დაპირისპირება ციფრებში: რონალდო VS მესი, BBC VS MSN » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დაპირისპირება ციფრებში: რონალდო VS მესი, BBC VS MSN


დღევანდელ რეალობაში თითქმის ყველა ჩვენგანი მადრიდის „რეალს“ და კატალონიის „ბარსელონაზე“ საუბარს იმ ელიტარული შეტევის ხაზებით იწყებს, რომლებიც ამ გუნდების წარმატებაში უდიდეს როლს თამაშობს. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ამ ვარსკვლავურ ტრიოებს მუდმივად ადარებენ ერთმანეთს. BBC (Benzema – Bale – Cristiano) და MSN (Messi – Suarez – Neymar),  ეს სახელები,  „რეალისა“ და „ბარსელონას“ გულშემატკივრებმა თავიანთი საყვარელი კლუბის შემტევების სახელების ინიციალებისგან მიიღეს, რათა უფრო ხშირად და მოხერხებულად შეძლებოდათ ამ ფეხბურთელებზე საუბარი, შედარება და ა.შ. მეს ბეილმა, ბენზემამ და რონალდომ 2013/14 წლების სეზონში სანაკრებო გოლების ჩათვლით, 97–ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. 2014/15 სეზონში კი „რეალის“ წინა ხაზმა საკუთარი მაჩვენებელი გააუმჯობესა და გოლის გატანა 100–ჯერ მოახერხა. რონალდომ გასულ სეზონში 68–ჯერ შეაგდო, ბეილმა 17–ჯერ, ბენზემამ კი 22–ჯერ. 14/15 წლების ჩემპიონთა ლიგაზე რონალდომ 10–ჯერ გაიტანა, ბენზემამ 7–ჯერ, ბეილმა კი მხოლოდ 2–ჯერ მოახერხა მეტოქეთა დამწუხრება. მიუხედავად BBC-ის მაღალშედეგიანობისა, ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალში საკუთარი გუნდის გადარჩენა ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა. ბერლინის საგზური „ბლანკოსის“ ნაცვლად  „იუვენტუსმა „ მოიპოვა. ეს ყველაფერი მაშინ, როცა „ბარსელონაში“ შეტევის ხაზს ურუგვაელი ლუის სუარესი დაემატა და MSN ჩამოყალიბდა. ასპარეზზე ახალგამოჩენილმა ტრიომ 122–ჯერ მოახერხა გატანა. აქედან, 58 ლეო მესის ანგარიშზეა, 39 ნეიმარის, დანარჩენი 25 კი ლუის სუარესის აქტივშია შეტანილი. სტატისტიკების განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ურუგვაელი 9–იანი UEFA–ს დისკვალიფიკაციის გამო,  2014 წლის ოქტომბრამდე მინდორზე არ გასულა და შესაბამისად გოლსაც ვერ გაიტანდა. ჩემპიონთა ლიგაზე მესიმ და ნეიმარმა 10–10 გოლი გაიტანეს, ხოლო სუარესმა 7–ჯერ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა. საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგაზე გატანილმა 27–მა გოლმა „ბლაუგრანას“ მე–5 თასი მოუტანა. გასული სეზონის მიწურულს, BBC-ის უშედეგო თამაშისგან გამოწვეულ კრიტიკა კარიმ ბენზემამ იმით ახსნა, რომ ტრიო მხოლოდ გოლების გატანით არ იყო დაკავებული. ფრანგის სიტყვები, რა თქმა უნდა, სიმართლეა, „რეალის“ წინა ხაზმა 100 გოლთან ერთად 46 ასისტიც მიითვალა.  მაგრამ საქმე იმაშია, რომ „ბარსელონას“ სამხრეთ ამერიკულმა ტანდემმა, მეტოქე ამ კომპონენტშიც საგრძნობლად დაჩაგრა,  MSN–ის აქტივში 55 ასისტია. 2015/16 წლების სეზონს ორივე ტრიდენტი მძიმედ შეხვდა.  ხიხონის „სპორტინგთან“ 0–0 ის შემდეგ „რეალისა“ და ბენიტესის მიმართ ბევრი კითხვითი ნიშანი გაჩნდა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ „ელ მოლინონზე“ „რეალმა“ 27–ჯერ შექმნა საგოლე  შანსი, მაგრამ „თეთრებს“ ბედმა არც ერთხელ გაუღიმა. კარიმ ბენზემამ ზემოთ აღნიშნული მატჩი გამოტოვა, მაგრამ მინდორზე დაბრუნების შემდეგ  2 თამაშში 2 გოლი გაიტანა. ბეილმა „ბეტისს“ 2–ჯერ გაუტანა, „რეალმა“ კი  მატჩი 5–0 მოიგო. ლა ლიგის მე–3 ტურში თავი უკვე რონალდომ იჩინა, თანაც როგორ... პორტუგალიელმა „ესპანიოლს“ 5 გოლი გაუტანა. ასე და ამგვარად, BBC –ს პირველ 3 ტურში 9 გოლი დაუგროვდა. როა „ბარსელონამ“ ლა ლიგის დაწყებამდე უეფასა და ესპანეთის სუპერ თასები ითამაშა. მესიმ „სევილიას“ „დინამო არენაზე“ 2–ჯერ შეუგდო, ერთიც „კამპ ნოუზე“ „ატლეტიკს“ და კიდევ ერთი „ატლეტიკოს“ „ვისენტე კალდერონზე“. ნეიმარმა (ტრავმის გამო სუპერ თასები გამოტოვა) მისი პირველი გოლი „ატლეტიკოს“ საჯარიმო დარტყმიდან გაუტანა, სუარესმა კი გოლის გატანა 2–ჯერ („სევილიას“–თან თბილისში, „სან მამესზე“ „ატლეტიკის“ წინააღმდეგ) მოახერხა. ჯამში, 7 მატჩში და 7 გოლი. BBC მიმდინარე სეზონში უდავოდ  უფრო პროდუქტიულია, ვიდრე MSN. მაგრამ, უნდა ვთქვათ ისიც, რომ „ბარსელონას“ საწყის ტურებში საკმაოდ რთული სათამაშო კალენდარი ჰქონდა. პრიმერა დივიზიონში ჩატარებული 3–3 მატჩის შემდეგ, გუნდებმა ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზეს. მადრიდის „რეალმა“ დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლა და 4–0 გაანაგდურა. უკაინელებს 3 გოლი რონალდომ, ხოლო 1 ბენზემამ გაუტანა. ლა ლიგის მე–4 ტურში კი „გრანადასთან“ გატანილი ერთადერთი გოლი კარიმ ბენზემას ანგარიშზეა, 1–0. ბენზემას გატანა არც ბილბაოს „ატლეტიკთან“ გასჭირვებია, ფრანგის მიერ შესრულებულმა დუბლმა „რეალს“ 3 ქულა მოუტანა. ამას მოჰყვა „მალაგასთან“ უგოლო ფრე. ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო დღეს „რეალმა“ „მალმიოს“ სტუმრად 2 უპასუხო გოლი გაუტანა,  2–ივე გოლი კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზეა. პრიმერას მე–7 ტურში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ერთადერთი გატანილი გოლი კი კარიმ ბენზემას აქტივშია შეტანილი. BBC-ის ჩატარებულ 9 მატჩში 19 გოლი დაუგროვდა. MSN –ს კი დღევანდლამდე ჩატარებულ 12 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი. ორი აზრი არაა, რომ MSN და BBC მიმდინარე სეზონშიც გადამწყვეტ როლს ითამაშებენ თავიანთი გუნდების წარმატებაში, მაგრამ საკითხავია, თუ რომელი მათგანი მოახერხებს (ან თუ მოახერხებს) ევროპის საუკეთესო კლუბის ტიტულის კიდევ ერთხელ მოპოვებას.

დიმა კუტუბიძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები