ცხადაძე: "შეტევაში თავქუდმოგლეჯილი გაქცევას არ ვაპირებთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ცხადაძე: "შეტევაში თავქუდმოგლეჯილი გაქცევას არ ვაპირებთ"


8 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე, "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მატჩის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ცხადაძემ პრეს-კონფერენცია გამართა, რომელსაც GOAL.GE უცვლელად გთავაზობთ. "მოგესალმებით. იცით, რომ შემადგენლობაში პრობლემებია, კერძოდ ანანიძის, ყენიასა და დაუშვილის სახით, თუმცა ვთვლი, რომ შემადგენლობა ოპტიმალურია, იქედან გამომდინარე, რა რესურსიც ჩვენ გვაქვს, ამიტომ ხვალინდელი თამაში მნიშვნელოვანი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გიბრალტარი ბოლო ადგილზეა ბევრ გოლს უშვებს, ფეხბურთელებმა იციან მათ წინააღმდეგ რა უნდა გააკეთოს, ქაოსი არ უნდა იყოს. შეტევაში თავქუდმოგლეჯილი გაქცევას არ ვაპირებთ, ყველაფერი თანმიმდევრულად. ჩვენთვის ხვალინდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, შედეგობრივად. ვთქვი, რომ შეიძლება სქემის შეცვლა. თავიდანვე აღვნიშნე, რომ ერთი შემტევით მეტი იქნება მინდორზე. 2 სქემაზე ვმუშაობთ, შეგვეძლება თამაშის მიმდინარეობისას ტაქტიკის შეცვლას. რაც შეეხება ლევან კობიაშვილს, ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. მნიშვნელოვანია, ის წარმატებული პრეზიდენტი იყოს, ჩვენი ნაკრებისთვის და ეროვნული ჩემპიონატისთვის. როდესაც ნაკრები წარმატებულია, ის ქვეყანაც წარმატებულია. ამიტომ ამისთვის ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ. ის 2 დღეა გახდა პრეზიდენტი, გლობალურ თემებზე ვერ ვისაუბრებდით, მაგრამ გასაუბრება გვქონდა. მანაც აღნიშნა, რომ ეს 2 მატჩი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ მომავალ წელზე, ნოემბრის მატჩებზეც. სასიხარულო და მნიშვნელოვანია ჭანტურიას თამაში ჩვენთვის და იმედია, რომ ასე გააგრძელებს, თუმცა ფაქტია, რომ ის 1 კვირაა მუშაობს გუნდთან ერთად. მასში კიდევ ერთხელ დავინახეთ პოტენციალი. ასეთი ფეხბურთელები ნაკრებისთვის ძალიან მნიშნელოვანი და საჭიროა. გამიხარდა, რომ გიორგი გერმანიაში მოხვდა. თუ ის საწვრთნელ პროცესს მხარს აუბამს, ძალიან სერიოზული ფეხბურთელი და სტაბილური ფეხბურთელი დადგება. ეს თავად ძალიან კარგად იცის. დარწმუნებული ვარ, შემდგომში ძალიან გამოადგება ეროვნულ ნაკრებს. ინფორმაცია გიბრალტარის შესახებ ძალიან ბევრია, ამიტომ არანაირი პრობლემა არ იყო მათ შესწავლაში. თავიდანვე აღვნიშნე, რომ მათ მიმართ პატივისცემით ვართ განწყობილი და სერიოზულად ვემზადებით აღნიშნული მატჩისთვის. ბაჩანა ცხადაძე და ნიკოლოზ გელაშვილი დიდი ხანია ეროვნული ნაკრების წევრები არიან და ამ კრიტერიუმით შევარჩიე ისინი. ჩვენ დღეს გადავწყვიტავთ, ვინ დაიცავს ხვალ საქართველოს ნაკრების კარს: გიორგი მაკარიძე, გიორგი ლორია თუ ნუკრი რევიშვილი. კაკაბაძე ემზადება ხვალინდელი მატჩისთვის, ჩვენ ვამზადებთ ყველა ფეხბურთელს, რა თქმა უნდა, პირადად გადაწყვეტილი მაქვს შემადგენლობა, მაგრამ დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ფაქტიურად ვცდილობ, ახალი ფეხბურთელები არ გამომჩნენ. ბევრი მოთამაშეა ისეთი, რომელიც უცხოეთში კარგად თამაშობს, თუ ისინი ეროვნული გუნდის კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ, ნაკრების კარი მათთვის ყოველთვის ღია იქნება. გუგა ფალავანდიშვილი ხვალ ჯანო ანანიძის შემცვლელად მოიაზრება. პირველივე დღიდან ვცდილობ ავუხსნა ყველას, რომ ვინც ნაკრებში მყავს გამოძახებული, ყველა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. ამიტომაც, ყველანაირი შანსია, მან ხვალ ითამაშოს".

საბა საპანაძე, GOAL.GE


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები