მადრიდული დერბის წინ: "ატლეტიკო" - "რეალი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მადრიდული დერბის წინ: "ატლეტიკო" - "რეალი"


დღეს ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ნამდვილი ზეიმია. ევროპულ სარბიელზე ბევრი ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება. "რეალს" მადრიდულ დერბიში ბოლო 9 მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვს. ბოლო წლებში "სამეფო კლუბის" ყველაზე მრისხანე მეტოქედ "ბარსასთან" ერთად "ატლეტიკოც" იქცა. ბენიტესის გუნდი დღეს "ატლეტიკოსთან" ამ საშინელი სტატისტიკის გამოსწორებას და გამარჯვების მოპოვებას მაქსიმალურად შეეცდება. GOAL.GE მადრიდული დერბის სრულ პრევიუს გთავაზობთ. "ატლეტიკო" - "რეალი" (დასაწყისი - 23:00, სტადიონი - "ვისენტე კალდერონი", მსაჯი - ალბერტო უნდიანო) მადრიდული დერბი - ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. ამ შეხვედრას ინტრიგა ისედაც არ აკლია, მაგრამ ის ფაქტი, რომ "რეალი" ბოლო წლებში სიმეონეს გუნდის ერთ-ერთ მარტივ მეტოქედ იქცა, დღევანდელ შეხვედრას ინტრიგას უორმაგებს. ბოლო მადრიდულ დერბიში "რეალმა" მინიმალური ანგარიშით (1:0) იმარჯვა. მიუხედავად ამისა, ბოლო 6 ურთიერთშეხვედრაში "ატლეტიკომ" მატჩების 50% მოიგო. სიმეონეს გუნდი ბოლო მადრიდულ დერბიში მარცხის გამო რეაბილიტაციის მოხდენას შეეცდება, ხოლო ბენიტესის გუნდის მთავარი მიზანი ურთიერთშეხვედრებში გაუარესებული სტატისტიკის გამოსწორება იქნება. "რეალი" კარგ ფორმაში ჩადგა. ბენიტესის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე 2-ივე შეხვედრა მოიგო და თამაშის ხარისხი საგრძნობლად გამოასწორა. ლა ლიგაში "სამეფო კლუბი" მე-4 ადგილზე იმყოფება, თუმცა, გამარჯვების შემთხვევაში "სევილიასთან" დამარცხებულ "ბარსელონას" (2:1) გადაასწრებს. ამასთან, "რეალი" "ატლეტიკოსთან" ქულათა უპირატესობას 4 ქულამდე გაზრდის. ასე რომ, დღევანდელ მატჩს ორივე გუნდის სატურნირო მდგომარეობისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. "ატლეტიკომ" ლა ლიგაში "ვილიარეალთან" მარცხის შემდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბენფიკასთან" საკუთარ მოედანზეც მარცხი იწნვია. სიმეონეს გუნდს ჩავარდნა აქვს. დღევანდელი მადრიდული დერბი "ატლეტიკოსთვის" რეაბილიტაციის მოხდენის მშვენიერი შანსი იქნება. ის ფაქტი, რომ დღეს "რეალს" შესაძლოა ძირითადის რამდენიმე მოთამაშე დააკლდეს, "ატლეტიკოს" წისქვილზე წყალს ასხამს. ბენიტესის გუნდს ტრავმის გამო პეპე დააკლდება, კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება სერხიო რამოსის, გარეტ ბეილის, ხამეს როდრიგესის და დანილოს თამაშიც. ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მოთამაშეს მიკროტრავმები აქვთ. ხამესის და ბეილის არყოფნაში "რეალის" ძირითად შემადგენლობაში ისკო და კოვაჩიჩი გვევლინება. ეს უკანასკნელი თავისზე დაკისრებულ იმედებს, ჯერჯერობით, ვერ ამართლებს. "რეალში" ყველაზე დაბალი საშუალო შეფასება სწორედ მატეო კოვაჩიჩს აქვს - 6.51 (Whoscored.Com). დანაკლისი "ატლეტიკოსაც" აქვს. სიმეონეს გუნდისთვის კოკე იქნება ხელმიუწვდომელი. საინტერესო ფაქტები: • მადრიდის "რეალი" "ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკოს" დამარცხებას ზედიზედ 5 მატჩია, ვერ ახერხებს (3 წაგება, 2 ფრე). • "რეალი" "ვისენტე კალდერონზე" არა თუ მოგებას, არამედ გოლების გატანასაც ვერ ახერხებს. ბოლო 4 გასვლით შეხვედრაში "სამეფო კლუბმა" "ატლეტიკოს" კარის დალაშქვრა ვერც ერთხელ ვერ მოახერხა. • დიეგო სიმეონეს გუნდს 6 შეხვედრაში ორი წაგება აქვს. ეს ლა ლიგაში სიმეონეს ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი "ატლეტიკოსთვის" ყველაზე ცუდი შედეგია. • "ატლეტიკო" არის გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (3). • უკვე ზედიზედ 7 მატჩია, "ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკო" მადრიდულ დერბის გოლის გარეშე არ ტოვებს. სავარაუდო შემადგენლობები: "ატლეტიკო": ობლაკი, ლუისი, გოდინი, ხიმენესი, ხუანფრანი, ნიგეზი, გაბი, ტიაგო, ოლივერ ტორესი, გრიზმანი, ფერნანდო ტორესი "რეალი": კეილორ ნავასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი, კოვაჩიჩი, ისკო, რონალდო, ბენზემა მომზადებულია სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები