიმ, რომელსაც ახლა SLS–ს მერსედესი ჰყავს.

რემსის კარიერა კინაღამ დაანგრია ფეხის ორმაგმა მოტეხილობამ, რომელიც 2010 წლის თებერვლის ბოლოს მიიღო. ეს გარდამტეხი მომენტი იყო მის საფეხბურთო მოღვაწეობაში. "სტოკ სიტისთან" ფეხის ორმაგი მოტეხილობის გამო რემსიმ გამოტოვა ცხრა თვე, იჯარით ითამაშა "ნოტინგემ ფორესტსა" და მშობლიურ "კარდიფ სიტიში", მაგრამ ყველაზე მძიმე გადასატანი იყო ფსიქოლოგიური ბარიერი. რემსის თავში მუდამ ტრიალებდა ის საშინელი მომენტი და ტკივილი, რომელსაც უბრალოდ ვერავინ გაუძლებს. ძალიან დიდი ხანი ვერ აძლევდა საკუთარ თავს ვარდნების განხორციელების უფლებას, გაურბოდა ხისტ ორთაბრძოლებს და ყოველ ეპიზოდში ზოგავდა თავს, რაც მხოლოდ შიშით იყო განპირობებული. უელსელის აქტიური სათამაშო სტილის გათვალისწინებით, ეს სერიოზული მინუსი იყო მისთვის და ყველაფერი მხოლოდ სამ წელიწადში დასრულდა.

"მინდორზე შეუძლებელია ამ გრძნობის გაკონტროლება, რადგან ის ინსტიქტებით არის განპირობებული. ასეთ დროს უბრალოდ გეშინია, რომ კვლავ არ ჩაიგდო თავი საშინელ სიტუაციაში. სრულფასოვანი დაბრუნებისათვის დამჭირდა დიდი დრო და ფსიქოლოგის დახმარება. ამ ყველაფერმა ორ წელიწადს გასტანა, მაგრამ როდესაც ყველაფერი დასრულდა და შიშები მოვიხსენი, გაცილებით უფრო ძლიერი გავხდი", - იხსენებს აარონი.
"ორი წელი მეშინოდა, რომ კვლავ არ მეგრძნო საშინელი ტკივილი" - ვინ დააკლდა უელსს

სრულფოსავანი დაბრუნება შედგა მხოლოდ 2013/14 წლების სეზონში. შემოდგომაზე რემსიმ კარიერაში საუკეთესო ფორმა აკრიფა და ფენომენალურად თამაშობდა: გაიტანა 13 გოლი და მისი უნიკალური მოქმედებების წყალობით არენ ვენგერის გუნდი პრემიერ ლიგის სათავეში მოექცა საშობაოდ. ამას მოჰყვა მორიგი ტრავმა, გამოტოვა რამდენიმე თვე და როდესაც აპრილში დაბრუნდა, "არსენალი" უკვე თავის ტრადიციულ მეოთხე პოზიციაზე იმყოფებოდა. თუმცა, სინანულის დრო არ იყო და რემსიმ "მეთოფეების" ლიდერობა ასოციაციის თასზე იტვირთა. სწორედ მან გაუტანა 2014 წლის ფინალში ოქროს გოლი "ჰალ სიტის" უემბლიზე და შეწყვიტა ლონდონური კლუბის რვაწლიანი უტიტულო სერია.
"ორი წელი მეშინოდა, რომ კვლავ არ მეგრძნო საშინელი ტკივილი" - ვინ დააკლდა უელსს

"დარწმუნებული ვარ, გავიზარდე, როგორც მოთამაშე. ვგრძნობ პასუხისმგებლობას გუნდის თამაშის გამო. ვცდილობ, რომ გავუძღვე მას და მაქსიმალურად გამოვწურო შესაძლებლობები. ვცდილობ ყოველთვის ჩავერთო თამაშში, ამიტომაც მიყვარს მოქმედება ცენტრიდან და არა მარცხნიდან. მსურს, რომ ყოველ შეტევაში შევეხო ბურთს", - განაცხადა რემსიმ ერთი წლის შემდეგ უემბლის ფინალიდან.

იმისათვის, რომ შეინარჩუნოს იდეალური ფიზიკური ფორმა და მუდამ აჰყვეს თამაშის მაღალ ტემპს, კვირაში ორჯერ ვარჯიშობს ინდივიდუალური პროგრამით სირბილში და აგრეთვე მკაცრად აკონტროლებს კვებას: "საუზმეზე მივირთმევ მიუსლის, კვერცხს, მწვანე ჩაისა და ბანანს. სადილზე - თევზს ბოსტნეულის დიდი პორციით, აგრეთვე შეიძლება ცოტა ბრინჯი. თავს ვარიდებ საყვარელ დესერტებს, თუმცა შემიძლია პუდინგის ან ზოგიერთი ორცხობილას ჭამა. ზოგადად, ვცდილობ, რომ ტკბილეულობა არ შევიტანო სახლში, რათა ცდუნების წინაშე არ დავდგე".

სახლში რემსის კვებასა და დიეტაზე მისი მეუღლე კოლინი ზრუნავს. მან ბევრი კულინარიული კურსი გაიარა და ინსტაგრამზე მუდმივად ათავსებს საყვარელი სადილების ფოტოსურათებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აარონმა და კოლინმა დაარწმუნეს საკუთარი ახლობლები და მეგობრები, რომ დაბადების დღეზე საჩუქრების გარეშე მივიდნენ. ამის სანაცვლოდ მათ საახლობლოს სთხოვეს ამ თანხის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვა, რომელიც ებრძვის პარკინსონის დაავადებას (თავის ტვინის დაავადება, რომელიც იწვევს უნებლიე ქცევებსა და ადამიანის აზროვნების დაქვეითებას). თანაც, ეს არ არის რემსების ერთადერთი კეთილშობილური ინიციატივა. აარონი თავის დროზე სამი წლის განმავლობაში ეხმარებოდა ცხოველთა დაცვის აფრიკულ ფონდს და სამწუხაროდ, 2014 წელს ეს კომპანია დააყადაღეს.

რემსის ქორწინებასაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ის უელსური ენის უდიდესი მოყვარულია და ერთხელაც გადაწყვიტა, რომ სწორედ უელსურად დაედო პოსტი საკუთარ ტვიტერზე: "ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ დავქორწინდით". ლონდონის "არსენალის" ქომაგებმა იხილეს უცნობი სიტყვები (უელსური ენა ინგლისურისაგან ძალიან განსხვავებულია) და აარონის მიმართ ძალიან ბევრი ირონიული, სახუმარო კომენტარი გააკეთეს. მათ ეგონათ, რომ აარონი დათვრა და რაღაც უაზრობა დაპოსტა. სამაგიეროდ, უელსელები იყვნენ აღფრთოვანებულნი, რადგან მშობლიური ენის ცოდნა - სერიოზული იშვიათობაა უელსში. "დრაკონების" მთავარი მწვრთნელი კრის კოულმანი და მთავარი ვარსკვლავი გარეთ ბეილი მხოლოდ ინგლისურად საუბრობენ.
"ორი წელი მეშინოდა, რომ კვლავ არ მეგრძნო საშინელი ტკივილი" - ვინ დააკლდა უელსს

"ვამაყობ იმით, რომ უელსელი ვარ. ჩვენ სულ სხვა კულტურა გვაქვს, განსაკუთრებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, საზოგადოებაში. ბევრი იცნობს ერთმანეთს. ლონდონი კი ისეთი დაკავებულია, რომ ხალხს კომუნიკაციის საშუალება არ აქვს. ის მუდამ ჩქარობს. უელსში კი შეგიძლიათ წახვიდეთ მაღაზიაში, ნახოთ ახლობელი და ოცი წუთით მოეშვათ საქმისაგან. იქ უფრო მხიარული და თბილი ატმოსფეროა", - ამბობს რემსი.

სწორედ ასეთი ღირსეული პიროვნება და დიდებული მოთამაშე აკლდა უელსის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე. აარონმა ევრო 2016-ზე ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთი გოლი შეაგდო, სწორედ ის იყო "დრაკონების" დირიჟორი, შეტევითი ფაზის მთავარი ძრავა და ბეილის ძირითადი მომმარაგაბელი. გარდა ამისა, უელსელები სწორედ რემსის მიიჩნევ ნამდვილ კაპიტნად. შესაძლოა მას ბედმა წაართვა უნიკალური შანსი ამ ევრო პირველობაზე, მაგრამ იმედია, აარონს კიდევ ექნება საკუთარი ქვეყნისათვის ისტორიის დაწერის შანსი. ის ამას ნამდვილად იმსახურებს.
მასალის გამოქვეყნების პირობები

კომენტარები (3)

Luka
/
15 ივლისი 10:39
0
Magari statiaa uelsi imsaxurebda ufro vidre portugalia ( da kide pirad mesiji ar momcerot)
giorgi bale
/
15 ივლისი 11:00
0
კაი სტატიაა
/
15 ივლისი 11:30
0
mokled mesis დაიცავით ცენზურა
გუნდი
დაწვრილებითი ცხრილი
1 #საფრანგეთი 3 7
2 #შვეიცარია 3 5
3 #ალბანეთი 3 3
4 #რუმინეთი 3 1
1 #უელსი 3 6
2 #ინგლისი 3 5
3 #სლოვაკეთი 3 4
4 #რუსეთი 3 1
1 #გერმანია 3 7
2 #პოლონეთი 3 7
3 #ჩრ.ირლანდია 3 3
4 #უკრაინა 3 0
1 #ხორვატია 3 7
2 #ესპანეთი 3 6
3 #თურქეთი 3 3
4 #ჩეხეთი 3 1
1 #იტალია 3 6
2 #ბელგია 3 6
3 #ირლანდია 3 4
4 #შვედეთი 3 1
1 #უნგრეთი 3 5
2 #ისლანდია 3 5
3 #პორტუგალია 3 3
4 #ავსტრია 3 1

ბომბარდირები

ფეხბურთელი
დაწვრილებითი სტატისტიკა
#
ა. გრიზმანი
5 4
#
გ. ბეილი
6 3
#
ა. მორატა
4 3
#
დ. პაიე
5 3
#
კ. რონალდუ
6 3

კვირის ტოპ 15