უმაღლესი ლიგის მე-14 ტური. რევიუ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უმაღლესი ლიგის მე-14 ტური. რევიუ



კვირას, 30 ნოემბერს გაიმართა უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის შეხვედრები. Goal.Ge მათ შეჯამებას გთავაზობთ. "მეტალურგმა" "სპარტაკს" ვერ მოუგო ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურში რუსთავის "მეტალურგი" საკუთარ მოედანზე ცხინვალის "სპარტაკს" დაუპირისპირდა. სანამ უშუალოდ შეხვედრაზე გადავიდოდეთ, მანამდე გეტყვით, რომ ამ თამაშამდე ორივე გუნდს სამმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. ეს დაპირისპირება კი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რაც იმაში აისახა, რომ უკვე მე-2 წუთზე რუსთაველებმა ანგარიში გახსნეს. ამის გაკეთება აჩი ცნობილაძემ მოახერხა. პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი შეიქმნა, მაგრამ განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა. მეორე ნახევარი "სპარტაკმა" უფრო აქტიურად დაიწყო და გარკვეული უპირატესობაც კი მოიპოვა. ამის მიუხედავად, ცხინვალელებმა კარში სულ ორჯერ დაარტყეს მთელი შეხვედრის განმავლობაში, რომელთაგანაც ერთ-ერთი გოლად იქცა. 86-ე წუთზე კაჭკაჭიშვილმა გაათანაბრა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს (1-1). გათამაშების ლიდერს საკუთარ მოედანზე "გურიამ" სძლია უმაღლესი ლიგის მე-14 ტურში ჩემპიონატის პირველადგილოსანმა, თბილისის “დინამომ” საკუთარ სტადიონზე ლანჩხუთის “გურია” მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრის სადაავეები საწყისი წუთებიდანვე თბილისელებმა იგდეს ხელთ. ამის მიუხედავად, ანგარიშის გახნსა “გურიამ” შეძლო პირველი ტაიმის მიწურულს: 42-ე წუთზე სტუმრები კოშკაძემ დააწინაურა. დედაქალაქურმა კლუბმა მალევე გაათანაბრა: 45-ე წუთზე შერგელაშვილმა აიღო ლანჩხუთელთა კარი. მეორე ნახევარში “დინამოსგან” უფრო გააქტიურებას მოელოდა ყველა. თუმცა, ყველაფერი პირიქით განვითარდა. უკვე 47-ე წუთზე “გურია” შეხვედრაში მეორედ გავიდა წინ. ამ შემთხვევაში მიგინეიშვილს შალამბერიძემ გაუტანა. ამის შემდეგ მასპინძელმა გუნდმა კიდევ უფრო აგრესიული გახადა შეტევები, მაგრამ გოლის გატანა ვეღარ შეძლო. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ “გურია” 11 კაცით იცავდა თავს. საბოლოოდ, დედაქალაქელებმა ეს შეხვედრა დათმეს, ანგარიშით 1-2. საგულისხმოა, რომ თავისი თამაში მოიგო “დილამ” და ახლა ჩამორჩენა მეორეადგილოსან გორულ გუნდსა და “დინამოს” შორის მხოლოდ ორ ქულას შეადგენს. [jwplayer player="1" mediaid="82162"] ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა გუნდმა ბათუმურ "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრაში ანგარიშის გახნა სტუმრებმა შეძლეს: მე-18 წუთზე პავლოვიჩს შონიამ გაუტანა. ზუსტად შვიდ წუთში "ზესტაფონელთა" მხრიდან ილურიძემ გაათანაბრა. თითქოს, ყველაფერი წესრიგში ჩადგა და "ზესტაფონი" უფრო გააძლიერებდა საკუთარ ზეწოლასა და აგრესიას, მაგრამ პირველი ტაიმის დარჩენილი დრო სულ სხვა სცენარით წარიმართა. 39-ე წუთზე ტატანაშვილმა გაიყვანა "დინამო" წინ, ხოლო 4 წუთში კი გოგიტიძემ ორბურთიანი გახადა საკუთარი გუნდის უპირატესობა. მეორე ნახევარში, ნაცვლად იმისა, რომ მასპინძლები ცოტა გამოცოცხლებულიყვნენ, საკუთარ კარში მეოთხე გოლი მიიღეს. ამჯერად, აბაშიძეზე შეკრებილი პუბლიკის დამწუხრება ბერიაშვილმა შეძლო (66 წთ). 74-ე წუთზე ხიდაშელმა ერთი გოლი გაქვითა და საბოლოო ანგარიში 2-4 დააფიქსირა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბათუმურმა გუნდმა უმაღლეს ლიგაში ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო. [jwplayer player="1" mediaid="82164"] "დილამ" "მერანსაც" მოუგო გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე "დილამ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა. სანამ უშუალოდ შეხვედრაზე გადავიდოდეთ, მანამდე გეტყვით, რომ ამ მატჩამდე გორელებს ზედიზედ სამი შეხვედრა ჰქონდათ მოგებული ეროვნულ ჩემპიონატში. საინტერესო იყო, გაგრძელდებოდა თუ არა ეს წარმატებული სერია მეგრულ გუნდთან დაპირისპირებაში, რომელიც მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. "დილამ" პირველივე შეტევა გოლად აქცია: შეხვედრის მე-6 წუთზე ერთ-ერთ მარტვილელს ფეხი დაუცდა, რის შემდეგაც ბურთი სეთურიძემ მიიღო. ამ უკანასკნელმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ახალკაცს, რომელმაც მახვილი კუთხიდან აიღო მეტოქის კარი. პირველ ტაიმში გორელებს ანგარიშის ორამდე გაზრდის შანსი კიდევ მიეცათ. კონკრეტულად, სეთურიძე წააქციეს 29-ე წუთზე "მერანის" საჯარიმოში, რასაც დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. იგი კვეკვესკირმა ვერ გამოიყენა. ამ ტაიმის მიწურულს სტუმრები უფრო გააქტიურდნენ და რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს, რომელთაგანაც აღსანიშნავია ფონიავასა და შულაიას გასროლები სომხიშვილის კარის მიმართულებით. თუმცა, ნახსენებიც და სხვა ყველა მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა. მეორე ნახევარი "მერანმა" კიდევ უფრო დიდი შემართებით დაიწყო. ამ გუნდს ახალი ძალა შეემატა შეცვლაზე შემოსული გეგეჭკორის სახით, რომელსაც გოლის გატანის ერთი-ორი რეალური შესაძლებლობა შეექმნა, თუმცა, ვერც მან მოახერხა სომხიშვილის კარის ბადის შერხევა. ასევე, აქტიურობდნენ ორბელაძე და ჩიმაკაძე. საბოლოოდ, "დილამ" მოახერხა და დარჩენილი დროის განმავლობაში კარი მშრალად შეინახა. საფინალო ანგარიში - 1-0. ასე და ამგვარად, გორელებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგეს უმაღლეს ლიგაში და, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, პირველადგილოსან "დინამოს" კიდევ უფრო მიუახლოვდნენ. [jwplayer player="1" mediaid="82166"] "ტორპედომ" მოუგებელი შეხვედრების რაოდენობა რვამდე გაზარდა ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურში "ჩელე არენაზე" ქობულეთის "შუქურამ" ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ გააგორა ბურთი. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. პირველივე წუთებში აჭარლეთა შემტევს, ჩაფიძეს ზედიზედ ორი მომენტი შეექმნა, მაგრამ მან ვერც ერთხელ ვერ იხეირა. ამას მოჰყვა ისევ "შუქურას" მოთამაშის, მეტრეველის ძლიერი დარტყმა. ამ შემთხვევაში ქუთაისელთა მეკარემ, ცაბუტაშვილმა იმარჯვა. მალე "ტორპედოც" გამოცოცხლდა და რამდენიმე მომენტი შექმნა, რომელთაგანაც აღსანიშნავია კვერნაძის დარტყმა მახვილი კუთხიდან. ამ უკანასკნელს თავითაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მან ბურთი ძალიან მცირე მანძილით ააცილა კარს. პირველ ნახევარში გოლი არ გასულა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, შეხვედრის უმთავრესი მოვლენები სწორედ აქ მოხდა. 52-ე წუთზე სტანდარტიდან ჩაწოდებული ბურთი ხოჭოლავამ გადაგზავნა კარში და "შუქურა" წინ გაიყვანა. ქუთაისელებმა 65-ე წუთზე გაათანაბრეს: მარცხენა ფლანგიდან ჩიკვილაძის ჩაწოდებული ბურთით ქობულეთელთა კარის ბადე ფიფიამ შეარხია - 1-1. შეხვედრაში გადამწყვეტი ფაქტი კი 82-ე წუთზე მოხდა, როცა "ტორპედოს" მცველების უხეში შეცდომით ტუღუში დარჩა მეკარესთან პირისპირ და "შუქურა" წინ გაიყვანა. საბოლოოდ, მატჩი 2-1 დასრულდა. აქვე გეტყვით, რომ "ტორპედომ" ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია ეროვნულ ჩემპიონატში. გარდა ამისა, მან ერთმანეთის მიყოლებით რვა შეხვედრა ვერ მოიგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა. [jwplayer player="1" mediaid="82168"] "კოლხეთმა" მოგების გემო გაიხსენა ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ფოთის "კოლხეთმა" ნომინალური მასპინძლის რანგში თბილისის "ვიტ-ჯორჯია" მიიღო. პირველმა ტაიმმა უინტერესოდ ჩაიარა. მიუხედავად რამდენიმე მომენტისა, გუნდებს გოლი არ გაუტანიათ. წინა შეხვედრის მსგავსად, თამაშის ბედი ამ შემთხვევაშიც მეორე ნახევარში გადაწყდა. ეს ტაიმი ფოთელებმა აქტიურად დაიწყეს და 54-ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს. ეს სიჭინავამ მოახერხა. ზუსტად ხუთ წუთში უპირატესობა ჯიქიამ ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ მასპინძლები ცოტა მოდუნდნენ, რაც იმაზე აისახა, რომ 65-ე წუთზე გოლი გაუშვეს. ამ მომენტში სეფიაშვილს კუხალეიშვილმა გაუტანა. "ვიტ-ჯორჯია" ბევრს ეცადა, ქულა მაინც გადაერჩინა თამაშში, მაგრამ ანგარიშის მხრივ აღარაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, "კოლხეთმა" ანგარიშით 2-1 იმარჯვა. საგულისხმოა, რომ ფოთელებმა აქამდე ბოლოს ეროვნულ ჩემპიონატში სამი თვის წინ, 26 სექტემბერს იმარჯვეს ("კოლხეთი" VS "სიონი" 1-0). "სამტრედიას" დამაჯერებელი გამარჯვება "ჩიხურას" წინააღმდეგ ტურის ცენტრალური შეხვედრა სამტრედიაში ადგილობრივ გუნდსა და "ჩიხურას" შორის გაიმართა. მატჩის პირველივე წუთებიდანვე ბურთს მასპინძლები აკონტროლებდნენ. საჩხერელებმა უკნიდან თამაშის სტილი აირჩიეს და ძირითადად კონტ-შეტევებზე გააკეთეს აქცენტი. ამან პირველ ტაიმში "ჩიხურასთვის" ის შედეგი გამოიღო, რომ ზემო იმერლებმა კარი მშრალად შეინახეს. მეორე ტაიმში "სამტრედიამ" გააძლიერა ზეწოლა და მალე ანგარიშიც გახსნა. 67-ე წუთზე გორგიაშვილმა აიღო ქვილითაიას კარი. ზუსტად თერთმეტ წუთში შეცვლაზე შემოსულმა სიხარულიამ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა კიდევ უფრო დაძაბა. მაგრამ ორწუთიან ინტერვალში (მე-80 და 82-ე წუთებზე) ასევე სათადარიგოდან შემოსულმა კერძევაძემ დუბლი შეასრულა და საჩხერლები ასე მარტივად დაადუმა. სტუმრები არ დანებდნენ. შეხვედრის ბოლოს შექმნილი მომენტებიდან აღსანიშნავია ერთ-ერთი, როცა "ჩიხურელთა" კაპიტანი, დავით ოდიკაძე ზედიზედ ორ კაცს გასცდა და შორეულ ცხრიანში შეეცადა ბურთის გადაგზავნას, თუმცა, უშედეგოდ. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და იმერულ დაპირისპირებაში "სამტრედიამ" ანგარიშით 3-1 იმარჯვა. ორი "გაჭირვებულის" უგოლო ფრე ტურის ყველაზე უინტერესო შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და "ზუგდიდი" დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს ორი გუნდი წელს საშინლად გამოიყურება და ძალიან ცუდი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს, რაზეც მათი სატურნირო მდგომარეობაც მეტყველებს. შესაბამისად, ამ კლუბების დაპირისპირებასაც ლოგიკური სცენარი ჰქონდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდმა შექმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი, თუმცა, 90 წუთის განმავლობაში ვერც ერთის რეალიზება ვერ მოხეხრდა. შესაბამისად, ეს მეტად უინეტერესო შეხვედრა ანგარიშით 0-0 დასრულდა. მოამზადა კახა ყიფიანმა, სპეციალურად GOAL.GE -სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები