ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც სხვა ქვეყნის ღირსებას იცავენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც სხვა ქვეყნის ღირსებას იცავენ


ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც სხვა ქვეყნის ღირსებას იცავენ
შორს...სამშობლოსგან შორს… ათასობით კილომეტრით… სხვა ქვეყნებში… სულ სხვა ეროვნების ხალხს შორის დააბიჯებენ… სხვის მოედნებზე დარბიან და უცხოების გულებს ახარებენ… რატომ? მათ ხომ ქართველები ჰქვიათ! ხომ შეიძლება მათმა ერთმა ფეხის მოქნევამ სხვებს კი არა, მათივე თანამემამულეებს აუჩქროლოს გულებში, ძარღვებში სისხლი?! რატომ? რამ აიძულა ისინი, რომ თავიანთი თანამემამულენის მაგივრად სხვისი გული გაეხარებინათ მრავალი გოლით? იქნებ ჩვენ ვართ დამნაშავე ამ ყველაფერში? იქნებ, სამშობლომ ვერ დაინახა ის პოტენციალი მათში, რამაც ახალგაზრდა, პატარა ბიჭებს, რომელიც გზის გაკვალვას ცდილობდნენ, გული აუცრუა და სხვა ქვეყანას მიაშურეს? ერო, განა ბევრი გვყავს დასაკარგი? ბევრია ისეთი, ვინც სხვისი ქვეყნისთვის გვემეტება?! ის, რაც ჩვენია, მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ და შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ საქართველოს სახელით თამაში ეამაყებოდეთ. იქნებ კი, მათ უფიქრიათ ჩვენთან, სამშობლოში დაბრუნებაზე? ნეტავ, იყო ოდნავი მცდელობა მათი დაბრუნების? ვინ იცის, როგორ სურდათ, თავიანთ კერაში, თავიანთ სამშობლოში გულშემატკივრის გახარება და სულაც არ უხარიათ, სხვის ხალხს გულს რომ უხარებენ. განა რა გაკეთდა იმისთვის, რომ ისინი შეგვენარჩუნებინა? ალბათ, ბევრი მიხვდით, თუ ვისზეა საუბარი, მაგრამ უფრო დაზუსტებული და გასაგები რომ იყოს ჩვენი თემა, ამ ბლოგით ვისაუბრებთ ფეხბურთელებზე, რომლებიც ქართველები არიან, მაგრამ სხვისი ქვეყნის სახელით თამაშობენ. ვინ ვიყავით? ვინ ვართ? ვინ ვიქნებით? - საინტერესოა, რას ელოდება ამ კითხვის პასუხში ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელიც უკვე მერამდენე წელია, იმედგაცრუებული ელოდება პოზიტივს საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან, რაც ბოლოდროინდელი მატჩებიდან მართლაც ჩანს. ზოგადად, ყველაზე სამწუხარო სენი ქართველ ფეხბურთელებში სიზარმაცეა. დიდი ხანია არის სტერეოტიპი, რომ გარკვეული წარმატების შემდეგ ფეხბურთელები კმაყოფილდებიან გარკვეულ დონეს და იწყებენ გართობას. ეს პრობლემა ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იყო. არა მხოლოდ დღესდღეობით, მაშინაც, წინა საუკუნეში, ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, როდესაც „დინამომ“ თასების თასი მოიგო. ამ წარმატების შემდეგ დედაქალაქურ კლუბს ჩავარდნა ჰქონდა, რასაც იმით ხსნიდნენ, რომ ეიფორიიდან ვერ ახერხებდნენ გამოსვლას. ყველაზე დიდი პრობლემაა, მიაღწიო წარმატებას და სპორტსმენი ამით დაკმაყოფილდე. „მანჩესტერის“ ლეგენდა, რაიან გიგზი იხსენებს: „2008 წლის ფინალში, „ჩელსის“ დამარცხების შემდეგ, როდესაც ყველა ზეიმობდა, სერ ალექს ფერგიუსონი მოვარდა ჩემთან და დამიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი მომდევნო სეზონი. ის არასდროს ჩერდებოდა და ჩვენგან ყოველთვის მეტი სურდა“. ამ ფრაზით ყველაფერი ნათქვამია. ჩანს, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ის, ვისაც ნამდვილად სურს წარმატების ზენიტში მოხვედრა. ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც თაობათა სიძლიერე თუ არ დააკანონე, წარმატება წარმოუდგენელია. მაგალითისთვის, რაგბს მოვიყვან, სადაც რამდენიმე წელია, ახალი ზელანდია რეიტინგულად და თამაშით ხარისხით უპირობო ფავორიტია, რადგან, ისინი ზრდიან კარგ თაობებს და მათი მოლოდინი არ არის მხოლოდ რამდენიმეწლიან წარმატებაზე გათვლილი. საქართველოს ნაკრებს სწორედ ის პერიოდი აქვს, როდესაც მრავალწლიანი წარუმატებლობის შემდეგ უამრავი ტალანტი ეზრდება და მათი განვითარებაც სწორი გზით მიმდინარეობს, მაგრამ საწყენია, რომ ნიჭიერ ფეხბურთელთა ნაწილი, რომელთაც შეუძლიათ, საქართველო დიდ ტურნირზე გაიყვანონ, სხვისი ქვეყნისთვის თამაშობენ და სრულად უცხო ხალხს უხარებენ გულს. ახლა კი გავეცნოთ დოსიეს იმ ბრწყინვალე ქართველ ფეხბურთელებზე, რომლებიც სხვისი ეროვნების ხალხს ახარებენ თავიანთი გოლებით, საგოლე გადაცემებით და წარმატებული თამაშით.

ბექა ვაჩიბერაძე

39bf7605603aa9ff559c55da8b344823

დაიბადა 1996 წლის 5 მარტს, ქუთაისში. ყველამ ვიცით, რა ეროვნებისაა რეალურად ბექა, მაგრამ ის უკრაინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს. ამპლუით ჩამშლელი ნახევარმცველი, რომელსაც შეუძლია შეტევებშიც პროდუქტიულად ჩართვა. საქართველოს სჭირდება კრეატიული ნახევარმცველები, რაც ბექას დადებითი მხარეა. მას შეუძლია ჩაშალოს სახიფათო შეტევა, შეაფასოს მოედანი და თანაგუნდელს საოცარი გადაცემა გაუკეთოს. ვაჩიბერაძემ უკვე მის ასაკში მიაღწია წარმატებას და ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობს. დონეცკის „შახტარის“ ნახევარმცველი ახალი სეზონის წინ ესპანურმა „ბეტისმა“ დაიმატა და ბექა „ბეტისი ბ“-შია.

გიორგი მელქაძე

i_933984142a4db7f51381a2092821a822_1418048161217193_0

დაიბადა 1997 წლის 4 აპრილს, მოსკოვში. 18 წლის ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველი, კერძოდ კი ჩამშლელია. როგორც მისივე სიტყვები მოწმობს, 24 საათი მხოლოდ ფეხბურთზეა კონცენტრირებული. მინსკის ტურნირის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მისი გადმობირება სცადა, მაგრამ გიორგიმ მტკიცე უარი განაცხადა. რუსეთში გავიზარდე და ამ ქვეყნისთვის უნდა ვითამაშოო. თუმცა, ამის მიუხედავად, მელქაძეს, რომელსაც ქართული საერთოდ არ ესმის, რომ უთხრა, რუსი ხარო, უარყოფს და იტყვის, Я грузин(მე ქართველი ვარ).

გიორგი მახათაძე

Russia - France. Group C, UEFA Under-17 Championship Bulgaria 2015.

დაიბადა 1998 წლის 26 მარტს. 17 წლის ფეხბურთელი 2014 წელს შეუერთდა „ლოკომოტივს“ და უკვე ასაკობრივი გუნდის კაპიტანია. პოზიციით ნახევარმცველი მოთამაშე რუსეთის 17 წლამდელთა ნაკრების კაპიტანიცაა. ამჟამად, მისი ასაკობრივი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, გიორგიმ კი რამდენიმე დღის წინ ცენტრიდან სამხრეთ აფრიკას ისეთი გოლი გაუტანა, მასზე მთელი მსოფლიო წერდა. გიორგი მახათაძე იმ ტიპის ნახევარმცველია, რომელსაც თანაგუნდელების გადაცემებით მომარაგება კარგად ეხერხება და უყვარს, მოულოდნელად, შორი დისტანციიდან გასროლა.

ნიკოლოზ ყიფიანი

NIKA

დაიბადა 1997 წლის 25 იანვარს, ქალაქ თბილისში. ამპლუით შემტევი. ნიკას როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივად შეუძლია თამაში. მას უნივერსალური თვისებები აქვს. ფეხით მარჯვენა წინახაზელი „ლოკომოტივის“ 19 წლამდელთა გუნდში 2014 წლიდან ირიცხება. მის დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება, რადგან თავად ყიფიანსაც ისე აქვს რუსეთში ფეხი მოკიდებული, არ სურს მის სამშობლოში დაბრუნება. ნიკა, როგორც გიორგი მელქაძე, იმ ნიჭის ფეხბურთელია, რომელსაც ევროპულ გრანდში ლიდერის ფუნქციის შეთვისება შეუძლია, მაგრამ როგორც ხშირ შემთხვევებში, დიდი ალბათობით, მისი კარიერას რუსულ ახირებას გადაჰყვება და „ლოკომოტივი“, ფართოდ, წარმატების მიღწევის შანსს არ მისცემს. ფაქტია, ბიჭები, რომელთა შესახებაც ზემოთაღნიშნულ ინფორმაციაში წაიკითხეთ, არიან იმ ნიჭს მფლობელები, რომელთაც შეეძლოთ, საქართველო დიდ ტურნირზე გაეყვანათ, მაგრამ მათი დაბრუნება ვერ ან არ მოხერხდა. სამომავლოდ, ასეთი სიტუაციები უნდა დარეგულირდეს. ჩვენ ვიხილეთ 4 ფეხბურთელი. მათი დაკარგვა ქართველი გულშემატკივრისთვის უდიდესი ტკივილია, მითუმეტეს იმის ფონზე, როცა ხედავენ, როგორ უხარებენ ეს ბიჭები უცხო ქვეყნის ხალხს გულებს, წარმატებული შედეგებით. ჩვენს ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეტი სიტუაცია, რომ ასეთ ფეხბურთელებს თავიანთი ნიჭის სრულად გამოყენების საშუალება ბოლომდე მიეცეთ.

მოამზადა საბა საპანაძემ, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

   

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები