პიკე ნეიმარის ტრანსფერზე: "ახლა უკვე შემიძლია ყველაფერი ვთქვა"


პიკე ნეიმარის ტრანსფერზე:
"ბარსელონას" მცველი, ხერარდ პიკე აცხადებს, რომ, როცა თავდამსხმელ ნეიმარის კატალონიელთა რიგებში დარჩენაზე დაწერა, ასი პროცენტით იცოდა, რომ ბრაზილიელი წავიდოდა.

მოგეხსენებათ, ესპანელმა სამხრეთამერიკელი შემტევის მომავალზე საჯარო პოსტი მის ტრანსფერამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა.

გარდა ამისა, ესპანელის აზრით, ნეიმარი ნამდვილად არ ღირს ის 222 მილიონი, რომელიც მის სანაცვლოდ "პსჟ"-მ გადაიხადა.

"თავს მოტყუებულად არ ვგრძნობ. ახლა, როცა უკვე ყველაფერი მოხდა, შემიძლია ყველაფერი ვთქვა", - ციტირებს პიკეს სიტყვებს Marca.

"უკვე მესის ქორწილში ჰქონდა ნეიმარს "ბარსელონას" დატოვების იდეა. ზაფხულში ეს თქვა კიდეც. ასე რომ, როცა ტვიტი გამოვაქვეყნე, უკვე 100 პროცენტით ვიცოდი, რომ ნეიმარი წავიდოდა. ამით ბოლოჯერ ვცადე გუნდში დამეტოვებინა. ჩემზე გაბრაზდა. თუმცა, ვფიქრობ, ამას გამოვასწორებთ".

"თავისი მიზეზები ჰქონდა. არ განვსჯით მას, რადგან თამამი გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან კარგად ასპარეზობდა "ბარსელონაში", მაგრამ ნამდვილად 222 მილიონზე ნაკლები ღირდა".

"ძლიერები უნდა გავხდეთ და შევწყვიტოთ მისი შემცვლელის ძიება, რადგან ის უბრალოდ არ არსებობს. ნეიმარი უნიკალური და უნიჭიერესი ფეხბურთელია", - დასძინა ხერარდმა.

აქვე შეგახსენებთ, 25 წლის ფორვარდის პარიზულ კლუბში ტრანსფერი ოფიციალურად 3 აგვისტოს დადასტურდა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები