ფაჩულიას 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და გამარჯვება მაიამისთან


ფაჩულიას 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და გამარჯვება მაიამისთან
ახალი, 2017 წლის დადგომიდან „გოლდენ სტეიტმა“ და ზაზა ფაჩულიამ მე-5 მატჩი ჩაატარეს. წინა 4 მატჩში ქართველმა ცენტრმა 10-ქულიან ზღვარს უწია, ხოლო დღეს, „მაიამისთან“ ეს ტრადიცია დაარღვია, თუმცა ეს არაა მთავარი. ქართველმა ცენტრმა ჩვეული შემართებით ითამაშა და ოკლენდელთა მორიგ გამარჯვებაში საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ზაზას ნბა-ს უბობოქრესი ცენტრის - ჰასან უაითსაიდის ოპონენტობა უწევდა. მაიამელთა ცენტრმა მთლიანობაში ფაჩულიაზე 13 წუთით მეტ ხანს ითამაშა და მატჩის საუკეთესო სტატისტიკაც (28 ქულა, 20 მოხსნა) დააფიქსირა.

„გოლდენ სტეიტმა“ კლეი ტომპსონი დაასვენა და სავარაუდოდ ეს იყო მიზეზი, რომ ლიგის ერთ-ერთმა უტსაიდერმა ლიდერს მისსავე მოედანზე ბრძოლა გაუმართა. ფლორიდელები ოკლენდში თამამად თამაშობდნენ და მთელი მატჩის განმავლობაში არ გატყდნენ.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1 ქულით წააგეს, ხოლო გადამწყვეტი მეოთხედის წინ 11 ქულით დაწინაურდნენ. ჰასან უაითსაიდმა მეოთხე 12-წუთეულის დაწყებისთანავე დიდად გაილაღა და მისი ფარზე დომინირებით „მაიამიმ“ საფინალო სირენამდე 6:15 წუთით ადრე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა - 82:85. სწორედ ამ დროს გამოვიდა მოედანზე ზაზა ფაჩულია. აქ აღსანიშნავია, რომ ფაჩულიას სეონის დაწყებიდან ბოლო წუთებზე მოედანზე ყოფნა თითქმის არ უწევდა. მწვრთნელს ის ბოლო პერიოდში თამაშში იშვიათად შეჰყავდა, ისიც მეოთხედის დააწყისში. ბოლო მატჩებში კი ეს ვითარება შეიცვალა - ფაჩულიას გადამწყვეტ წუთებში და ოვერტაიმშიც კი, მოედანზე ყოფნა უწევს და ჩვენებურიც ამართლებს.

85:82 ანგარიშზე ფაჩულიას თამაშში ჩართვის შემდეგ, მაიამელთა ლიდერმა ჰასან უაითსაიდმა დარჩენილ 6 წუთში მხოლოდ 2 ქულა მიითვალა, „გოლდენ სტეიტმა“ კი გაქცევა მოაწყო და ჯერ 96:85 დაწინაურდა, ხოლო ბოლოსწინა წუთზე, როცა ფაჩულიამ ბურთი ჩაჭრა და სტეფ კარის ზუსტ გარღვევას დაუდო სათავე, მატჩის ბედი გადაწყდა. მასპინძლები 11 ქულით დაწინაურდნენ და სეზონის 33-ე გამარჯვება გაიფორმეს. ზაზაც თამაშის დასრულებამდე 1:17 წუთით ადრე გავიდა მოედნიდან გამარჯვებაგანაღდებული და თან 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა გაიტანა.

ფაჩულიამ მთლიანობაში 24 წუთი ითამაშა და ისევ შედეგიანად ესროდა: 5-დან 3 ორქულინი და 2-დან 2 საჯარიმო. რაც შეეხებათ ოკლენდელ ბომბარდირებს, კევინ დიურანტმა 28 ქულა მოაგროვა, ხოლო სტეფ კარიმ - 24.

33 მოგებითა და 6 მარცხით „გოლდენ სტეიტმა“ ლიგის ლიდერობა განიმტკიცა, რადგან მდევარმა „სან ანტონიომ“ დღეს სეზონის მე-8 მატჩი წააგო. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 13 იანვარს, ისევ ოკლენდში, „დეტროიტ პისტონსთან“ ელის.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით.

[მატჩის მიმოხილვა]

დღის ვიდეო

რუსთავში ქალ მსაჯს აგინეს, მან კი ფანს ბოთლი ესროლა

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები