გიორგი არაბიძე: ""ქართველი მესი"? - გადაჭარბებულია, თან ძალიან" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიორგი არაბიძე: ""ქართველი მესი"? - გადაჭარბებულია, თან ძალიან"


რამდენიმე დღეა, უცხოური პრესა დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდა ქართველ შემტევზე, გიორგი არაბიძეზე წერს, რომელმაც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, "მალმიოს" წინააღმდეგ "ცხრიანში" ულამაზესი გოლი გაიტანა და, ამასთანავე, რამდენიმე საგოლე გადაცემა გააკეთა. გუშინ გიორგი არაბიძეს დებიუტი ჰქონდა დონეცკის "შახტარის" მთავარ გუნდშიც, უკრაინის თასის შეხვედრაში, "ტერნოპილის" წინააღმდეგ, სადაც მირჩა ლუჩესკუს გუნდმა 4-0 მოიგო, 17 წლის შემტევი კი მოედანზე 90 წუთი იმყოფებოდა. შეხვედრის შემდეგ დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა არაბიძისადმი, რომელსაც უწოდა შრომისმოყვარე, ნიჭიერი ფეხბურთელი. GOAL.GE საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" შემტევს უკრაინაში დაუკავშირდა და გაესაუბრა. - გაეცანი მკითხველს... - ვარ გიორგი არაბიძე, 17 წლის, 1.70 სანტიმეტრი, პოზიციით მარჯვენა და მარცხენა თავდამსხმელი, ასევე გამთამაშებელი. - პირველი საფეხბურთო ნაბიჯები... - მაშინ, როდესაც ფეხბურთზე შევედი, 6 წლის ვიყავი. ჩემი პირველი გუნდი "ავაზა" იყო, სადაც 2 თვე გავატარე. ამის შემდეგ, "ლოკომოტივში" მოვხვდი. - "შახტარში" მოხვედრის პერიოდი... - სანამ "შახტარში" მოვხვდებოდი, ძალიან ბევრი შემოთავაზება იყო, მაგრამ უკრაინული გუნდის ვარიანტი ვამჯობინე. როდესაც 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ტარდებოდა, დედაქალაქურ გუნდს დამკვირვებლები ჰყავდა შეხვედრებზე გამოგზავნილი, რომლებიც მე მაკვირდებოდნენ. მათ მოვეწონე, გაიმართა მოლაპარაკებები და, საბოლოოდ, "შახტარში" ჩავირიცხე. - როგორი სიტუაციაა, ამჟამად, "შახტარში"? - ამჟამად, "შახტარში" ბრწყინვალე სიტუაციაა, რის გარეშეც, წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან. აქ მაგარი ხალხია. ექიმებიდან დაწყებული, რა თქმა უნდა, მირჩა ლუჩესკუთი დამთავრებული. - რას იტყვი საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელ გამოსვლებზე? - ჩემი აზრით, ბოლო თამაშებში საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე შეხვედრები ჩაატარა. იცვლება ბევრი რამ, უკეთესობისკენ, კახა ცხადაძის მოსვლის შემდეგ. ნელ-ნელა, მაგრამ ხარისხიანად. ვფიქრობ, სამომავლოდ დიდ ტურნირებზე მოხვედრის ნორმალური შანსი გვაქვს. - დღესდღეობით, ეროვნული ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელები... - ნაკრებში ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯაბა კანკავა და ჯანო ანანიძე გამორჩეულები არიან. arabidze - რას იტყვი ქართულ ფეხბურთზე? - დღესდღეობით, ქართული ფეხბურთის დონე დაბალია და, ალბათ, ამაში ბევრი დამეთანხმება. ჩემი აზრით, ამ სიტუაციის გამოსასწორებლად ფინანსური მხარე და მეტი ყურადღება და პროფესიონალური დამოკიდებულებაა საჭირო. არის კიდევ ბევრი დეტალი და ამის გამოსწორება ასე ადვილი არ არის. ამასთანავე, საქართველოს ჩემპიონატის დონის აწევას კარგი ფეხბურთელები სჭირდება, მაგრამ საქართველოში არ მოდიან მოთამაშეები, ქართველი ფეხბურთელები კი საქმეს არაპროფესიონალურად უდგებიან. - მოედანს გარეთ, როგორია გიორგი არაბიძის ერთი ჩვეულებრივი არასპორტული დღე? - უმეტესწილად, ასეთ დღეებში დასვენებას ვამჯობინებ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ხან სად დავდივარ, ხან სად. ვცდილობ, აქაურ გარემოს ასეთ დროს შევეჩვიო. - გიორგი არაბიძეს "ქართველი მესი" შეარქვეს... - როდესაც ეს წავიკითხე, ძალიან გამიხარდა და ახლაც მიხარია, მაგრამ "ქართველი მესი"? - გადაჭარბებულია, თან ძალიან. - როგორია გულშემატკივრის დამოკიდებულება შენდამი, ბოლო დროს, სოციალურ ქსელში? - გულშემატკივრების დამოკიდებულება ძალიან კარგია, რაც მახარებს. მადლობა ყველა კეთილისმსურველს. - ქართველი გულშემატკივარი დარდობს ბოლო დროს გავრცელებულ ტენდენციაზე, ქართველ ფეხბურთელებში. როცა ქართველი ფეხბურთელები საზღვარგარეთ მიდიან, ისინი, გარკვეული წარმატების მიღწევისა და ფულის შოვნის შემდეგ, ზარმაცდებიან, კვლავინდებურად აღარ აგრძელებენ შრომას და მათი კარიერა ნელ-ნელა უკან მიდის. რა აზრის ხართ ამ სტერეოტიპზე? - ისინი, ვინც ასე იქცევიან, უნდა მიხვდნენ, რომ დაიღუპებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ხვდებიან ამას და ყველაფერი თავიანთ თავს დააბრალონ, მაგრამ ყველა ეგრე არ არის. არც მე და არც ბევრი ქართველი ფეხბურთელი უცხოეთში წასვლის შემდეგ ეგრე არ იქცევა.

 მოამზადა საბა საპანაძემ, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები