კაჭარავა: "დარწმუნებული ვარ, ესპანეთის დამარცხებას შევძლებთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაჭარავა: "დარწმუნებული ვარ, ესპანეთის დამარცხებას შევძლებთ"


უმაღლესი ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, "მიხეილ მესხის" სათადარიგო სტადიონზე ადგილობრივმა "ცხინვალმა" ფოთის "კოლხეთი" 5-1 გაანადგურა. მატჩის შემდეგ GOAL.GE-მ შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ნიკა კაჭარავა ჩაწერა. - პირველ რიგში, გილოცავ გამარჯვებას. შეაფასე გუშინდელი მატჩი. - თამაშს რაც შეეხება, ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდებოდა და კარგია, რომ სწრაფი გოლი გავიტანეთ. ამის შემდეგ დაპირისპირების სადავეები ხელთ ვიგდეთ და "კოლხეთის" კაცნაკლული დარჩენა ბურთის კონტროლში ძალიან დაგვეხმარა. ბურთის კონტროლმა ჩვენი შეტევები გამოიწვია, რასაც გოლები მოჰყვა. რაც შეეხება გოლებს, ერთის გარდა, ყველა სტანდარტული მდგომარეობიდან გავიდა. მოთამაშეები შედეგზე ვფიქრობთ, რამაც 3 ქულა მოგვიტანა. -უკვე 8 გოლი გაქვს, გაგაქვს და გაგაქვს. რა არის შენი პირადი მიზანი მიმდინარე სეზონისთვის? - როგორც ყველა ფეხბურთელის, ასევე, ჩემი მიზანიც "ცხინვალის" ჩემპიონობაა. ბომბარდირობაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის კლუბია. - ევროპაში სანაკრებო პაუზა იწყება. საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს ურთულესი მატჩი აქვს ესპანეთის წინააღმდეგ. - ყველამ იცის, რა ძალას წარმოადგენს ესპანეთის ნაკრები და რა დონის ფეხბურთელებითაა მათი გუნდი დაკომპლექტებული. ჩემი აზრით, 21 წლამდელთა ფეხბურთში ესპანეთს საუკეთესო ნაკრები ჰყავს. ჩვენთვის ეს შეხვედრა დიდი გამოცდა იქნება. მთელი თამაშის განმავლობაში კონცენტრირებულნი ვიქნებით და ჩვენს შანსს დაველოდებით. დარწმუნებული ვარ, ესპანეთის დამარცხებას შევძლებთ, თანაც სახლში ვთამაშობთ და გულშემატკივრის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს.

სპეციალურად GOAL.GE-სთვის, საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები