საქართველო: "ჩვენ ამბიციურები ვართ და არგენტინასთან უფრო მეტჯერ უნდა შევუტიოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველო: "ჩვენ ამბიციურები ვართ და არგენტინასთან უფრო მეტჯერ უნდა შევუტიოთ"


რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალურ საიტზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის და გუნდის ლიდერების: მამუკა გორგოძის და ვიტო კოლელიშვილის საინტერესო კომენტარები განთავსდა. მილტონ ჰეიგი: "ჩემმა მორაგბეებმა ბევრი მცირე დაზიანება მიიღეს, თუმცა სერიოზული ტრავმა არავის აწუხებს. დაახლოებით 200 ბოჭვა შევასრულეთ, ტონგამ კი 50-ზე ნაკლები. რა თქმა უნდა, ამან ფიზიკურად დაგვასუსტა - დაგვღალა. შემდეგ მატჩში არგენტინასთან უფრო შემტევი სტილით უნდა ვითამაშოთ. ჩვენ უნდა შევუტიოთ და აუცილებლად გავაკეთებთ ამას. ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე 2 მატჩის (ტონგასთან და ნამიბიასთან) მოგება იყო. ერთი მოვიგეთ, ახლა კი მეორე დაგვრჩა. ასეთივე ინტენსივობით განვაგრძობთ ყველა თამაშს. შეიძლება არგენტინასთანაც მივაღწიოთ წარმატებას. რატომაც არა? ვინ იცის, რა მოხდება?!" mam აი, რას ამბობს ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ვიტო კოლელიშვილი, რომელმაც 22 ბოჭვა გააკეთა ტონგასთან მატჩში: "მწვრთნელები ფიქრობენ, თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ ჩვენი შეტევა. ჩვენც მათ დავუჯერებთ. ჩემი აზრით, არგენტინასთან მატჩის წინ რამდენიმე დეტალი გვაქვს გასაუმჯობესებელი. ტონგა დავამარცხეთ, ახლა კი უფრო მეტი სამუშაო გაგვიჩნდა. არგენტინის წინააღმდეგ საკუთარ თავში დარწმუნებულები გავალთ მინდორზე, რადგან დაგეგმილი 2 ურთულესი მატჩიდან ერთი უკვე მოგებულია." პუმებთან მატჩის წინ ჩვენი გუნდის ღირსეულმა კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ კი საერთოდ ამბიციური განცხადება გააკეთა: "არგენტინასთან შეხვედრის წინ ძალიან თავდაჯერებულები ვართ, მაგრამ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის დიდი გუნდი, რომელშიც გამოცდილი და კარგი მოთამაშეები ირიცხებიან. დარწმუნებული ვარ, მწვრთნელები გვეტყვიან რა მხრივ და როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში. მსოფლიო თასზე ძლიერად და წარმატებულად უნდა დავასრულოთ ასპარეზობა. ასეთ შემთხვევაში, რაგბი საქართველოში კიდევ უფრო პოპულარული გახდება". აღსანიშნავია, რომ კოლელიშვილზე მეტი ბოჭვა მხოლოდ მამუკა გორგოძემ შეასრულა - 27. "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მართლაც გამორჩეული იყო მინდორზე და დამსახურებულად დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მატჩის შემდეგ ახალი ზელანდია და არგენტინა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. "პუმებმა" პირველი ტაიმი 13:12 მოიგეს "ოლ ბლექსთან", თუმცა საბოლოოდ მაინც მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებმა იმარჯვეს. ის ფაქტი, რომ არგენტინამ ზელანდიას 2 ლელო დაუდო, ბევრ რამეზე მეტყველებს. რასაკვირველია, საქართველოს ნაკრებს პარასკევს (25 სექტემბერი) ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ჩვენი მომდევნო მეტოქე არგენტინაა! აქვე გთავაზობთ არგენტინისა და ახალი ზელანდიის მატჩის მიმოხილვას: https://youtu.be/b04j4n46EC4

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები