კვეკვესკირი: "მზად ვარ, ნაკრებს ნებისმიერ პოზიციაზე ვემსახურო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კვეკვესკირი: "მზად ვარ, ნაკრებს ნებისმიერ პოზიციაზე ვემსახურო"


სანაკრებო პაუზა დასრულებულია. ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ. შაბათ-კვირას საკლუბო შეჯიბრებები გახურდება. სანაკრებო თემასთან დაკავშირებით, GOAL.GE-მ ბაქოს "ინტერისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი ჩაწერა. - პირველ რიგში, გილოცავთ ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრას. შეაფასეთ გასული სანაკრებო პაუზა. - დიდი მადლობა. ჩემთვის და, ასევე, ნაკრებისთვისაც, ალბათ, დადებითად უნდა შეფასდეს ეს სანაკრებო პაუზა. დამაჯერებლად გავიმარჯვეთ გიბრალტართან და გერმანიასთან ღირსეულად ვითამაშეთ. ამავდროულად, ამიხდა ოცნება, ეროვნული ნაკრების მაისურით მეთამაშა. - შენ სწორედ იმ ტიპის მოთამაშე ხარ, რომელიც ნებისმიერ ნაკრებს სჭირდება. შეტევების წამომწყები და პროდუქტული გადაცემების ავტორი... - პირველ მატჩში, გიბრალტართან საგოლე გადაცემის შესრულება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამაც საკუთარი ძალების რწმენა შემმატა. რაც შეეხება გერმანიასთან თამაშს, როგორც მე, ასევე, ყველას იმედი ჩაგვესახა, რომ წინ ნაბიჯის გადადგმა და განვითარება შეგვიძლია, როგორც გუნდს და დიდ ტურნირზე თამაშის პრეტენზია გვექნება სამომავლოდ. ეს უმთავრესია. - გიბრალტართან დებიუტის შემდეგ, რამდენად ელოდი გერმანიასთან სასტარტოში ადგილს და მზად ხარ, თუ არა, გამოჯანმრთელებულ ჯანო ანანიძესთან პაექრობაში, მთავარი შემადგენლობისთვის? - მინდა, კახა ცხადაძეს ნდობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო და ყველაფერს გავაკეთებ, გაცემული იმედების გასამართლებლად. ჯანსაღი კონკურენცია ფეხბურთში მისასალმებელია და მეც მივესალმები ამას. მზად ვარ, ნაკრებს ნებისმიერ პოზიციაზე ვემსახურო. - გულშემატკივარი დიდი ხანია, ითხოვს ჩვენი ბიჭებისგან შორეულ გასროლებს, რაც საკმაოდ კარგად შეგიძლია... - ჩემი მიზანი ბევრი გოლის გატანა ნამდვილად არაა. იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც საგოლე გადაცემა არანაკლებ სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ როდესაც კარში დარტყმის მეტი სხვა გამოსავალი არ არის, ამას ნამდვილად არ მოვერიდები და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი შემდეგში შედეგსაც მოიტანს. - ჰხედავ თუ არა განსხვავებებს ქეცბაიასა და ცხადაძის ნაკრებებს შორის? - რა თქმა უნდა, განსხვავება აშკარაა. ქეცბაიას თავისი ხედვა და ხელწერა ჰქონდა, ცხადაძეს საკუთარი. ვის როგორი მოსწონს, გემოვნების საკითხია. რასაკვირველია, ჩემი სტილის ფეხბურთელისთვის უკეთესია ტაქტიკა, რომელიც კომბინაციურ ფეხბურთზეა აწყობილი. თემურ ქეცბაიას დროსაც ვიყავი ნაკრებში გამოძახებული, უბრალოდ, მაგ დროს თამაში არ მომიწია. ცხადაძეს კი განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო, რომელმაც ოცნება ამიხდინა და მომცა ნაკრებში თამაშის საშუალება. - და ბოლოს, რას ეტყოდით გულშემატკივარს? - გულშემატკივარს მადლობას ვუხდი იმ თბილი სიტყვებისთვის და ემოციებისთვის, რაც ამ დღეებში მათგან მოდიოდა. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ვეცდებით, მათი და ჩვენი საერთო ოცნება ერთად ავასრულოთ.

საბა საპანაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები