იაშვილი: "წითელი ბარათი? რისთვის? - ამის შემდეგ Coca Cola არასდროს დამილევია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იაშვილი: "წითელი ბარათი? რისთვის? - ამის შემდეგ Coca Cola არასდროს დამილევია"


იაშვილი:
ცნობილი რუსული გამოცემის sports-ის ჟურნალისტები, თბილისში ალექსანდრე იაშვილს შეხვდნენ და მის განვლილ კარიერასა და სამომავლო გეგმებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს. საფეხბურთო საიტი GOAL.GE გთავაზობთ ამ ინტერვიუს თარგმანს.

საქართველო

  • 18 წლის შემდეგ ისევ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდით. რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს ვეტერანის როლში ?
  • მართალი გითხრათ, მომწონს ახალგაზრდა ტალანტებთან ერთად მუშაობა. მინდა, რომ მათ დავეხმარო, მინდა, რომ ბავშვებმა იცოდნენ, თუ რა არის ნამდვილი პროფესიონალური ფეხბურთი. როდესაც „დინამოში“ პირველად მოვედი, აქ ისეთი ავტორიტეტები დამხვდნენ, როგორებიცაა: ჯამარაული, ქინქლაძე, არველაძე... მათ შორის ყველაზე ხნიერი 23 წლის ჯამარაული იყო. მე 15 წლის ვიყავი და მათ უკვე „მოხუცებად“ მივიჩნევდი, ახლა კი 38 წლის ვარ და ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ.
  • რა შეიცვალა საქართველოს შიდა ჩემპიონატში ?
  • „დინამოს“ ბაზა სრულიად შეიცვალა. აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა გაკეთებული, რაც ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპული ფეხბურთი გამუდმებით პროგრესირებს, უმაღლესი დონის სამწვრთნელო ბაზების გარეშე კი მათ საფეხბურთო დონესთან მიახლოვებაც კი რთულია. 90–იანებში საქართელოში ომი მიმდინარეობდა, ამიტომ თბილისში და ზოგადად საქართველოში სიღარიბის პერიოდი იდგა. ევროპაში კი ყველაფერი გაცილებით ადვილი იყო.
  • როცა 1981 წელს თბილისის „დინამომ“ თასების მფლობელთა თასი მოიგო... თქვენ მხოლოდ 4 წლის იყავით. მიუხედავად ამისა, გქონდათ, თუ არა რაიმე განსაკუთრებული შეგრძნება?
  • ეს დღე არ მახსოვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ მიღწევას მთელი საქართველო ზეიმობდა. ქართული ფეხბურთისთვის 13 მაისი განსაკუთრებული თარიღია. დიდი იმედი მაქვს, რომ იგივე მიღწევას კიდევ არაერთხელ გავიმეორებთ. მახსოვს, რომ „დინამოს“ ყველა თამაშზე ანშლაგი იყო, ბიძაჩემს სტადიონის აბონემენტი ჰქონდა და ხშირადაც დავყავდი. ჩემი ფავორიტი რამაზ შენგელია იყო. იმ დროს ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე „დინამოს“ ფორმას მეც მოვირგებდი. ჩემი „დინამოში“ მოღვაწეობის დროს, კლუბის ვიცე–პრეზიდენტი სწორედ შენგელია იყო, რამაზი ჩემთვის უდიდესი ავტორიტეტია.
იასჰკა1

„ფრაიბურგი“ – თბილისი

  • მაინტერესებს, როგორ მოგივიდათ იდეა, რომ „ლიუბეკში“ წასულიყავით ?
  • 1996 წელს, უეფას თასზე, „ბოავიშტეს“ წინააღმდეგ 5:0 დავმარცხდით. ამ მწარე მარცხის შემდეგ საქართველოში თამაში აღარ მინდოდა. ვესაუბრე „დინამოს“ იმ დროინდელ პრეზიდენტს, მერაბ ჟორდანიას, რომელმაც თავისი კონტაქტები გამოიყენა და „ლიუბეკის“ ვარიანტი შემომთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მეორე ბუნდესლიგაში თამაშობდა, ამ შემოთავაზებას დავთანხმდი. გერმანული ფეხბურთი ყოველთვის ძალიან მომწონდა, „ლიუბეკი“ კი თავის გამოჩენის საშუალებას მაძლევდა.
  • „ლიუბეკი“ მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნის ზღვარზე იყო. არ გქონდათ შეგრძნება – „ღმერთო ჩემო, ეს სად ვარ“? თუ საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ აღარაფერი გიკვირდათ ?
  • „ლიუბეკი“ პატარა კლუბია 5000–მდე გულშემატკივრით. სტადიონი ყოველთვის სავსე იყო და მე ეს ძალიან მომწონდა. თავში, რა თქმა უნდა, ყველანაირი აზრი მიტრიალებდა, მაგრამ იქ ყოფნით კმაყოფილი ვიყავი.
  • ინგლისელი მარიან პაჰარი ამბობდა, ყველაზე სასიამოვნო ის არის, ენა რომ არ იცი, მაგრამ თანაგუნდელებთან ერთად მინდორზე მაინც ყველაფერს აკეთებო.
  • გერმანული უკვე 6 თვეში მესმოდა. სადღაც 1 წელში კი თავისუფლად ვლაპარაკობდი – ეს უკვე „ფრაიბურგში“. აქ ნათლად ვიგრძენი, რომ უკვე სხვა დონე იყო... მწვრთნელ ფოლკერ ფინკეს, როგორც თითონ ამბობდა, ნამდვილი ფეხბურთის თამაში უყვარდა და ევროპაში უკვე ბრაზილიელებსაც გვადარებდნენ. „ფრაიბურგი“ მართლაც ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა.
  • კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – 5 ქართველი შემადგენლობაში.
  • რეალურად, ტრიო : მე, კობიაშვილი და ცკიტიშვილი. კიკნაძემ ზურგის უმძმესი ტრავმა მიიღო და 3 წლის განმავლობაში ერთჯერაც არ უთამაშია. ზამთარაძემ კი კონკურენციას ვერ გაუძლო.
  • კობიაშვილი და ცკიტიშვილი გუნდში თქვენი რეკომენდაციით მოხვდნენ ?
  • კობიაშვილი „ფრაიბურგში“ ჩემს მისვლამდე თამაშობდა, მაგრამ კონტრაქტი არ გაახანგრძივა. ცკიტიშვილი კი „ფრაიბურგში“ „ალანიაში“ გადასვლის შემდეგ მოვიდა. ის გუნდში უდავოდ ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი იყო.
  • იყო სურვილი იმისა, რომ „ფრაიბურგში“ 11 ქართველი შეკრებილიყო ?
  • ალბათ ძალიან ბევრი იქნებოდა, ჰა–ჰა! 3 ქართველი უკვე საკმარისი იყო. გუნდში ჩვენთან ერთად ტობიას ვილიც თამაშობდა. ყველას ეგონა, რომ ისიც ქართველი იყო.
  • რატომ ?
  • გვარის გამო. მოუსმინეთ ჟღერადობას, კობიაშ–ვილი, ცკიტი–შვილი, იაშ–ვილი, ტობიას–ვილი.
  • ზოგადად, გერმანიაში ბევრი ქართველი იყო ?
  • ლიუბეკშიც კი ვიპოვე ქართველი წყვილი. მართალი გითხრათ, ისინი ძალიან დამეხმარნენ ადაპტაციაში, მაშინ ძალიან პატარა და სახლს მოცილებული ვიყავი. საბოლოო ჯამში, გერმანია ჩემთვის მეორე სახლად იქცა, იქ 16 წელი ვიცხოვრე, ჩემი შვილებიც სწორედ გერმანიაში დაიბადნენ.
სად

წითელი ბარათი კოკა–კოლისთვის.

  • ამბობდნენ: ერთი ქვეყნიდან, ერთ გუნდში სამი ლეგიონერი – ეს უკვე მაფიაა.
  • ჩვენ გარდა, „ფრაიბურგში“ 3 ტუნისელი და 3 მალელი ფეხბურთელი თამაშობდა. ეს ხელს არ გვიშლიდა, ფინკე ყველაფერს აკონტროლებდა.
  • იყო თუ არა პრობლემა აფრიკელთათვის გერმანული დისციპლინა ?
  • პრობლემები იყო. განსაკუთრებით, წონასთან დაკავშირებული. არდადეგების შემდეგ, აფრიკელები წონაში 10 კილოთი მომატებულები ბრუნდებოდნენ, მაგრამ ვარჯიშზე არასდროს იგვიანებდნენ. „კალსრუეში“ ჩემთან ერთად ბრაზილელები თამაშობდნენ, ისინი კი ვარჯიშზე დაგვიანებისთვის ხშირად იხდიდნენ „სასჯელს“.
  • გარდა დაგვიანებისა, რა აღიზიანებდა გერმანელ მწვრთნელებს ?
  • ფინკეს არ მოსწონდა, როცა ვინმე ლუდს სვამდა.
  • რთული დასაჯერებელია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ გერმანიაზე ვსაუბრობთ...
  • როცა „ფრაიბურგთან“ ერთად პირველი გასვლითი მატჩიდან ვბრუნდებოდით, ავტობუსი შესვენების მიზნით გაჩერდა, მე კი კოკა–კოლის საყიდლად გადავედი. როცა ფინკემ ჩემი ავტობუსიდან გადასვლის მიზეზი გაიგო, მაშინვე დამიყვირა: „ეს ჩვენი წითელი ბარათია. არ შეიძლება ! გავიფიქრე : „რა ? წითელი ბარათი? რისთვის ?“ ... ამის შემდეგ კოლა არასდროს დამილევია. ფინკეს ფეხბურთის შესახებ განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. „კალსრუეში“ და „ბოხუმში“ სულ სხვა სიტუაცია იყო.
  • არც ქართული ღვინო შეიძლებოდა ?
  • ამაზე არაფერს ამბობდნენ. მატჩის შემდეგ 1 ჭიქა იდეალური იყო.
12

გუნდის კაპიტანი

  • თქვენ „ფრაიბურგის“ კაპიტანი იყავით. ამ თანამდებობაზე ფინკემ დაგნიშნათ ?
  • იმ დროს „ფრაიბურგში“ კაპიტანს ფეხბურთელები ირჩევდნენ. ფინკემ მოაწყო შეკრება, სადაც ყველაფერი გადაწყდა. კაპიტანი არა მარტო „ფრაიბურგში“, არამედ „კალსრუეშიც“ ვიყავი. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა გენდობიან.
  • რატომ გადახვედით „ფრაიბურგიდან“ „კალსრუეში“?
  • შემეძლო „ფრაიბურგში“ კიდევ 10 წელი დავრჩენილიყავი და მეთამაშა, მაგრამ არ მოვისურვე. ყველაფერი ფინკეს გამო მოხდა. როდესაც მან განაცხადა, რომ კლუბს ტოვებდა, მეც იგივე გადაწყვეტილება მივიღე. ერთად 10 წელი ვიმუშავეთ და ვერც კი წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა „ფრაიბურგში“ სხვა მწვრთნელთან ერთად მემუშავა. იყო მომენტი, როცა სერიოზული ტრავმა მივიღე. ალბათ, მოშუშების შემდეგ სხვა მწვრთნელი სათადარიგოთა სკამზე დამსვამდა, მაგრამ ფინკემ ნდობა კიდევ ერთხელ გამომიცხადა. ამ ფაქტის შემდეგ კი მინდოდა როგორმე მისდამი პატივისცემა გამომეხატა. შემოთავაზებები მქონდა „შტუტგარტისგან“, „ჰოფენჰაიმისგან“, „ვერდერისგან“, მაგრამ რატომღაც ყველას „კალსრუე“ ვამჯობინე.
  • ვინ არის ყველაზე დიდი ავტორიტეტი, რომელიც გერმანიაში გაიცანით ?
  • ლოთარ მათეუსი. როდესაც გერმანიამ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, დარწმუნებული ვიყავი, რომ მათეუსი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. 7 წლის შემდეგ, ბუნდესლიგაში, მის წინააღმდეგ ვითამაშე. როცა პირველად დავინახე, ლამის შოკში ჩავვარდი, თავი სიზმარში მეგონა.
  • ესაუბრეთ ლოთარ მათეუსს ?
  • არც ისე დიდი ხანი. განაგონი მქონდა, რომ მათეუსი მძიმე ხასიათის მქონე ადამიანი იყო, მაგრამ მე სულ სხვა შთაბეჭდილება დამრჩა.
  • გაცვალეთ მაისურები ?
  • მათეუსთან არა. გერმანიაში 17 წლის მოღვაწეობისას, მაისური უამრავ ფეხბურთელთან გავცვალე. თითქმის ყველა ბუნდესლიგის გუნდის წარმომადგენელთან.
  • რომელი მაისურს გამოჰყოფდით თქვენი კოლექციიდან ?
  • საქართველოს ნაკრების იმ მაისურს, რომელზეც ხორვატიასთან 1:0 გამარჯვების შემდეგ გუნდის ყველა წევრმა მოაწერა ხელი.
სსს

კუპერის გული

  • საქართველოში, თქვენს თაობას „ოქროს“ თაობას უწოდებენ, მაგრამ თქვენ სანაკრებო წარმატებისთვის არასდროს მიგიღწევიათ. როცა ამ თემაზე შოთა არველაძესთან ვსაუბრობდი, მან მითხრა რომ ქართველები ცხოვრებას ძალიან მარტივად უყურებენ. თქვენ რას ფიქრობთ ?
  • გერმანიაში ადგილობრივი ჟურნალისტები ხშირად მეკითხებოდნენ თუ რისთვის მინდოდა მიმეღწია კარიერაში. ვპასუხობდი, რომ პირველ რიგში „ფრაიბურგის“ უეფას თასზე გაყვანა და საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდი საერთაშორისო ტურნირის თამაში მინდოდა. კლუბისთან ერთად დასახული მიზანი განვახორციელე, მაგრამ ნაკრებთან ერთად წარმატებას ვერასდროს მივაღწიე. ეს ჩემი უდიდესი ტკივილია. ბიჭებთან ერთად ხშირად მიფიქრია თუ რა იყო წარუმატებლობის მიზეზი, მაგრამ ვერასდროს ვერავინ ვხვდებოდით.
  • მაინც ვის გამოარჩევდით საქართველოს ნაკრების „ოქროს თაობიდან“?
  • ქინქლაძეს. გიორგი უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო, მას შეეძლო ნებისმიერ კლუბში, ნებისმიერ დონეზე ეთამაშა. თუნდაც „ბარსელონასა“ და „რეალში“.
  • სტატისტიკის გათვალისწინებით, ჰექტორ კუპერი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია...
  • პირიქით! პირადად ჩემთვის, ჰექტორი საუკეთესო უცხოელი მწვრთნელია, ვისაც საქართველოში უმუშავია. ის ცხოვრობდა საქართველოში, დადიოდა და ესწრებოდა შიდა ჩემპიონატის თამაშებს, აკვირდებოდა და გამუდმებით მუშაობდა ფეხბურთელებთან. ნათელია, რომ კუპერს გულით უნდოდა საქართველოსთან ერთად წარმატების მიღწევა.
  • ტომპელერი საქართველოში არ ცხოვრობდა ?
  • არა.
  • მითხარი, სად უფრო გიყვარდა თამაში – „ფრაიბურგში“ თუ „კალსრუეში“?
  • ვერ გამოვარჩევდი. „კალსრუეში“ 3 წელი კაპიტანი ვიყავი, იქ სახლიც მაქვს და თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ჩავდივარ, მაგრამ ფრაიბურგში ჩასვლა უფრო მიყვარს. ალბათ, იმიტომ რომ იქ ბევრი მეგობარი მყავს.
  • რატომ გადაწყვიტეთ აზერბაიჯანში წასვლა?
  • სეზონი „ბოხუმში“ დავიწყე, მაგრამ გოლი ვერ გავიტანე და წასვლაზე ფიქრი დავიწყე. სწორედ ამ დროს, საქართველოში კალაძის გასაცილებელი მატჩი გაიმართა, სადაც კახა ცხადაძე შემხვდა (ახლანდელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი) და „ინტერში“ გადასვლა მთხოვა. აი ასე აღმოვჩნდი აზერბაიჯანში.
  • ბევრი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატი ის ადგილია, სადაც ძალიან დიდი ფული ტრიალებს...
  • ფული იქ მართლაც ბევრია. აზერბაიჯანის კლუბების შემადგენლობაში ხშირად ნახავთ ბრაზილიელ და არგენტინელ ლეგიონერებს. თანამედროვე ფეხბურთში, ფულის გარეშე საქმის კეთება რთულია.

დიმა კუტუბიძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები