"არისტოკრატთა" კრიზისი: რა ბედი ეწევა მოუს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"არისტოკრატთა" კრიზისი: რა ბედი ეწევა მოუს?


რთულია „ჩელსის“ ისტორიული გრანდი ვუწოდოთ, მაგრამ კლუბის დღევანდელი ფინანსური თუ ფიზიკური (შემადგენლობა) მდგომარეობა გუნდისგან მაქსიმუმს მოითხოვს. პრემიერლიგაში უკვე რამდენიმე წელია „ჩემპიონთა ლიგაზე“ წარუმატებლობა ტრადიციად დამკვიდრდა, გასულ სეზონში ეს ტრადიცია არც ლონდონურ „ჩელსის“ დაურღვევია და გათამაშებას 1/8 ფინალიდან გამოეთიშა, თუმცა ინგლისის პრემიერლიგაში ქვა ქვაზე არ დაუტოვებია და 87 ქულით გათამაშების უპირობო ლიდერი გახდა. ერთი შეხედვით, წარმოუდგენელიც კი არის რომ გუნდი, რომელიც გასულ სეზონში პრემიერლიგაში დაუცხრობელი მონსტრი იყო, წელს იგივე პრემიერლიგის აუთსაიდერებთან ანიავებს ქულებს, თანაც იმ ფონზე, რომ არც სამწვრთნელო შტაბში და არც შემადგენლობაში ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა. „ჩელსის“ კრიზისი რომ აქვს, თვით ჟოზე მოურინიომაც არაერთხელ აღნიშნა და თქვა, რომ ასეთი ცუდი პერიოდი თავის სამწვრთნელო კარიერაში არასდროს ჰქონია, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებალია და ეს გამოცდილებაც საჭიროა ჩემი დონის მწვრთნელისთვისო. ეს ყველაფერი შაბათ საღამომდე... შაბათ საღამოს „საუთჰემპტონთან“ საშინაო მარცხის შემდეგ კი ყველაფერს ხაზი გადაესვა და მოუსაც აშკარად დაეტყო უკმაყოფილება და შიში. მოარული ხმები არც „საუთჰემპტონთან“ მატჩამდე აგულიანებდნენ ჟოზეს, მაგრამ „წმინდანებთან“ მარცხის შემდეგ მისი პოსტიდან განთავისუფლების საკითხი, ყველაზე თუ არა, ერთ–ერთი აქტუალური თემა გახდა. ზემოთ ნახსენები ინიციატივა (მოუს გათავისუფლება) „ჩელსის“ გულშემატკივრებშიც აგორდა და ფართო მასშტაბებში გადაიზარდა. პორტგუალიელმა სპეციალისტმა აღნიშნულ თემებზე მედიასთან ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ჟოზეს მონოლოგიდან: „არ არსებობს შანსი იმისა, რომ მე გადავდგე. რატომ ? იმიტომ ,რომ „ჩელსის“ ჩემზე უკეთესი მწვრთნელი ვერ ეყოლება, ამიტომაც მე არ გავიქცევი. რატომ არ გავიქცევი? პირველ რიგში იმიტომ, რომ მე მაქვს საკუთარი პროფესიული პრინციპები და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. მეორე რიგში, იმიტომ, რომ ეს კლუბი ძალიან მიყვარს, ამიტომ ყველანაირ სიტუაციას ვითვალისწინებ და კლუბისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას ვიღებ, კლუბისთვის სასიკეთო კი ჩემი დარჩენაა. როდესაც შარშან ჩემპიონი გავხდი, ვთქვი, რომ იქამდე დავრჩებოდი, სანამ კლუბის ხელმძღვანელები არ გამიშვებდნენ, რომ არც ერთ კლუბს და არანაირ ფინანსურ შემოთავაზებას არ შეეძლო ჩემი გადაბირება.ეხლა კი, როდესაც „ჩელსი“ სატურნირო ცხრილის მე–16 ადგილზე იმყოფება, არ ვაპირებ გუნდის ამ გასაჭირში მიტოვებას, გამორიცხულია“. „ვთქვი, რომ საკუთარი ნებით პოსტს არ დავტოვებდი, ხოლო, თუ კლუბის მფლობელები გამათავისუფლებენ, ისინი ამ ქმედებით საუკეთესო მწვრთნელს დაკარგავენ, ვინც კი ოდესმე ჰყოლიათ.ვიცი, რომ კლუბი კრიზისშია და ვიცი, რომ ეს ჩემი ბრალიცაა, მაგრამ ახლა დროა ყველამ საკუთარი პასუხიმსგებლობა გავაცნობიეროთ და ერთად დავდგეთ „ჩელსის“ კრიზისიდან გამოყვანისთვის.“ როგორც ჩანს, მოურინიოს ამ მეტად ემოციურმა საუბარმა კლუბის მესვეურებზეც იმოქმედა, კლუბის ხელმძღვანელობა ჟოზე მოურინიოს საჯაროდ უცხადებს „სრულ მხარდაჭერას“, მიუხედავად იმისა, რომ „არისტოკრატებმა“ გასული 8 პრემიერლიგური ტურიდან მხოლოდ 2–ში მიაღწია საწადელს. „ჩელსის“ ოფიციალური განცხადება: „კლუბს სურს, რომ არსებული სიტუაციის მიმართ ჩვენი პოზიცია საჯარო გახდეს, გვინდა, ყველამ იცოდეს, რომ ჟოზე მოურინიოს ჩვენი სრული მხარდაჭერა გააჩნია“ „როგორც თითონ ჟოზემ თქვა, ნაჩვენები შედეგები მიზერულია, და სათამაშო ხარისხიც გასაუმჯობესებელია.რაც არ უნდა იყოს, ჩვენ გვჯერა რომ მწვრთნელი ყველაფერს გაუმკლავდება და სეზონს ჩვენ სასიკეთოდ შემოატრიალებს“ რთულია იწინასწარმეტყველო, თუ რა ბედი ეწევა „ჩელსის“, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, ეს გუნდის ჩვეულებრივი ჩავარდნაა და „ჩელსი“ სულ მალე დაუბრუნდება მოწინავე პოზიციებს, როგორც პრემიერლიგაში, ისე - ჩემპიონთა ლიგაზე.

 დიმა კუტუბიძე, სპეციალურად GOAL.GE -სთვის.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები