ადამიანი, რომელმაც ანტუან გრიზმანი "აღზარდა"


ადამიანი, რომელმაც ანტუან გრიზმანი
2016 წელი საფეხბურთო სამყაროში მოულოდნელობებითა და სენსაციებით აღსავსე გამოდგა: ინგლისის პრემიერ ლიგა "ლესტერ სიტიმ" მოიგო, ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის ეროვნული ნაკრები გახდა. გარდა ამისა, გულშემატკივარმა ძალიან ბევრი ახალი სახე და ტალანტი აღმოაჩინა, მათ შორის რენატო სანჩეში, იოზუა კიმიხი, მარკუს რეშფორდი და ა.შ.

2016 წელი ძალიან წარმატებული გამოდგა კიდევ ერთი ახალი ვარსკვლავისთვის, რომელმაც გასულ სეზონში მწვერვალისკენ ბოლო ნაბიჯი გადადგა და უმაღლეს დონეს მიაღწია. საუბარია მადრიდის "ატლეტიკოსა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევზე, ანტუან გრიზმანზე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, მოგვიანებით კი თანამედროვეობის უძლიერეს მოთამაშეებს, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს, გვერდები დაუმშვენა.

თუმცა, თავის დროზე, ანტუანს თითქმის ყველა იწუნებდა და რომ არა ერთი გამორჩეული პიროვნება, რომელმაც გრიზმანს ყველანაირი პრობლემა გადაალახვინა და ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში გვერდში დაუდგა, ანტუანი ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა. დღეს კი სწორედ ამ უცნობ, მაგრამ მართლაც ბრწყინვალე ადამიანზე ვისაუბრებთ, რომელი "რეალ სოსიედადში" სკაუტის თანამდებობაზე მუშაობს.

გთავაზობთ ანტუან გრიზმანის ძალიან საინტერესო და დრამატული პატარაობის ისტორიას, რომელიც მის "გამზრდელ" ერიკ ოლატსს უკავშირდება.

"შენ ძალიან დაბალი ხარ, ზედმეტად სუსტი. შენი მინდორზე დაგდება მარტივია, უფრო ძლიერი უნდა იყო", - ამ სიტყვებს პატარა ანტუანი დღეში რამდენიმეჯერ ისმენდა - ყოველ ჯერზე, როდესაც რომელიმე ცნობილ ფრანგულ კლუბში სინჯებზე მიდიოდა. დიდმხრებიანი აფრიკული წარმოშობის ბიჭების ფონზე, რომლებიც საშუალოდ 10 სანტიმეტრით მაღლები და 5-6 კილოგრამით მეტი იყვნენ, ანტუანი ზედმეტად სუსტად გამოიყურება. მას "სენტ-ეტიენშიც", ლიონის "ოლიმპიკშიც" და "ოსერშიც" უარი უთხრეს.
ადამიანი, რომელმაც ანტუან გრიზმანი "აღზარდა"

თუმცა, ყველაფერი 13 წლის ასაკში შეიცვალა, როდესაც "მონპელიემ" გრიზმანი პარიზის ბავშვთა ტურნირზე შეამჩნია. სხვა ბიჭები, რომლებიც სინჯებზე აიყვანეს, "მონპელიეს" კლასიკურ ფორმებში გამოეწყვნენ, ანტუანისთვის კი ფორმა აღარ დარჩა. შესაბამისად, მას საკუთარი სპორტული მაისურის ჩაცმა მოუწია. ეს რაღაც უცნაური მუქი ფერის ფორმა იყო, რომელზეც მკაფიო ყვითელი ასოებით "Jamaica" ეწერა.

გრიზმანი თითქმის მთელი მატჩი სათადარიგო სკამზე იჯდა და მინდორზე ბოლო ათი წუთით შევიდა. თუმცა, ეს საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ მას სკაუტი ერიკ ოლატსის ყურადღება მიექცია, რომელიც იმ პერიოდში ევროპასა და აფრიკაში მოგზაურობდა, რათა "რეალ სოსიედადისათვის" ახალგაზრდა ტალანტები ეპოვნა. "პსჟ-ს" სავარჯიშო ბაზაზე, სადაც ტურნირი იმართებოდა, ის სრულიად შემთხვევით მოხვდა: არგენტინაში საქმიანი ვიზიტის შემდეგ შარლ-დე-გოლზე დაეშვა და მეგობრებმა სასაუბროდ დაუძახეს.

დროის მოსაკლავად და მცირე სიამოვნების მისაღებად, ოლატსი პატარა ბიჭებს დააკვირდა და მომცრო ტანის, მაგრამ ტექნიკური გრიზმანი, მას არანორმალურად ნიჭიერი ეჩვენა. "ის ტექნიკურად, ჰაეროვნად, მარტივად თამაშობდა, დანარჩენებზე გაცილებით უკეთესად, მაგრამ მათ ფიზიკურად ნამდვილად ჩამოუვარდებოდა. თუმცა, მისმა საოცარმა ტექნიკამ დამაბრმავა. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ თუ მას ფიზიკურ განვითარებაში დავეხამრებოდით, ანტუანისგან საინტერესო მოთამაშე დადგებოდა", - იხსენებს ოლატსი.

ერიკმა საკუთარი ტელეფონის ნომერი ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერა და ანტუანს ხელში ჩაუკუჭა, რათა მას სახლში მისვლისთანავე დაერეკა. მშობლები, რომლებიც მაშინ ტუნისიდან ახალი დაბრუნებული იყვნენ, აღფრთოვანებულნი არ დარჩნენ, რადგან პატარა ანტუანს სკოლა, სახლი უნდა მიეტოვებინა და თანაც გაურკვეველი იყო თუ რაოდენ სერიოზულ საქმესთან ჰქონდათ შეხება.

ამ მიზეზის გამო ოლატსმა საკუთარი საქმეები გადადო და ანტუანის მშობლებთან მთელი ოთხი დღე გაატარა. ამის შედეგად, ახალგაზრდა გრიზმანი ესპანეთში საცხოვრებლად გაგზავნეს.
ადამიანი, რომელმაც ანტუან გრიზმანი "აღზარდა"

გრიზმანი მხოლოდ 13 წლის იყო, მაგრამ მისი გადასვლა ესპანეთში იმდენად პრობლემატური გამოდგა, რომ თითქოს ვარსკვლავი ყოფილიყოს. პირველი - მან არ იცოდა ესპანური; მეორე - მშობლები ითხოვდნენ, რომ ანტუანს სწავლა ფრანგულ სკოლაში გაეგრძელებინა; მესამე - ადგილები სკოლა-ინტერნატში აღარ იყო დარჩენილი. ერთადერთი გამოსავალი უარის თქმა იყო, მაგრამ ოლატსმა კვლავ სასწაული ჩაიდინა და საკუთარი მონდომებით ანტუანი ესპანეთში გადაიყვანა. მან ანტუანი საკუთარ სახლში, ბაიონში, მოაწყო. ეს ქალაქი საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობდა და სან-სებასტიანში გადასვლა პრობლემას არ წარმოადგენდა. დილით ანტუანი სკოლაში მიდიოდა, შუადღეს ავტობუსში ჯდებოდა, საზღვარს კვეთდა და ერთ საათში ვარჯიშს იწყებდა. შემდეგ კი უკან, სკაუტის სახლში ბრუნდებოდა.

"ანტუანს თავიდან ძალიან უჭირდა. მას სახლში დაბრუნება უნდოდა და დახმარება სჭირდებოდა. დასაწყისისათვის ის სამი კვირით წავიყვანე შინ, რათა რთულ პერიოდში უბრალოდ მხარი დამეჭირა. თუმცა, ჩვენ ურთიერთობა იდეალურად დავალაგეთ და ის ჩემთან ექვსი წლით დარჩა. მე მისთვის მამა, დედა, ბაბუა და ბებიაც გავხდი", - აცხადებს სკაუტი ერიკ ოლატსი.

"ესპანეთში, პირველ რიგში, ყურადღებს ტექნიკაზე ამახვილებენ და არა ფიზიკაზე. ამან სასიამოვნო გამაოცა. ვარჯიშებზე ბურთის დაჭერას ვსწავლობდით, რისთვისაც საჭიროა ბევრი მოძრაობა და თამაში ერთი-ორი შეხებით, რაც ყოველთვის მომწონდა. საფრანგეთში კი პრიორიტეტული ძალისმიერი ვარჯიშები იყო", - იხსნებს თავად ანტუან გრიზმანი.

"რეალ სოსიედადში" გადასვლიდან სამ თვეში ანტუანი უკვე ესპანურად ლაპარაკობდა და ახლა აღიარებს, რომ ესპანური მისთვის ძირითადი ენაა: "ესპანეთში უკვე ათი წელია ვიმყოფები, ამიტომ ფრანგულად საუბარი საკმაოდ არაკომფორტულია ჩემთვის. მე საკუთარ ძაღლთანაც კი ესპანურად ვსაუბრობ,"

წელიწადში რამდენიმეჯერ გრიზმანი სახლში 2-3 დღით ბრუნდებოდა. უკანა გზაზე მამა მუდმივად აქეზებდა: "იქნებ მობრუნდე და სახლში დარჩე?" ანტუანი მთელ ძალებს იკრებდა და გზას აგრძელებდა. სკაუტი იხსნებს, რომ დაბრუნების დროს ანტუანი ყოველთვის ტიროდა: "ამის ყურება ძალიან რთული იყო, მაგრამ "სოსიედადში" დებიუტის შემდეგ ყველაფერი გაცილებით გამარტივდა."

მიუხედავად იმისა, რომ ოლატსმა, ფაქტობრივად, ანტუან გრიზამნი გამოზარდა, მას აგენტური ბიზნესი დიდად არ ხიბლავს. ის კვლავ "რეალ სოსიედადში" მუშაობს და მხოლოდ ანტუანს უწევს კონსულტაციას.

"ჩვენ ვოთსაპით დღეში რამდენიმეჯერ ვსაუბრობთ და ზოგჯერ ერთმანეთს აუდიო მესიჯებსაც ვუგზავნით. ერთმანეთთან ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორც ახლო მეგობრებს. ის ძალიან მენდობა. ანტუანი რჩევებს საკუთარი კარიერის შესახებ მთხოვს და ეს მისი თამაშის ხარისხს, მომავალსაც ეხება. მე უბრალოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ, ის კი მისმენს", - აცხადებს ოლატსი.

აგვისტოს ბოლოს ანტუანმა განაცხადა, რომ საფეხბურთო აგენტებთან აღარ იმუშავებდა. ახლა ყოველ წინადადებას ის თავად განიხილავს: "ახლა მხოლოდ საკუთარ მამასა და დამრიგებელს, ერიკ ოლატსს, მოვუსმენ."
ადამიანი, რომელმაც ანტუან გრიზმანი "აღზარდა"

გრიზმანის დებიუტი "რეალ სოსიედადში" 2009 წელს, მეტწილად შემთხვევით შედგა. ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე დაიმტვრა და ბასკური კლუბის ურუგვაელმა სპეციალისტმა, მარტინ ლასარტემ, ახალგაზრდა მემარცხენის მოყვანა ითხოვა. მენეჯერებმა, თავდაპირველად, ბინგენ ედროზიო აირჩიეს, მაგრამ მანაც დაზიანება მიიღო და გრიზმანის ალტერნატივა მხოლოდ მაშინ წამოიწია.

წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე ანტუანმა გაიბრწყინა, ხუთი გოლის გატანა მოახერხა და რამდენიმე თვეში გუნდის ძირითადი ფეხბურთელი გახდა. ლასარტემ, რომელმაც თავის დროზე ურუგვაულ "ნასიონალში" პირველი შანსი ლუის სუარესს მისცა, ღიმილით აცხადებდა: "გრძნობა, რომლითაც გრიზმანი მინდორზე პირველად შევუშვი, იმ გრძნობის მსგავსი იყო, რომელსაც სუარესის დებიუტისას განვიცდიდი. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ანტუანი წარმატებული იქნებოდა."
ადამიანი, რომელმაც ანტუან გრიზმანი "აღზარდა"

ჯერ კიდევ 2011 წელს მას პეპ გვარდიოლა დაუკავშირდა, სამ წელიწადში კი მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერი გახდა. დიეგო სიმეონემ ფრანგი შემტევი იმისათვის დაიმატა, რომ "როხიბლანკოს" თამაში მისი ტექნიკისა და სისწრაფის ირგვლივ აეგო, მაგრამ თავიდანვე ყველაფერი არ გამოვიდა. ოქტომბრის ბოლოსთვის გრიზმანს პრიმერაში არც ერთი გოლი არ ჰქონდა გატანილი და პირდაპირმა სიმეონემ ანტუანი საჯაროდ გააკრიტიკა, მოტივაცია შემატა: "იმედი გვაქვს, რომ ეს მნიშვნელოვანი ახალგაზრდა მოთამაშე მალე ნამდვილი ვაჟკაცი და უბრალოდ მაღალი კლასის ფეხბურთელი გახდება."

რეაქცია კი მომენტალური გამოდგა. უკვე მომდევნო დღეს გრიზმანმა დუბლი გაიფორმა, მომდევნო ათ შეხვედრაში კი შვიდი ბურთის გატანა მოახერხა.
ადამიანი, რომელმაც ანტუან გრიზმანი "აღზარდა"

ამ თვალშისაცემი პროგრესის მთავარ მიზეზად ანტუანმა დიეგო სიმეონესთან მუშაობა დაასახელა: "ის მოძრავი ძალაა. პირველ ვარჯიშებზე უბრალოდ ძალიან ვიღლებოდი, ფეხები არარეალურად მიმძიმდებოდა, მაგრამ ამის შემდეგ სრულ წესრიგში ხარ. დიეგო ითხოვს, რომ თამაშში მუდმივად აქტიურად ვიყოთ ჩართულნი. მე დაცვის ხაზსაც უნდა დავეხმარო."

2016 წელს კი გრიზმანი უკვე უმაღლეს დონეზე ავიდა: გაიყვანა საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში, "ატლეტიკოს" მაისურით სეზონში 32 გოლი გაიტანა და მესი-რონალდუს შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდა.

როგორც ჩანს, ძალიან გაგვიმართლა, რომ 12 წლის წინ, ერიკ ოლატსი პარიზში აღმოჩნდა.

თარგმნა დავით მაღრაძემ, სპეციალურად Goal.ge-სთვის

ყველა სიახლე

ცხრილები