ჩემპიონთა ლიგა: "ბარსელონა" ბელორუსში გაისეირნებს, "არსენალს" რთული გამოცდა ელის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩემპიონთა ლიგა: "ბარსელონა" ბელორუსში გაისეირნებს, "არსენალს" რთული გამოცდა ელის


ჩემპიონთა ლიგა:
GOAL.GE ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი შეხვედრების პრევიუს გთავაზობთ.

E ჯგუფი

"ბატე" - "ბარსელონა" "ბორისოვ არენა", მსაჯი - ხორხე დე სოუსა, 22:45 ჩემპიონთა ლიგის მოქმედი მფლობელი ბელორუსში ადგილობრივ "ბატეს" დაუპირისპირდება. "ბარსამ" "სევილიასთან" მარცხის შემდეგ რეაბილიტაციის მოხდენა და "რაიო ვალეკანოს" დამარცხება მოახერხა (5:1). აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში "ბარსელონას" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა პოკერის შესრულება შეძლო. ლიონელ მესის არყოფნაში შემტევი ხაზის მთავარ ფიგურად ლუის სუარესთან ერთად სწორედ ნეიმარი იქცა. "ბატეს" ყველა ტურნირზე 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში ბორისოვულმა კლუბმა "რომას" დამარცხება შეძლო. "ბარსელონამ" ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება წინა ტურში "ლევერკუზენთან" მოიპოვა, მანამდე პირველ ტურში "რომასთან" ფრედ (1:1) ითამაშა. ლუის ენრიკეს გუნდი ამ შეხვედრის უპირობო ფავორიტია, ასე რომ, თუ რამე სასწაული არ მოხდა, "ბლაუგრანელები" დაგეგმილ 3 ქულას ჩაიწერენ. "ლევერკუზენი" - "რომა" "ბაი არენა", მსაჯი - ვიქტორ კასაი, 22:45 საინტერესო მატჩი გაიმართება გერმანიაში, სადაც ადგილობრივი "ლევერკუზენი" საკუთარ მოედანზე იტალიური "რომას" დამარცხებას შეეცდება. "რომამ" წინა ტურში თავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი წააგო "ბატესთან". "ლევერკუზენმა" კი მარცხი "ბარსელონასთან" განიცადა. იმისათვის, რომ გერმანელებმა ჯგუფში მე-2 ადგილი შეინარჩუნონ, "რომასთან" არ უნდა წააგონ. იტალიელთა მიზანი კი ამ შეხვედრაში უპირველეს ყოვლისა გამარჯვების მოპოვებაა. ორივე გუნდი დღევანდელ მატჩს გარკვეული პრობლემებით შეხვდება. "ლევერკუზენს" ტრავმის გამო არანგიზი და ჰილბერტი ვერ დაეხმარებიან. მიკროტრავმები აწუხებთ კამპლს, ბენდერს, იედვაისა და ტოპრაკს. "რომას" ლაზარეთში ტოტი, სტროოტმანი, კეიტა და კაპრადოსი იმყოფებიან. კითხვის ნიშნის ქვეშაა ედინ ჯეკოს თამაშიც.

F ჯგუფი

"არსენალი" - "ბაიერნი" "ემირეითსი", მსაჯი - ჩენეტ ჩაკირი, 22:45 უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი გველის ლონდონში, კერძოდ "ემირეითსზე", სადაც "მეთოფეები" თავიანთ კედლებში მიუნხენის "ბაიერნს" დაეტაკებიან. არსენ ვენგერის გუნდს ქულები ძალიან სჭირდება. ამიტომაც, დღეს ლონდონელთა მთავარი მიზანი გამარჯვების მოპოვება იქნება. წინა ორივე ტურში "არსენალმა" სენსაციურად ჯერ "დინამო ზაგრებთან", ხოლო შემდეგ კი "ოლიმპიაკოსთან" იწვნია მარცხი. "ბაიერნი" ფანტასტიურ ფორმაშია. ბოლო 16 შეხვედრაში "რეკორდმაისტერმა" ყველა შესაძლო შემთხვევაში გამარჯვებას მიაღწია. შესაბამისად, გერმანელებმა ჩემპიონთა ლიგის ორივე ტურში 3-3 ქულის ჩაწერა მოახერხეს. გვარდიოლას გუნდის პროგრამა მინიმუმი დღეს ფრე იქნება, თუმცა, პირველ ადგილზე დასამკვიდრებლად მიუნხენელები არც გამარჯვებაზე იტყვიან უარს. დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდება. "არსენალს" დაზიანების გამო უელბეკი, ოსპინა, უილშირი, როსიცკი, არტეტა და ფლამინი დააკლდება, ხოლო "ბაიერნს" იგივე მიზეზის გამო როდე, რიბერი, რობენი, ბადშტუბერი, ბენატია და გიოტცე ვერ დაეხმარებიან. დუგლას კოსტას მცირე ტრავმა აწუხებს. ბოლო 6 ურთიერთშეხვედრაში 2-ჯერ გამარჯვებას "არსენალმა" მიაღწია, 2-ჯერ მოიგო "ბაიერნმაც" და 2 მატჩიც ფრედ დასრულდა. "დინამო ზაგრები" - "ოლიმპიაკოსი" "მაქსიმირი", მსაჯი - პაოლო ტალიავენტო, 22:45 ბრძოლა მეორე ადგილისთვის. ორივე გუნდმა დაამარცხა "არსენალი" და მარცხი იწვნია "ბაიერნთან". ეს მატჩი დროებით ჯგუფის მე-2 ადგილოსანს გამოარკვევს. ორივე გუნდი თავის ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს. "დინამო" დღევანდელ მატჩს ყოველგვარი დანაკლისის გარეშე შეხვდება, ხოლო "ოლიმპიაკოსს" დღეს თამაში მანიატისის გარეშე მოუწევს.

G ჯგუფი

"პორტუ" - "მაკაბი" "დო დრაგაო", კლემენტ ტურპინი, 22:45 ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში "ჩელსის" დამარცხებამ "პორტუს" პოზიცია ჯგუფში საკმაოდ გაამყარა. პორტუგალიელები ჯგუფს "დინამო კიევთან" ერთად ლიდერობენ. დღეს "პორტუს" აქვს შანსი, რომ ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდეს. "მაკაბის" ორივე შეხვედრა წაგებული აქვს და თითქმის უშანსოდაა. ისრაელის წარმომადგენელი კლუბი დღევანდელი შეხვედრის უდავო აუტსაიდერია. "დინამო" - "ჩელსი" "ოლიმპისკი", მსაჯი - დემირ სკომინა, 22:45 ჟოზე მოურინიოს გუნდი კიევში გაემგზავრება, რათა "პორტუსთან" განცდილი მარცხის შემდგომ რეაბილიტაცია მოახდინოს და დაკარგული პოზიციები აღიდგინოს. "არისტოკრატები" გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფის ზედა საფეხურებამდე დაწინაურდებიან. "დინამოს" ამ წელს ჩემპიონთა ლიგაზე, ჯერჯერობით, წაგება არ აქვს. უკრაინელებმა "პორტოსთან" ფრეს მიაღწიეს და "მაკაბი" დაამარცხეს. შიდა ჩემპიონატში კიეველებმა ლიდერობა დაკარგეს. წინა ტურში მათ თავიანთ მოედანზე "შახტართან" სოლიდური ანგარიშით (0:3) წააგეს.

H ჯგუფი

"ზენიტი" - "ლიონი" "პეტროვსკი", მარტინ ატკინსონი, 22:45 სანქტ-პეტერბურგში ადგილობრივი "ზენიტი" ფრანგულ "ლიონს" მიიღებს. ფრანგები ევროტურნზე საკმაოდ არადამაჯერებლად ასპარეზობენ. მათ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების შემდეგ გამარჯვება ჯერ კიდევ არ მოუპოვებიათ. მიუხედავად იმისა, რომ "ზენიტი" შიდა ჩემპიონატში არც ისე კარგად ასპარეზობს, რუსებს ჩემპიონთა ლიგაზე 2-იდან 2 მოგება აქვთ. ისინი ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ. "ლიონს" დღეს 3 ქულა სჭირდება იმისთვის, რომ პლეი-ოფში გასასვლელად იბრძოლოს. "ვალენსია" - "გენტი" "მესტალია", ფელიქს ზვაიერი, 22:45 "ვალენსიამ" თამაშის ხარისხი მკვეთრად გამოასწორა. "მესტალიას" ბინადრებმა სეზონი ცუდად დაიწყეს, თუმცა, ნელ-ნელა ძველ ფორმას უბრუნდებიან. ლა ლიგის გასულ ტურში მათ "მალაგა" უშანსოდ დატოვეს (3:0), მანამდე კი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით სტუმრად "ლიონი" დაამარცხეს (0:1). "გენტმა" ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში "ზენიტთან" იწვნია მარცხი. ბელგიელებისთვის ამ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ისინი დღესაც დამარცხდებიან, მაშინ პლეი-ოფში გასვლის შანსს თითქმის დაკარგავენ. დღეს ბელგიელები მოედანზე აუტსაიდერის სტატუსით გავლენ.

მომზადებულია, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები