ჩემპიონთა ლიგა: ინგლისელები მოგების ძიებაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩემპიონთა ლიგა: ინგლისელები მოგების ძიებაში


ჩემპიონთა ლიგა: ინგლისელები მოგების ძიებაში
GOAL.GE უეფას ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი შეხვედრების სრულ პრევიუს გთავაზობთ. დღეს ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტური დაიხურება. გუშინდელ მატჩებში ინგლისურმა კლუბებმა ("ჩელსიმ" და "არსენალმა") მოულოდნელი მარცხები იწვნიეს. დღეს კი "მანჩესტერ სიტი" საკუთარ მოედანზე "იუვესთან" წაგებული მატჩის შემდეგ "გლადბახის" დამარცხებას გერმანიაში შეეცდება, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე "ვოლფსბურგს" მიიღებს.

A ჯგუფი

"შახტარი" - "პსჟ" გუშინ ერთმა უკრაინულმა კლუბმა - "დინამო კიევმა" გამარჯვების მოპოვება და თავის ჯგუფში გალიდერება შეძლო. საინტერესოა რა შედეგს დააფიქსირებს დონეცკის "შახტარი", რომელსაც უდავოდ არ გაუმართლა და ჯგუფში ორ ევროპულ გიგანტთან - "რეალთან" და "პსჟ"-სთან მოხვდა. "რეალთან" უკრაინელებმა ვერაფერი გააწყეს და პიველ ტურში 4:0 წააგეს. უკრაინელებისთვის "პსჟ"-სთან მატჩი რეაბილიტაციის მოხდენის მშვენიერი შანსი იქნება. თუმცა, დონეცკელების სენსაციის მოხდენა ძალიან გაუჭირდებათ. "პსჟ"-ს ახალწვეული ანხელ დი მარია მშვენივრად შეეწყო თავის ახალ კლუბს და გოლების გატანასაც უმატა. პირველ ტურში არგენტინელმა ფეხბურთელმა "მალმეს" კარის დალაშქვრა შეძლო. "პსჟ" დღევანდელ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ლორან ბლანის ყველა შეგირდი მწყობრში და სათამაშოდ სრულიად მზადაა. "შახტარს" კი დისკვალიფიკაციის გამო მხოლოდ სტეფანენკო დააკლდება. ამასთანავე კითხვის ნიშნის ქვეშაა უკრაინული კლუბის ფულბექის შევჩუკის თამაში. "მალმე" - "რეალი" "მალაგასთან" ნათამაშები ფრისა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილამდე ჩამოქვეითების შემდგომ მადრიდულ კლუბს ისღა დარჩენია რეაბილიტაცია ჩემპიონთა ლიგაზე მოახდინოს და შვედეთში ადგილობრივი "მალმე" დაბომბოს. შვედებმა აუტსაიდერის ფონზე საფრანგეთში "პსჟ"-ს წინააღმდეგ არც ისე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. ამ გუნდს სენსაციის მოხდენის ძალა კი შესწევს, მაგრამ რალურად ამის წარმოდგენა ძალიან რთულია. "რეალი" დღევანდელი მატჩის გამოკვეთილი ფავორიტია და თუ რამე სასწაული არ მოხდა "სამეფო კლუბი" თავის აქტივში ზედიზედ მე-2 3 ქულას ჩაიწერს.

B ჯგუფი

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვოლფსბურგი" დღეს "ოლდ ტრაფორდზე" დინამიურ და სანახაობრივ ფეხბურთს უნდა ველოდეთ. "მანჩესტერიც" და "ვოლფსბურგიც" შეტევაზე ორიენტურებულ, სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, ასე რომ, "ოლდ ტრაფორდის" მაყურებელი დღეს არ მოიწყენს. "მანჩესტერმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "პსვ"-სთან მინიმალური სხვაობით (2:1) წააგო, ხოლო "ვოლფსბურგმა" საკუთარ მოედანზე "ცსკას" სძლია (1:0) და თავის აქტივში 3 ქულა ჩიაწერა. გერმანელებისთვის დღევანდელ შეხვედრაში ქულის აღება ძალიან მნიშვნელოვანია. "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ-ლიგაში მოგებების სერია დაიწყო და ინგლისის ჩემპიონატის ლიდერი გახდა. "ეშმაკები" ყვეალფერს გააკეთებენ, რომ ეპლ-ში მიღწეული წარმატებებით მიღებული მუხტი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებზეც გადაიტანონ და უშუალო კონკურენი "ვოლფსბურგი" დაამარცხონ. "ემიუს" გამარჯვების მოპოვება ლუკ შოუს და მაიკლ კერიკის გარეშე მოუწევს. მცირე ტრავმები აქვთ მარკოს როხოს, ანტონიო ვალენსიას და ანდერ ერერასაც. "ვოლფსბურგს" ტრავმის გამო ისეთი მოთამაშეები არ ეყოლება, როგორებიც არიან: ლუის გუსტავო, ვიერინჰა, ნოჩე და კასტელსი. "ცსკა" - "პსვ" რუსული "ცსკა" "ზენიტისგან" განსხვავებით ევროტურნირზე წარმატების მიღწევას ვერაფრით ახერხებს. პირველ ტურში "არმიელებმა" "ვოლფსბურგს" საკმაოდ კარგი დაცვითი თამაში დაუპირისპირეს, თუმცა მინიმალური ანგარიშით (1:0) მაინც დამარცხდნენ. დღეს მოსკოველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა თავიანთ კედლებში გულშემატკივრები გაახარონ და ევროტურნირზე პირველი ქულების აღება შეძლონ. "პსვ"-მ პირველ ტურში ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი "მანჩესტერ იუნატეიდი" დაამარცხა (2:1). დღევანდელ მატჩში მოპოვებული სამი ქულა "პსვ"-ს ჯგუფში ერთპიროვნულად გაალიდერებს (თუ "ვოლფბურგი" სტუმრად "ემიუს" ვერ მოუგებს). თუმცა, სტუმრად რუსეთში თამაში ყველა გუნდისთვის რთულია.

C ჯგუფი

"ასტანა" - "გალათასარაი" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ორივე გუნდმა ერთნაირი ანგარიშით (2:0) წააგო. "ასტანას" მეტოქე პორტუგალიური "ბენფიკა" იყო, ხოლო "გალათასარაი" მადრიდის "ატლეტიკოს" უპირისპირდებოდა. თურქული კლუბი საკუთარ კედლებში მარცხის შემდეგ სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას და ჯგუფის აუტსაიდერის დამარცხებას მაქსიმალურად შეეცდება, ხოლო "ასტანას" მიზანი ქულების დაგროვება და ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზურის მოპოვებაა. ყაზახები თავინთ მოედანზე კარგად თამაშობენ. ბოლო 20 საშინაო შეხვედრიდან "ასტანამ" მარცხი მხოლოდ ერთხელ იწვნია. "ატლეტიკო" - "ბენფიკა" უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მადრიდის "ატლეტიკო" საკუთარ არენაზე პორტუგალიურ "ბენფიკას" მიიღებს. სწორედ ეს ორი კლუბი მოიაზრება C ჯგუფში მთავარ ფავორიტად, ამიტომაც მათ ურთიერთშეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ ტურში ორივე გუნდმა შეძლო თავის აქტივში პირველი 3-3 ქულის ჩაწერა. შიდა ჩემპიონატში სახარბიელო მდგომარეობა არცერთ გუნდს არ აქვს. "ბენფიკამ" გამოკვეთილ კონკურენტთან "პორტოსთან" მინიმალური ანგარიშით (1:0) წააგო და მე-3 ადგილამდე დაქვეითდა, ხოლო "ატლეტიკო" ესპანეთის ჩემპიონატში "ვილიარეალთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩა (მე-5 ადგილი 12 ქულით). ამ წყვილში დანაკლისი მხოლოდ "ატლეტიკოს" ექნება. მადრიდელთა დახმარებას ტრავმირებული კოკე და ოლივერ ტორესი ვერ შეძლებენ.

D ჯგუფი

"გლადბახი" - "მანჩესტერ სიტი" "ქალაქელები" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე პირველი გამარჯვების ძიებაშია რიან. პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "იუვენტუსთან" დასანანი მარცხის შემდეგ (1:2) პელეგრინის გუნდი "გლადბახთან" რეაბილიტაციის მოხდენას და აქტივში პირველი ქულების ჩაწერას შეეცდება. "სიტიმ" პრემიერ-ლიგის გასულ ორ ტურში ორი მარცხი იწვნია და ლიდერობა თანაქალაქელ "იუნაიტედს" ჩააბარა. ასეა თუ ისე, "ქალაქელებს" თავიანთი გულშემატკივრების თვალში რეპუტაციის აღდგენა მართებს. "იუვენტუსი" - "სევილია" საინტერსო მატჩი გაიმართება ტურინში, სადაც ადგილობრივი "იუვენტუსი" ანდალუზიურ "სევილიას" უმასპინძლებს. ორივე გუნდმა პირვლე ტურში 3-3 ქულის აღება შეძლო. დღევანდელი შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვებული სატურნირო ცხრილში გალიდერებას შეძლებს. "სევილიაც" და "იუვენტუსიც" შიდა ჩემპიონატში ძალიან სუსტ თამაშს აჩვენებენ. ანდალუზიელები 6 ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში მე-16 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ტურინის "იუვენტუსი" ამდენივე ტურის შემდეგ სერია ა-ში მე-15 ადგილზეა. "სევილიამ" ლა ლიგაში პირველი გამარჯვების მოპოვება მე-6 ტურში "რაიო ვალეკანოსთან" გამართულ დრამატულ ბრძოლაში მოახერხა (3:2). რაც შეეხება დანაკლის, "იუვენტუსს" დღეს მანჯუკიჩი, ასამოა, სტურარო, ლიხშტაინერი და არ ეყოლება. "სევილიას" კი ტრავმის გამო ისეთი მოთამაშეები ვერ დაეხმარებიან, როგორებიც არიან: პარეხა, რამი, ბანეგა, კარიცო და ბეტო. მომზადებულია სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები