უმაღლესი ლიგა. მე-6 ტურის სიმბოლური გუნდი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უმაღლესი ლიგა. მე-6 ტურის სიმბოლური გუნდი


უმაღლესი ლიგა. მე-6 ტურის სიმბოლური გუნდი
გუშინ დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის მატჩები. აღნიშნულ ტურში 21 გოლი გავიდა. ტურის ცენტრალურ მატჩს “თენგიზ ბურჯანაძემ” უმასპინძლა, ადგილობრივმა "დილამ" უშუალო კონკურენტი, თბილისის "დინამო" დაამარცხა. საფეხბურთო საიტი GOAL.GE წარმოგიდგენთ უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის სიმბოლურ გუნდს.

მეკარე

გიორგი ნადირაძე("ცხინვალი") - კახი კაჭარავას გუნდის კაპიტანი ერთ-ერთი იყო მოედანზე, რომელმაც "ცხინვალს" 3 ქულა მოუტანა. 23 წლის მეკარემ "ტორპედოს" წინააღმდეგ რამდენიმე "აუღებელი" ბურთიც კი აიღო და ქუთათურებს მხოლოდ 1 გოლის გატანის საშუალება მისცა.

მარჯვენა მცველი

გიორგი ცერცვაძე("ცხინვალი") - უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის ბოლო შეხვედრაში "ცხინვალის" მარჯვენა ფლანგი საკმაოდ აქტიური იყო. გიორგი ცერცვაძემ 1 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა, როდესაც ნიკა კაჭარავას დუბლი გააფორმებინა.

ცენტრალური მცველი

დავით სვანიძე("სიონი") - 35 წლის ასაკში, ბოლნისელთა კაპიტანს ბომბარდირის სული ჩაუსახლდა და უკვე ზედიზედ მეორე მატჩია, "სიონისთვის" უმნიშვნელოვანესი გოლი გააქვს. "საბურთალოსთან" შეხვედრაში, როდესაც ვარლამ კილასონიას შეგრიდები 1-0 აგებდნენ, სვანიძემ მოახერხა თავური დარტყმის მეშვეობით წონასწორობის აღდგენა, რაც ბოლნისელთათვის მატჩის ბედის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ალექსანდრე კვახაძე("დილა") - თამამად შეიძლება ითქვას, რომ "დინამოსთან" დაპირისპირებაში, "დილას" ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა, მაგრამ გამოსარჩევი იყო გორელთა ვეტერანი კაპიტნის ასპარეზობა. კვახაძის და "დილას" ფეხბურთელთა წყალობით, "დინამოს" სახიფათო მომენტები თითქმის საერთოდ არ ჰქონია.

მარცხენა მცველი

გიორგი ნავალოვსკი("დილა") - მიმდინარე სეზონში "დილას" ყველაზე აქტიურ პოზიციად მარცხენა ფლანგი ითვლება, რამეთუ, გორელებისთვის ამ ფლანგიდან საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ნავალოვსკი უტევს. გამონაკლისი არც "დინამოსთან" შეხვედრა ყოფილა. 29 წლის მარცხენა მცველმა დედაქალაქელთა წინააღმდეგ საგოლე გადაცემაც გააკეთა, როდესაც ირაკლი მოდებაძეს მეორე გოლი გაატანინა.

ნახევარდაცვა

კობა შალამბერიძე("სიონი") - 30 წლის მარჯვენა ნახევარმცველი "საბურთალოს" წინააღმდეგ ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ბოლნისელთა მარჯვენა ფლანგი საკმაოდ აქტიური იყო, რაშიც შალამბერიძეს ლომის წვლილი მიუძღვის. მან გია ჭიაბრიშვილის გუნდის საჯარიმოში რამდენჯერმე ძალიან სახიფათო ჩაწოდებები განახორციელა, რამაც "საბურთალოს" დიდი პრობლემები შეუქმნა, თავისსავე საჯარიმოში. ავთანდილ ენდელაძე("სამტრედია") - იმაში, რომ "სამტრედიამ" ზუგდიდის წინააღმდეგ ქულა მოიპოვა, ავთანდილ ენდელაძეს დიდი წვლილი მიუძღვის. 21 წლის ნახევარმცველმა მეგრელთა წინააღმდეგ პირველი ტაიმის მიწურულს გოლის გატანაც მოახერხა. გიორგი ბულია("ზუგდიდი") - გია ცეცაძის გუნდის წინააღმდეგ 21 წლის შემტევი ყველაზე გამორჩეული იყო. იმერელთა წინააღმდეგ დუბლის გაფორმებაც მოახერხა და გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა.

თავდასხმა

ვილი ისიანი("სიონი") - როგორც "სიონის" ყველა ფეხბურთელი, 24 წლის თავდამსხმელიც მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაშია. "საბურთალოს" წინააღმდეგ ახალგაზრდა წინახაზელმა საკმაოდ ბევრი იმოძრავა, თბილისური გუნდის მცველებიც შეაწუხა და ბექა ქურდაძეს 2 გოლიც გამოსტყუა. ირაკლი მოდებაძე("დილა") - უკვე მერამდენედ, ირაკლი მოდებაძეა იქ, სადაც მის გუნდს სჭირდება. როგორც ყოველთვის, გამოცდილი შემტევი "დინამოსთანაც" შეუდარებელი იყო და დუბლის გაფორმებაც მოახერხა. ნიკა კაჭარავა("ცხინვალი") - 21 წლის ტანმაღალი შემტევი ბრწყინვალე ფორმაშია. მიმდინარე სეზონში, მის ანგარიშზე უკვე 6 გოლია, ხოლო ბოლო ტურში "ტორპედო" 2 გოლით დაამწუხრა.

ტურის მწვრთნელი - უჩა სოსიაშვილი("დილა")

Untitled-1

სპეციალურად GOAL.GE-სთვის, საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები