ქვილითაიამ და ჯიღაურმა "კოლხეთი" "დაბომბეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ქვილითაიამ და ჯიღაურმა "კოლხეთი" "დაბომბეს"


ქვილითაიამ და ჯიღაურმა
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-11 ტურის ბოლო შეხვედრა "დინამო არენაზე", სადაც თბილისის "დინამომ" ფოთის "კოლხეთი" გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. პირველი სახიფათო მომენტი მე-17 წუთზე შეიქმნა, რომელიც "დინამომ" გოლად აქცია. გიორგი გურულის ჩაწოდებას თავით ჯაბა ჯიღაური გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა. 34-ე წუთზე დედაქალაქურმა გუნდმა სხვაობა გაზარდა. ალექსანდრე იაშვილის გადაცემის შემდეგ, გიორგი ქვილითაიამ მეგრული გუნდის მცველებს დაასწრო და ცარიელ კარში გატანა აღარ გასჭირვებია. 40-წუთზე "დინამოს" მე-3 გოლის გატანაც შეეძლო. გიორგი გურულის ჩაწოდების შემდეგ, გიორგი ქვილითაიამ ბურთს ფეხი ხეირიანად ვერ მიჰკრა და ფოთელთა კარში ზუსტად ვერ გადაგზავნა. 42-ე წუთზე, იაშვილი-კიტეიშვილის კომბინაციის შემდეგ, მასპინძელთა 13-იანი სტუმართა მცველებმა წააქციეს. პენალტი ალექსანდრე იაშვილმა შეასრულა, რომელიც კონსტანტინე სეფიაშვილმა მოიგერია. 44-ე წუთზე, "დინამომ" მე-3 გოლის გატანა მოახერხა. დედაქალაქელებმა სწრაფი კონტრ-შეტევა განახორციელეს. ოთარ კიტეიშვილის პასით, გიორგი ქვილითაიამ დუბლი გაიფორმა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კიდევ ერთი გოლის გატანა ალექსანდრე იაშვილს შეეძლო. მისი დარტყმა სეფიაშვილის კარს მცირე მანძილით აცდა. 51-ე წუთზე, ფოთის "კოლხეთმა" ანგარიში შეამცირა. თედო კაკულიას გადაცემის შემდეგ, ზურაბ თევზაძემ ჰრდლიჩკას კარი დალაშქრა. 61-ე წუთზე "დინამომ" გელა სანაიას გუნდს მე-4 გოლი გაუტანა. ჯაბა ჯიღაურმა მოჭრილი დარტყმით კონსტანტინე სეფიაშვილის კარის ბადეში ბურთი გაახვია. 65-ე წუთზე "დინამომ" "კოლხეთს" მე-5 გაუტანა. "კოლხეთის" მცველების შეცდომით, ოთარ კიტეიშვილმა ისარგებლა, გიორგი ქვილითაიას გადაცემა გაუკეთა და ტანმაღალ ცენტრფორვარდს ჰეთ-თრიქის გაფორმება არ გასჭირვებია. 71-ე წუთზე, გელა სანაიას გუნდს მე-2 გოლის გატანის შანსი ჰქონდა. ალექსანდრე კოშკაძის საჯარიმო დარტყმა ლიბორ ჰრდლიჩკას კარის ხარიხას მოხვდა. 87-ე წუთზე ფოთის "კოლხეთმა" მე-2 გოლის გატანა შეძლო. გიორგი გველესიანის შეცდომის შემდეგ, რენე ფერეირამ 30-იანის გადაცემა ვერ დაიმორჩილა, თამაზ ჟიშკარიანმა ჩაჭრა და ცარიელ კარში გაიტანა.

"დინამო" 5-2 "კოლხეთი"

გოლი: ჯიღაური '17, '61, ქვილითაია '34; '44, '65 - თევზაძე '51, ჟიშკარიანი '87

"დინამო": ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ფერეირა, გველესიანი, გურული, ცინცაძე(ჭანტურიშვილი '66), პარუნაშვილი, იაშვილი, კიტეიშვილი(არაბული '66), ჯიღაური, ქვილითაია(ჯანელიძე '72)

მთ.მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

"კოლხეთი": სეფიაშვილი, თევზაძე, კოშკაძე, პოლულიახი, კაკულია, ჟიშკარიანი, ქებურია, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა(კაკულია '46), გოგოხია, გურეშიძე

მთ.მწვრთნელი: გელა სანაია

საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები