მატჩის წინ: მანჩესტერული დერბი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მატჩის წინ: მანჩესტერული დერბი


მატჩის წინ: მანჩესტერული დერბი
GOAL.GE დღის ცენტრალური შეხვედრის პრევიუს გთავაზობთ. ინგლისის პრემიერ-ლიგის ეგიდით ერთმანეთს მანჩესტერის წარმომადგენელი ორი კლუბი დაუპირისპირდება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" "ოლდ ტრაფორდი", 18:00, მსაჯი - მარკ კლატენბურგი

170-ე მანჩესტერულ დერბიში "ოლდ ტრაფორდზე" ინგლისის ვიცე-ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" შეეცდება, რომ ამ უმნიშვნელოვანეს წყვილში თავისი 50-ე საიუბილეო გამარჯვება მოიპოვოს. სტუმრები 2 მნიშვნელოვანი ფიგურის გარეშე, თუმცა, გამოკეთებული მორალური მდგომარეობით შეეცდებიან "წითელ ეშმაკთა" დამარცხებას. ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ გოლების გატანა ძალიან უყვართ. ასე რომ, დღეს სანახაობრივ და უხვგოლიან მატჩს უნდა ველოდეთ.

სატურნირო მდგომარეობა

პრემიერ-ლიგა

ლონდონის "არსენალთან" განცდილი სოლიდური მარცხის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "ევერტონს" მარტივად სძლია. 9 ტურის შემდეგ ლუის ვან გაალის შეგირდები სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფებიან და თავიანთ მეზობლებს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან. ვინაიდან და რადგანაც, გუშინ "არსენალმა" "ევერტონს" სძლია, "მეთოფეები" დროებით პირველ ადგილზე გადავიდნენ. იმ შემთხვევაში, თუ "ეშმაკები" დღეს "ქალაქელებს" დაამარცხებენ, ისინი სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილამდე დაწინაურდებიან. "მანჩესტერ სიტის" თავის აქტივში 21 ქულა აქვს. გასულ ტურში დავიდ სილვასა და სერხიო აგუეროს გარეშე დარჩენილმა გუნდმა "ბორნმუთის" განადგურება მოახერხა (5:1). სტერლინგმა "სიტის" შემადგენლობაში თავისი პირველი ჰეტ-ტრიკი გაიფორმა. ორი გოლის გატანა "სიტის" კოტ დ' ივუარელმა ფორვარდმა, უილფრიდ ბონიმ შეძლო. ამ სეზონში "სიტიმ" 4 გასვლითი მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3-ჯერ გამარჯვებას მიაღწია. ამასთან, "სიტის" ფორვარდებს "ეტიჰადზე" უფრო უყვართ გოლების გატანა, ვიდრე სტუმრად. ამ სეზონში გასვლით მატჩებში "სიტიმ" მხოლოდ 7 გოლის გატანა შეძლო.

ჩემპიონთა ლიგა

არც ისე წარმატებული გამოდგა "მანჩესტერისთვის" ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტური. მოსკოვში ლუის ვან გაალის შეგირდები "ცსკას" უპირისპირდებოდნენ. პირველ ტაიმში "ემიუმ" "არმიელთა" კართან თითქმის მომენტის შექმნაც კი ვერ შეძლო, ხოლო "ცსკა" კი, თავის მხრივ, ძალიან აქტიურად ცდილობდა "ეშმაკთა" კარის დალაშქვრას. პირველ ტაიმში "ეშმაკებმა" მინიმალური ანგარიშით (0:1) წააგეს. შეხვედრის მეორე ნახევარში ანტონი მარსიალმა თავისი შეცდომა გამოასწორა (სწორედ მის გამო დაინიშნა "ემიუს" კარში თერთმეტმეტრიანი) და ანგარიში გაათანაბრა (1:1). "სიტიმ" საშინაო შეხვედრაში "სევილიას" დამარცხება მოახერხა და ჯგუფში მდგომარეობა გამოასწორა. "ქალაქელებს" კევინ დე ბრუინმა მოაგებინა, რომელმაც მატჩის კომპენსირებულ დროში მოახერხა გოლის გატანა. "სიტის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "იუვენტუსთან" განცდილი მარცხის შემდეგ ზედიზედ 2 მოგება აქვს. შესაბამისად, პელეგრინის შეგირდები D ჯგუფში მე-2 ადგილზე არიან და მდევარ "სევილიას" 3 ქულით უსწრებენ.

სავარაუდო შემადგენლობები

"ცსკა"-სთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ესპანელ ჰავბეკ ხუან მატას, რომელმაც მანჩესტერული დერბისთვის დაისვენა. ლუის ვან გაალის გუნდის ნახევარდაცვას ხუან მატასთან ერთად ანდერ ერერაც გაამაგრებს. ნახევარდაცვის ცენტრს მორგან შნეიდერლინის არყოფნაში მაიკლ კერიკი ჩაიბარებს. "ეშმაკთა" შემტევი ხაზის ლიდერები ანტონი მარსიალი და უეინ რუნი მშვენიერ ფორმაში იმყოფებიან, ამიტომაც, პირველ რიგში, "სიტის" მცველებს მათი განეიტრალება დასჭირდებათ. დაცვის ფლანგებზე დარმიანი და როხო, ხოლო ცენტრში ჯონსი და სმოლინგი განაწილდებიან. თამაში კვლავ არ შეუძლია არგენტინელ ფორვარდ სერხიო აგუეროს, ამიტომაც ცენტრალური ფორვარდის როლს კვლავ უილფრიდ ბონი შეითავსებს. შემტევი ნახევარმცველების პოზიციას ხესუს ნავასი, კევინ დე ბრუინი და რაჰიმ სტერლინგი დაიკავებენ. ხოლო საყრდენ ზონაში შეუცვლელი იაია ტურე და ფერნანდინიო განაწილდებიან. დაცვაში ალექსანდრ კოლაროვს უნდა ველდოეთ, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ მიკროტრავმა აწუხებდა. ბევრი იმედოვნებდა, რომ დღეს მოედანზე ვინსენ კომპანი გამოჩნდებოდა, თუმცა, პელეგრინი საკუთარ არჩევანს კვლავ ოტამენდი-მანგალას დუეტზე აკეთებს. "სიტის" დაცვის მარჯვენა ფლანგს ფრანგი მცველი ბაკარი სანია ჩაიბარებს. "მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, დარმიანი, ჯონსი, სმოლინგი, როხო, კერიკი, შვაინშტაიგერი, მატა, ერერა, რუნი, მარსიალი "მანჩესტერ სიტი": ჰარტი, სანია, ოტამენდი, მანგალა, კოლაროვი, ფერნანდინიო, იაია ტურე, დე ბრუინი, ნავასი, სტერლინგი, ბონი ტრავმირებულნი: იანგი, მაკნეირი შოუ - აგუერო, კლიში, დელფი, სილვა

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები