კიტეიშვილმა "დინამოს" პირველობა დაუბრუნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კიტეიშვილმა "დინამოს" პირველობა დაუბრუნა


კიტეიშვილმა
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-10 ტურის შეხვედრა "დინამო არენაზე", სადაც ერთმანეთს გია გეგუჩაძისა და სოსო ფრუიძის გუნდები დაუპირისპირდნენ. მე-12 წუთზე "დინამომ" ანგარიში გახსნა. ოთარ კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ, დავიდ კუპატაძეს ბურთი ხელიდან გაუვარდა, რითაც ოთარ კიტეიშვილმა ისარგებლა და ცარიელ კარში ბურთიანად შევიდა. მე-16 წუთზე, "ჩიხურას" მცველების შეცდომით, გიორგი ქვილითაია მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა მას უკნიდან თორნიკე გრიგალაშვილი წამოეპარა და წააქცია. მსაჯმა იმერელთა 2-იანი დაუფიქრებლად გააძევა. მათე ცინცაძემ საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. დედაქალაქელთა 6-იანმა ბურთი "ჩიხურას" საჯარიმოში მდგარ ცოცხალ კედელს გაარტყა. 24-ე წუთზე, "ჩიხურას" სასარგებლოდ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ბურთი ხელში "დინამოელთა" შემტევს, ალექსანდრე იაშვილს მოხვდა, მაგრამ თორნიკე მუმლაძის პენალტი ლიბორ ჰრდლიჩკამ მოიგერია. 27-ე წუთზე, ოთარ კიტეიშვილმა კუთხური მოაწოდა, რომელიც "ჩიხურას" მცველებმა მოიგერიეს. გადმოვარდნილი ბურთი ჯაბა ჯიღაურმა კარში ჩაუშვა, მაგრამ დავით კუპატაძემ ბრწყინვალე ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. 36-ე წუთზე, ჯაბა ჯიღაურს დავით კუპატაძემ კვლავ აჯობა. იმერელთა მეკარემ ბურთი კუთხურზე, ნახტომში მოიგერია. 41-ე წუთზე, დუბლის გაფორმებას ცდილობდა ლამაზი დარტყმით ოთარ კიტეიშვილი, თუმცა დავით კუპატაძე ბურთს ადვილად დაეუფლა. 45-ე წუთზე, "დინამომ" მორიგი საჯარიმო დარტყმა შეასრულა. ალექსანდრე იაშვილის დარტყმა კვლავ კუპატაძემ მოიგერია, ამჯერადაც კუთხურზე. მეორე ტაიმი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო. 49-ე წუთზე, ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებას ოთარ კიტეიშვილი გამოეხმაურა, რომლის დარტყმაც კუპატაძემ ხელებში დაიმორჩილა. 63-ე წუთზე, საბა ლობჟანიძის წინააღმდეგ თამაშის წესი გიორგი კორიფაძემ დაარღვია. საჯარიმო დარტყმა თავად 22-იანმა შეასრულა, რომლის სახიფათო დარტყმაც დავით კუპატაძემ კუთხურზე გადააგდო. 66-ე წუთზე, ანგარიშის გაზრდა ახლადშემოსულმა საბა ლობჟანიძემ სცადა. ბურთს "ჩიხურას" მეკარე დაეუფლა. 73-ე წუთზე, სახიფათო მომენტი "ჩიხურასაც" შეექმნა. გიორგი კორიფაძის, კუთხურის, ჩაწოდების შემდეგ, ლაშა ჩიკვაიძის დარტყმა ლიბორ ჰრდლიჩკას მცირე მანძილით აცდა. 86- წუთზე, "დინამომ" სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და როგორც იმერლები, მეტოქის საჯარიმოსთან ისინიც სამნი იყვნენ, მაგრამ კიტეიშვილის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. 87-ე წუთზე "დინამომ" ყველაფერს წერტილი დაუსვა. ოთარ კიტეიშვილმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ბრწყინვალე დარტყმით "ჩიხურელთა" კარი მეორედ დალაშქრა.

"დინამო" 2:0 "ჩიხურა"

გოლი: კიტეიშვილი '12; '87

"დინამო": ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ფერეირა, ჭელიძე, თევზაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი, ჯიღაური(არაბული '46), იაშვილი(ლობჟანიძე '61), ქვილითაია(ჯანელიძე '83).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

"ჩიხურა": კუპატაძე, გრიგალაშვილი, მეგრელიშვილი, განუგრავა, ჭეჭელაშვილი(ჭანკოტაძე '61), მუმლაძე(დეკანოიძე '68), კორიფაძე, კურტანიძე(სარდალიშვილი '15), ჩიკვაიძე, დობროლოვსკი, კაშია.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: იაშვილი - განუგრავა

გაძევება: გრიგალაშვილი '16


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები