უმაღლესი ლიგა. მე-7 ტურის სიმბოლური გუნდი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უმაღლესი ლიგა. მე-7 ტურის სიმბოლური გუნდი


გუშინ დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-7 ტურის მატჩები. აღნიშნულ ტურში 22 გოლი გავიდა. ცენტრალურ მატჩს "ეროსი მანჯგალაძემ" უმასპინძლა, სადაც მაყურებელმა ნამდვილი სანახაობა იხილა. "სამტრედიამ" "დილა" 5 უპასუხო გოლით დაამარცხა. გადაიდო 1 მატჩი. გურიაში მომხდარი უბედურების გამო, "გურიასა" და "ზუგდიდს" შორის გასამართი მატჩი 10 ოქტომბერს გაიმართება. საფეხბურთო საიტი GOAL.GE წარმოგიდგენთ უმაღლესი ლიგის მე-7 ტურის სიმბოლურ გუნდს. ალექსანდრე გიორგაძე("საპოვნელა") - მიმდინარე სეზონში იმერულმა გუნდმა პირველი 3 ქულა მოიპოვა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის კარის დარაჯს, ალექსანდრე გიორგაძეს. მან "ლოკომოტივის" წინააღმდეგ რამდენიმე კარგი სეივი განახორციელა და თბილისურ გუნდს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. ზვიად ლობჟანიძე("ცხინვალი") - შიდა ქართლურმა გუნდმა ძალიან საჭირო 3 ქულა მოიპოვა "კოლხეთის" წინააღმდეგ და პირველადგილოსან გუნდთან 3 ქულიანი სხვაობა დაიტოვა. ერთ-ერთი გამორჩეული იყო მასპინძელთა მცველი, ზვიად ლობჟანიძე, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში გოლის გატანაც მოახერხა. რენე ფერეირა("დინამო") - სეხნიურ დერბიში ერთ-ერთი გამორჩეული იყო დედაქალაქელთა ბრაზილიელი ლეგიონერი რენე ფერეირა, რომელმაც ზღვისპირულ გუნდს თბილისელთა კარში ხშირად სახიფათოდ დარტყმის საშუალება არ მისცა. მან რამდენიმე ბრწყინვალე ჩასრიალებაც განახორციელა, გადაცემებსაც არიგებდა მეტოქის ნახევარზე და საჰაერო ორთაბრძოლების უმეტესობაც მოიგო. ნიკა სანდოხაძე("სამტრედია") - იმერელთა 21 წლის მცველი გორელთა წინააღმდეგ საკმაოდ საიმედო იყო. მან ტაიმის მიწურულს გოლის გატანაც მოახერხა და "დილა" გასახდელში დამწუხრებული გაუშვა. ლაშა ჩიკვაიძე("ჩიხურა") - რიონისპირელთა წინააღმდეგ "ჩიხურას" მარცხენა ფლანგი საკმაოდ აქტიური იყო, რაც ჩიკვაიძის დიდი დამსახურებაა. ამასთანავე, 26 წლის მარცხენა მცველმა ულამაზესი საჯარიმო გოლი გაიტანა. დავით მაისაშვილი("ცხინვალი") - ზღვისპირელთა წინააღმდეგ "ცხინვალიდან" თავის წარმოჩენა 26 წლის ნახევარმცველმაც შეძლო, რომელმაც "კოლხეთს" საწყის, მე-10 წუთზე სწრაფი ბურთი გაუტანა და კახი კაჭარავას გუნდს თამაშის წარმართვა გაუადვილა. მათე ცინცაძე("დინამო") - დედაქალაქელთა კაპიტანმა ბათუმის წინააღმდეგ ძალიან ბევრი სახიფათო შეტევა ჩაშალა, მოედნის ცენტრში იდგა და სიტუაციას განაგებდა. არიგებდა პასებს და იწყებდა "დინამო თბილისის" ახალ შეტევებს. ავთო ენდელაძე("სამტრედია") - მე-6 ტურის პირველადგილოსნის დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა 21 წლის ნახევარმცველმა, ავთო ენდელაძემ. კარგი თამაშის ხარჯზე იმერელთა ფეხბურთელმა დუბლის გაფორმებაც მოახერხა. ოთარ კიტეიშვილი("დინამო") - 19 წლის ნახევარმცველის წყალობით, მე-7 ტურის შემდეგ, გათამაშების ცხრილს კვლავ თბილისის "დინამო" უდგას სათავეში. კიტეიშვილის ერთადერთი გოლის ხარჯზე გია გეგუჩაძის შეგირდებმა ბათუმის "დინამო" დაამარცხეს. ნიკა კაჭარავა("ცხინვალი") - ტანმაღალი ფორვარდი უკვე მერამდენე მატჩია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. ამჟამად, უმაღლესი ლიგის გათამაშების ბომბარდირთა დავას 8 გოლით სათავეში უდგას. 21 წლის თავდამსხმელმა, ზაზა ინაშვილის შეგირდებს 2 გოლი გაუტანა. დიმიტრი ტატანაშვილი("სიონი") - მერამდენე ტურია, ბოლნისური გუნდი პუბლიკის გაოცებას აგრძელებს. ამჟამად, "თამაზ სტეფანიას" ბინადრებმა მარტვილის "მერანი" დაამარცხეს, რაშიც ლომის წილი დიმიტრი ტატანაშვილმა დუბლით დაიდო. გათამაშების ცხრილში ვარლამ კილასონიას შეგირდები მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან.

ტურის მწვრთნელი - გია ცეცაძე("სამტრედია")

Untitled-1

სპეციალურად GOAL.GE-სთვის, საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები