სკანდალი მილანში! რაიოლა: "მილანი დონარუმასა და მის ოჯახს დაემუქრა"


სკანდალი მილანში! რაიოლა:
აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ ჯანლუიჯი დონარუმამ "მილანთან" ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები მის ოჯახზე რამდენიმე მუქარის გამო შეწყვიტა.

ფეხბურთელის წარმომადგენელბმა დღეს 18 წლის გოლკიპერის გარშემო არსებულ სიტუაციაზე დუმილი შეწყვიტა და სამ ტელეარხს მისცა ინტერვიუ - Sky Sport Italia, Mediaset Premium და Rai Sport.

"სიტუაცია ძალიან მტრული გახდა, ამიტომაც სხვა გზა არ გვქონდა. ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის მიღებასაც არ ვაპირებდით. ეს ფულს არ უკავშირდება. დონარუმას ოჯახს ემუქრებოდნენ, ეს კი ხუმრობა არ ყოფილა. ფეხბურთელის შენარჩუნება მუქარით არ შეიძლება", - ციტირებს რაიოლას სიტყვებს Football Italia.

"ახლა რეალური რისკი არსებობს იმისა, რომ მან მთელი სეზონი გამოტოვოს. ფულზეც კი არ გვისაუბრია. ამაზე მაშინ საუბრობენ, როცა მთავარი მოლაპარაკებები სრულდება. ჯიჯი მზად იყო ახალი კონტრაქტი გაეფორმებინა, არანაირი ეჭვი არ ჰქონდა. მოლაპარაკებებზე უარი მის გარშემო არსებული ატმოსფეროს გამო გვათქმევინეს".

"პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. გვაიძულეს. "მილანმა" დონარუმა დაკარგა. გულწრფელად მითხრა, რომ მოლაპარაკებების გამართვას სწორად არ მიიჩნევს, როცა მის ოჯახს ემუქრებიან", - დასძინა ჯიჯის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, დონარუმას მოქმედი კონტრაქტის ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

აქამდე, კლუბში განაცხადეს, რომ ფეხბურთელმა შეიძლება მომავალი სეზონი მთლიანად სათადარიგოთა სკამზე გაატაროს.

უნიჭერესი გოლკიპერისადმი ინტერესს მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსი" იჩენენ.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები