გია ცეცაძე: "რაც ბაქოში არ გამოგვივიდა, ვეცდებით აქ გავაკეთოთ"


გია ცეცაძე:
"ყარაბახთან" გასამართი მატჩის წინ, კომენტარი "სამტრედიას' მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ გააკეთა.

"რაც ბაქოში არ გამოგვივიდა, ვეცდებით, რომ აქ გავაკეთოთ და მოვიგოთ თამაში. სხვა გუნდებს ნუ შევედრებით. ჩვენ რაც გვაქვს იმაზე ვიზრუნოთ.

სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ. პროგრესი უნდა გვქონდეს მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს და შედეგიც იქნება. შედარებები მგონია, რომ არ არის სწორი.

ჩვენ ჩვენს პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ და ამ პრობლემებზე თუ ვილაპარაკეთ, პრესკონფერენცია კი არა გადაცემები არ გვეყოფა.

ეს ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპია, სამტრედია ჩვენი ქვეყნის სახეა, 5:0 წავაგეთ და ამაზე ყველაფერი მეტყველებს. თუმცა სხვა კუთხით თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ 20 წუთის ინტერვალში 4 გოლი გავუშვით, ეს კი მეტოქის კლასზე მეტყველებს.

პირველ შეხვედრაში, რაც ყარაბახში მომეწონა, ისაა, რომ მათ შეტევების განხორციელების საშუალება არ მოგვცეს.

რაც შეეხება გუნდის მდგომარეობას, ჩემპიონობის შემდეგ, 5 წამყვანი მოთამაშე წავიდა და რა თქმა უნდა, ამან ყველაფერზე დიდი გავლენა იქონია. იანვრის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგისთვის დავიწყეთ მზადება", - აცხადებს ცეცაძე.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი "სამტრედიასა" და "ყარაბახს" შორის, ხვალ, 21 საათზე შედგება.

ყველა სიახლე

ცხრილები