რატომ ვეღარ ზრდის "ლა მასია" ვარსკვლავებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რატომ ვეღარ ზრდის "ლა მასია" ვარსკვლავებს?


მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული ბავშვთა საფეხბურთო სკოლა „ლა მასია“ უკვე დიდი ხანია, რაც „ბარსელონას“ სასტარტო თერთმეტეულის ფეხბურთელებით ვერ უზრუნველყოფს. რამდენიმე წლის წინ, ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ იმ საფეხბურთო სკოლის ჩავარდნაზე ვისაუბრებდით, რომელმაც „ბარსელონას“ მესი, ჩავი, ინიესტა, პუიოლი და სხვა უამრავი ლეგენდა გაუზარდა. უკანასკნელად, „ბლაუგრანამ“ „ლა მასიას“ „პროდუქტით“ 2008 წელს „ისარგებლა“.სწორედ 7 წლის წინ, როდესაც გუნდს სათავეში პეპ გუარდიოლა ედგა, „ბარსელონას“ პირველ გუნდში ჩაირიცხა სერხიო ბუსკეტსი და პედრო როდრიგესი – ფეხბურთელები, რომლებიც მალევე იქცნენ „ბარსას“ მამოძრავებელ ძალად და კლუბთან ერთად გატარებულ 6 სეზონში 3ჯერ ლა ლიგისა და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლეს. აქვე უნდა ითქვას, რომ „ბარსელონას“ „ოქროს ხანის“ მთავარი გმირები სწორედ „ლა მასიის“ აღზრდილები არიან: მეკარე ვიქტორ ვალდესი, კაპიტანი და დაცვის ბურჯი კარლეს პუიოლი, ხერარდ პიკე, ნახევარმცველები ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი და მოგვიანებით ცესკ ფაბრეგასი, თავდამსხმელები პედრო და, რა თქმა უნდა, მესი.კატალონიურმა აღსაზრდელმა „ბარსას“ პუიოლის, ჩავი – ინიესტასა და ლეო მესის სახით მსოფლიოში საუკეთესო მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი გაუზარდა. ახლანდელი მიმდინარეობით, „ბარსელონას“ ძირითად გუნდში „ლა მასიას“ მხოლოდ 2 ახალგაზრდა აღსაზრდელი ირიცხება, მარკ ბარტრა და სერხი რობერტო, მაგრამ ისინი „ლურჯ–ბროწეულისფერთა“ ოპტიმალურ ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრებიან.სერხი რობერტო ნახევარმცველია, რომელსაც მარჯვენა მცველად თამაშიც შეუძლია.იანვრიდან, როდესაც ზაფხულში შეძენილ ალეიშ ვიდალს მინდორზე „ბარსას“ მაისურით გასვლა შეეძლება, სერხი რობერტოს სათამაშო დრო პრაქტიკულად 0–ს გაუტოლდება.მარკ ბარტრა პიკეს, მასკერანოს, მატიესა და ვერმალენის შემდეგ რიგით მეხუთე ცენტრალურ მცველად მოიაზრება შემადგენლობაში.“სან მამესზე“ ესპანეთის სუპერთასის ბილბაოს „ატლეტიკთან“ 4–0 მარცხისას დაშვებულმა ძალიან უხეშმა შეცდომებმა ესპანელ ბარტრას წყალი პირამდე შეუყენა. Barcelona's captain Carles Puyol celebra ამავდროულად, რთულია ვთქვათ, რომ სერხი რობერტო და მარკ ბარტრა მომავლის „ბარსელონელები“ არიან. სერხი რობერტოს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად დანი ალვესისა და ალეიშ ვიდალის ბარიერის გადალახვა მოუწევს, რაც უკვე ზღაპრულ სამყაროს წარმოადგენს.ხოლო მარკ ბარტრას კონკურენციის გაწევა ხავიერ მაშერანოსა და ხერარ პიკესთვის მოუწევს. სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობიდან გამომდინარე, სერხი რობერტო და მარკ ბარტრა „ბარსელონას“ რიგებში ნაკლებად განვითარდებიან. ყველაფერთან ერთად, არც მათი ასაკი არ უნდა დაგვავიწყდეს, სერხი რობერტოს უკვე 23 წელი შეუსრულდა, ბარტრას კი 24. FC Barcelona v AC Milan - UEFA Champions League Quarter Final ალბათ, „ლა მასიას“ პროსპექტის ხელის შემშლელი მთავარი ფაქტორი სწორედ უთამაშებლობაა, 18–19 წლის ფეხბურთელებისთვის შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენს ძირითადი შემადგენლობიდან მესის, ინიესტას, პიკესა და სხვა ვარსკვლავების ამოგდება. გავავლოთ პარალელი, სერხიო ბუსკეტსს ძირითადის ადგილი მაშინ გაუთავისუფლდა, როდესაც იაია ტურე „ბარსადან“ „სიტიში“ გადაბარგდა, ხოლო პედრო მაშინ გამოჩნდა, როდესაც კატალონია ტიერი ანრიმ დატოვა. გუარდიოლას 4-წლიანი მმართველობის განმავლობაში თავის გამოჩენის შანსი ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცა. კრისტიან ტელო, ხეფრენ სუარესი, ისააკ კუენკა - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც „ბარსას“ მომავლად ითვლებოდნენ, მაგრამ მალევე მოუწიათ გუნდის დატოვება ისევე, როგორც ბოიან კრკიჩს, ტიაგო ალკანტარასა და ხერარდ დელოფეუს. ვისაუბრეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დროის უქონლობაზეც და ვფიქრობ, მესის და ინიესტას ტრავმები მათთვის თავის გამოჩენის არაჩვეულებრივი შანსია. გუნდში გამოჩნდა მუნირ ელ ჰადადი, რომელმაც, სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს გაუტანა, სანდრო რამირესი, ჯერარდ გუმბაუ და სერხი სამპერი. გუმბაუსა და სამპერის თამაში ხეირიანად ჯერ არ გვინახავს, სამაგიეროდ, ვნახეთ სანდრო რამირესი, რომლის თამაშიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მუნირის შემთხვევაში საქმე უფრო კარგადაა, მაგრამ მისთვის „ახალი მესის“ წოდება ძალიან გადამეტებული იქნება. ასე რომ, „ბარსელონა“, რომლის მთავარ პლიუსს მისივე აღზრდილი და ერთმანეთში არაჩვეულებრივად შეთამაშებული ფეხბურთელები წარმოადგენდა, ალბათ სულ მალე ისეთ სატრანსფერო გუნდად გადაიქცევა, როგორიც მაგალითად ლონდონის „ჩელსი“ ან თუნდაც მადრიდის „რეალია“. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ „ბარსელონას“ უახლოეს 3–4 წელიწადში „ლა მასიაში“ აღზრდილი ვარსკვლავები აღარ ეყოლება,, მაგრამ ვერაფერს ვიტყვით უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა პატარა „ბარსელონელების“ ბრწყინვალედ შესრულებული კომბინაცია და გოლი, რომელიც კატალონიური გრანდის გულშემატკივრებში ოპტიმიზმის გრძნობას აღძრავს. გთავაზობთ გოლის ჩანაწერს:

დიმა კუტუბიძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები