ზიდანი, კაკა და ჰამლეტი, ანუ მხითარიანის უცნობი ისტორია


ზიდანი, კაკა და ჰამლეტი, ანუ მხითარიანის უცნობი ისტორია
ჩემი ბავშვობის ერთ–ერთი ყველაზე ადრეული მოგონება არის თუ როგორ ვთხოვდი მამაჩემ ჰამლეტს წავეყვანე თავისი კლუბის ვარჯიშზე. ამ დროს ალბათ 5 წლის ვიქნებოდი.

80–იან წლებში, ანუ მანამდე, სანამ დავიბადებოდი, მამაჩემი სომხეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. ის პატარა, მაგრამ სწრაფი თავდამსხმელი იყო. 1984 წელს, გაზეთმა „საბჭოთა ჯარისკაცმა“ ის სპეციალური ტიტულით დააჯილდოა.

1989 წელს, როცა მე ჯერ კიდევ ყრმა ბავშვი ვიყავი, ჩემი ოჯახი საფრანგეთში გადასახლდა, რადგან ამ დროს, სომხეთში სერიოზული პოლიტიკური ძვრები და შესაბამისად არეულობა დაიწყო.

ჰამლეტი საფრანგეთის მეორე დივიზიონში, „ვალენსში“ თამაშობდა. მახსოვს, ყოველ დილით ვტიროდი, როცა მამა ვარჯიშზე მიდიოდა. ყოველ დილით ვთხოვდი: „მამა, წამიყვანე ვარჯიშზე!“ „წამიყვანე, გთხოვ“, რა თქმა უნდა, არასდროს მივყავდი, რადგან არ სურდა მომზადებისას ყურადღება ჩემზე ფიქრით გაჰფანტვოდა.

მართალი გითხრათ, ამ ასაკში ფეხბურთი დიდად არც მაინტერესებდა. უბრალოდ, მინდოდა დრო მამასთან გამეტარებინა. ერთხელაც საკმაოდ ჭკვიანური გეგმა შეიმუშავა.

დილით ვეუბნები – „მამა, წამიყვანე ვარჯიშზე“

მან მითხრა: „არა, არა. დღეს ვარჯიში არ არის, ჰენრიხ. სუპერმარკეტში მივდივარ და ძალიან მალე დავბრუნდები“

ის გამეპარა...მე კი ველოდებოდი...

რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა პროდუქტებით სავსე ჩანთების გარეშე.

რა თქმა უნდა, ყველაფერი მივხვდი და ტირილი დავიწყე.

„მომატყუე! სუპერმარკეტში არ ყოფილხარ, ფეხბურთზე იყავი“

ზიდანი, კაკა და ჰამლეტი, ანუ მხითარიანის უცნობი ისტორია


მამაჩემთან გატარებული დრო ძალიან მრავლისმომცემი იყო, მაგრამ ძალიან პატარა. 6 წლის ვიყავი, როცა ჩემმა მშობლებმა განმიცხადეს, რომ კვლავ სომხეთში ვბრუნდებოდით. პატარა ვიყავი და არ მესმოდა , თუ რა ხდებოდა ჩემ ირგვლივ.


ჰამლეტმა ფეხბურთის თამაშს თავი დაანება, მთელი დღე სახლში იყო...

ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ მამას ტვინის სიმსივნე ჰქონდა... ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა... გადმოსახლება, დიაგნოზი და სიკვდილი.

პატარა ვიყავი და ბოლომდე ვერ ვაანალიზებდი თუ რამდენად დიდი დანაკლისი მოადგა ოჯახს.


ცხოვრება საშინელებათა ფილმს დაემსგავსა. ჩემი უფროსი და და დედაჩემი მთელი დღე ტიროდნენ. ვეკითხებოდი, სად არის მამაჩემი–მეთქი, მაგრამ ვერავინ მპასუხობდა.

ნელნელა ყველაფერში გარკვევა დავიწყე. დედაჩემი მეუბნებოდა:

„ჰენრიხ, ის აღარასდროს იქნება ჩვენთან“

ვფიქრობდი, არასდროს? „არასდროს“ საკმაოდ გრძელი დროა, როდესაც 7 წლის ხარ.

ჰამლეტის თამაშის ჩანაწერები მქონდა. რომ არ დამვიწყებოდა, კვირაში 2–3_ჯერ ვუყურებდი.

განსაკუთრებულად დიდ ბედნიერებას მანიჭებდა კადრები, სადაც ის გახარებული იყო, გოლს აღნიშნავდა, ან თანაგუნდელებს ეხვეოდა.

მამაჩემი ვიდეოჩანაწერებში ცხოვრობდა.

ჰამლეტის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ ფეხბურთის თამაში დავიწყე. ის ჩემი მოტივაცია, იდეალური კუმირი იყო. ყოველდღე, ვარჯიშზე წასვლისას ჩემ თავს ვეუბნებოდი: შენ უნდა ირბინო მის მსგავსად, შენ უნდა დაარტყა მის მსგავსად.

10 წლის ასაკში უკვე ფეხბურთმა მომიცვა. ჩემი ყოველდღიურობის 95%–ს „ფეხბურთი“ შეადგენდა. ვვარჯიშობდი,ვკითხულობდი, ვუყურებდი და ვთამაშობდი PLAYSTATION–ზე. განსაკუთრებით მომწონდა კრეატიული ფეხბურთელები, მაგალითად: ზიდანი, კაკა და ჰამლეტი (შესანიშნავი მეწყვილეები მამაჩემისთვის).

ადვილად ჟღერს, თუმცა ყველაფერი საკმაოდ რთულად იყო. დედაჩემი ერთდროულად დედობასა და მამობას მიწევდა. იყო პერიოდი, როცა ვარჯიშიდან დაბრუნებულს მითქვამს:

„აღარ შემიძლია, უნდა გამოვიდე“

დედა მპასუხობდა: „გამოსვლა არ შეგიძლია, მეტი უნდა იმუშაო და ყოველდღე უკეთესი გახდები“

მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, დედამ მუშაობა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციაში დაიწყო.

ჩემი და და დედაჩემი ხშირად მსჯიდნენ. 13 წლის ვიყავი, როცა „სან პაულოში“ სავარჯიშოდ, 4 თვით მარტო გამიშვეს. მგონი, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო პერიოდი იყო. აღმოვჩნდი ქვეყანაში, რომლის ენაც არ ვიცოდი, სადაც არ ვიცნობდი არავის, თუმცა ვიყავი საფეხბურთო სამოთხეში და სხვა დანარჩენი საერთოდ არ მანაღვლებდა.

ვოცნებობდი ვყოფილიყავი კაკას დონის ფეხბურთელი. ბრაზილია კი მსგავსი კრეატიული სტილის სამშობლოა, რომელსაც ადგილობრივები „ჯინჯას“ უწოდებენ. პორტუგალიური წამოსვლამდე 2 თვით ადრე ვისწავლე, თუმცა ჩასვლისთანავე მივხვდი, რომ სწავლა ერთია, ბრაზილიელებთან საუბარი კი – მეორე.

ზიდანი, კაკა და ჰამლეტი, ანუ მხითარიანის უცნობი ისტორია


ბრაზილიაში 2 სომეხ ფეხბურთელთან ერთად წავედი. ოთახში შევედით და აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენთან ერთად ერთი ბრაზილიელი ბიჭი იცხოვრებდა. ჩემსავით გამხდარი იყო, შავი თმები ჰქონდა, მოვიდა და გაგვეცნო:

„Bom dia! Meu nome é Hernanes.“

დიახ, ეს ის ერნანეშია, რომელიც ახლა „იუვენტუსში“ თამაშობს.

სავარჯიშო ბაზაზე ვცხოვრობდით, იქვე ვჭამდით და ვერთობოდით. PLAYSTATION არ გვქონდა, მხოლოდ ტელევიზორი, იქაც ყველაფერი პორტუგალიურ ენაზე იყო.

ასე რომ, პირველი კვირეები ძალიან რთული იყო, იქაურებს ვერ ვესაუბრებოდით. ბავშვები მოდიოდნენ, რაღაცას გვეუბნებოდნენ და შემდეგ იცინოდნენ.

ბრაზილიელები თავიანთი ბუნებით არაჩვეულებრივები არიან. შეუძლებელია ამის აღწერა, ეს შენს თავზე უნდა იგრძნო და გამოსცადო თუ როგორი თბილები არიან.

პირველ ვარჯიშზე რამდენიმე გოლი გავიტანე. ვფიქრობდი: „ჰაჰა! მე სომეხი ვარ და ბრაზილიელებთან გოლები გამაქვს“ – თავს ისე ვგრძნობდი, როგორც მეგავარსკვლავი.

აქ ყველაფერი სხვანაირად ხდებოდა. 45 წუთი ვთამაშობდით, შემდეგ 15 წუთიანი შესვენება – ამ დროს ვჭამდით ხილს, ვსვამდით წვენს და კვლავ მინდორზე ვბრუნდებოდით .ბრაზილიელები ისე ყოველთვის ისე ვარჯიშობდნენ, თითქოს ოფიციალური მატჩი იყო. სომხეთში, ვარჯიშისას, ძირითად აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე ვაკეთებდით, აქ კი ტექნიკა, ტექნიკა და ტექნიკა.

იყო მომენტები, როცა პანსიონში ბურთი არ გვქონდა. ამ დროს ვიღებდით წინდებს, ერთმანეთში ვახვევდით და ვიღებდით შესანიშნავ ბურთს.

რამდენიმე თვის შემდეგ, პორტუგალიურად საუბარი დავიწყე. პირველი, რაც გავაკეთე – ერნანეშს სომხური ანბანი ვასწავლე (იცინის).

ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი იყო – სწორედ ამ დროს ჩამოვყალიბდი როგორც ფეხბურთლი. სომხეთში დაბრუნებული, ისევ ისეთი გამხდარი და სუსტი ვიყავი, როგორიც წასვლისას, თუმცა ბრაზილიაში დავხვეწე ტექნიკა. ახლა უკვე მოედანზე თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობდი, დაახლოებით, როგორც სომეხი რონალდინიო (რა თქმა უნდა, ვხუმრობ) .

უკვე 3 ენა ვიცოდი – სომხური, ფრანგული და პორტუგალიური. ძალიან მიხაროდა და ხშირად ვურევდი ენებს ერთმანეთში, ნახევარ წინადადებას სომხურად ვამბობდი, ნახევარს პორტუგალიურად.

ინგლისურზეც ასე ვარ, ასე რომ, არ გაგიკვირდეთ თუ რაიმე უცნაური სიტყვა გითხარით.

ზიდანი, კაკა და ჰამლეტი, ანუ მხითარიანის უცნობი ისტორია


20 წლისას უკრაინაში, დონეცკის „მეტალურგში“ გადავედი. ჩემს საფეხბურთო კულტურას უკრაინულ–რუსული ნაზავი დავამატე. ნამდვილად ნაყოფიერი 2 წლის შემდეგ ამავე ქალაქის გუნდში, ოღონდ, გაცილებით უფრო პრესტიჟულში, „შახტარში“ გადავბარგდი.

ბევრი მეუბნებოდა, რომ იქ გადასვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან „შახტარში“ არც მეტი არც ნაკლები, 12 ბრაზილიელი ფეხბურთლი თამაშობდა, რომ აქ წარმატებას ვერ მივაღწევდი. მე უბრალოდ ვუსმენდი მათ და მეღიმებოდა, „მე ხომ ნახევრად ბრაზილიელი ვარ!“ – ვფიქრობდი გულში.

რა თქმა უნდა, გუნდელებს შესანიშნავად შევეწყვე. „შახტარში“ 3 წელი გავატარე, 2013 წელს კი უკრაინის პრემიერ ლიგაში გოლების რეკორდიც კი დავამყარე. ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ „ზემოთხსენებულები“ გავაჩუმე.

ჩემი კარიერა საინტერესოდ განვითარდა, შემოთავაზება დორტმუნდის „ბორუსიასგან“ მივიღე და მეც უყოყმანოდ დავთანხმდი.

პირველი სეზონი გერმანიაში მშვენიერი იყო, რასაც ვერ ვიტყვი შემდეგ წელზე. გუნდი თამაშს თამაშზე აგებდა და ვგრძნობდი, რომ ფორტუნა ჩვენს მხარეს არ იყო. გოლები კი არა, ასისტებიც კი არ მქონდა, რაც ჩემთვის ძალიან უჩვეულოა. ჩემში ძალიან დიდი თანხა გადაიხადეს და ვცდილობდი ავანსები გამემართლებინა.

ფიქრში უამრავი ღამე გავათენე, ვფიქრობდი ჩემს მომავალზე, გუნდის მომავალზე და გამოსავალზე. სადილად გასვლაც კი არ მინდოდა. შეიძლება ითქვას, დეპრესიაში ვიყავი, როცა გუნდში ახალი მწვრთნელი, ტომას ტუხელი მოვიდა.

მისი მოსვლით ყველაფერი შეიცვალა. პირველივე დღეს, ჩემთან მოვიდა და მითხრა:

„კარგად მისმინე! შენგან მაქსიმუმი უნდა მივიღო“

ამ სიტყვებზე მხოლოდ გამეღიმა, რადგან მეგონა რომ ამას მხოლოდ იმიტომ მეუბნებოდა, რომ თავი უკეთ მეგრძნო. მის სიტყვებში ეჭვი მეპარებოდა.

მაგრამ ძალიან სერიოზულად შემომხედა და კიდევ ერთხელ მითხრა:

„მიკი! შენ იქნები ძალიან მაგარი“

იმ დამთრგუნველი სეზონის შემდეგ, არც კი მეგონა თუ ოდესმე ვარსკვლავი გავხდებოდი, მაგრამ ტომასმა ეს შეძლო. მან ჩემგან მაქსიმუმი მიიღო, ალბათ, იმიტომ რომ მე ბედნიერი ვიყავი. ეს ბრაზილიური ფორმულაა, თუ ბედნიერი ხარ – კარგად თამაშობ.

მინდორზე დიდი ენთუზიაზმით გავდიოდით, ვთამაშობდით და ვიღებდით სიამოვნებას. წარმოიდგინეთ, მინდორზე 2 მცველით, 3 ნახევარმცველითა და 5 თავდამსმხელით გავდიოდით, თუმცა ვიგებდით.

ზიდანი, კაკა და ჰამლეტი, ანუ მხითარიანის უცნობი ისტორია


ზაფხულში ჩემმა აგენტმა დამირეკა და მეუბნება:

„შენი შეძენით მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული. რას იტყვი?“

„რა? დარწმუნებული ხარ?“

როცა ოცნების ახდენასთან ძალიან ახლოს ხარ, თავი სიზმარში გგონია.

აგენტის ნათქვამი მხოლოდ მაშინ დავიჯერე, როცა რამდენიმე დღის შემდეგ „იუნაიტედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვარდმა დამირეკა და მითხრა, რომ „მანჩესტერს“ ჩემი გადაბირება სურდა. ალბათ, გესმით თუ როგორი გახარებული ვიქნებოდი.

ვიცოდი, რომ „მანჩესტერში“ ყველაფერი რთულად იქნებოდა, რომ შეიძლება სათამაშო დროც კი არ მქონოდა. დავფიქრდი და მივხვდი, რომ არ მინდა ასაკში შესულმა, სავარძელში მჯდომმა ახალგაზრდობა გავიხსენო და ვინანო „მანჩესტერში“ არ გადასვლა.

უნდა ვთქვა, რომ ჩემი „მანჩესტერული ცხოვრება“ იდეალურად არ დაწყებულა. სეზონის დაწყებისთანავე ტრავმა მივიღე. თუმცა გულწრფელად გითხრათ, არაფერს ვნანობ, ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით. ბავშვობიდან ვოცნებობდი რომელიმე დიდ გუნდში თამაშზე.

როცა „ოლდ ტრაფორდზე“ დააბიჯებ ხვდები, რომ ეს მხოლოდ მოედანი არ არის, ეს ჩვეულებრივი სცენაა. ამ სცენაზე მამაჩემი ჰამლეტი რომ მხედავდეს დარწმუნებული ვარ, ძალიან ამაყი იქნებოდა. ყოველთვის ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემ გვერდით არ არის, მუდმივად მეხმარება წარმატების მიღწევაში.

უცნაურია, მაგრამ ჩემი თამაშის ჩანაწერი არასდროს მინახავს. მძულს ჩემი თავსი ყურება, რადგან ამ დროს შეცდომებს ვამჩნევ. მამაჩემის სათამაშო სტილისგან მკვეთრად განვხსხვავდები. ის სწრაფი თავდამსმხმელი იყო, ძლიერი დარტყმით. მე უფრო ტექნიკური ვარ, მაგრამ ბევრი მეუბნება, რომ სირბლისას ზუსტად მამას ვგავარ.

ისინი მეუბნებიან: „ჰენრიხ, ძალიან გავხარ ჰამლეტს, მასავით დარბიხარ. როცა გიყურებ, მგონია, რომ მამაშენს ვხედავ“

ვერც დავეთანხმები და ვერც უარყვოფ, რადგან ჩემი თამაში არასდროს მინახავს.

თუმცა, მე ხომ თამაში ჰამლეტის ვიდეოჩანაწერებიდან ვისწავლე...

დიმა კუტუბიძე, სპეციალურად Goal.Ge–სთვის.

დღის ვიდეო

ზაზას საუკეთესო მომენტები ამ სეზონში

ყველა სიახლე

ცხრილები