როცა გენიაც კი უძლურია: რეალმა ბარსელონას ყველა კომპონენტში აჯობა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

როცა გენიაც კი უძლურია: რეალმა ბარსელონას ყველა კომპონენტში აჯობა


როცა გენიაც კი უძლურია: რეალმა ბარსელონას ყველა კომპონენტში აჯობა
საფეხბურთო სეზონი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. უკვე გაირკვა რამდენიმე გუნდის ვინაობა, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის სუპერთასის ხელში ჩაგდება მოახერხეს. ზინედინ ზიდანის გუნდს განსაკუთრებით კარგი სეოზნის გამო წელს ორ სუპერთასზე უწევს გამოსვლა, რომლიდან ერთ-ერთი უკვე მოიგო ("მანჩესტერის" წინააღმდეგ) და მეორის მოგებასთან ძალიან ახლოსაა.

გუშინ ესპანეთში სუპერთასის ტიტულისთვის "კამპ ნოუზე" პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ადგილობრივი "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს "ელ კლასიკო" გასული თითქმის ყველა "ელ კლასიკოსგან" განსხვავებული. ლამაზი გოლები, სიმულაცია, პენალტი, სადავო ეპიზოდები, ლამაზი მომენტები და ა.შ სწორედ ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც ამ "ელ კლასიკოს" განსაკუთრებულს ხდის. 

ზინედინ ზიდანის გუნდმა საოცარი თამაში აჩვენა და დაამტკიცა, რომ თავის გუნდს მსოფლიოში ყველაზე კარგად შეუძლია კონტრშეტევებზე თამაში. აი რაც შეეხება "ბარსელონას", ერნესტო ვალვერდეს გუნდში სერიოზული პრობლემებია და სანამ ეს კრახში გადაიზრდება, აუცილებელია ამ პრობლემათა გამოსწორება. 

როცა ხოსეპ გვარდიოლამ "ბარსელონა" დატოვა, მან განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებულ იდეალურ გუნდშიც კი აუციელბელია სატრანსფერო ფანჯარაზე ცვლილების გაკეთება. ზოგიერთი საფეხბურთო სპეციალისტი თვლის, რომ ის რესურსი, რაც ახლა "ბარსელონას" აქვს, შესაძლოა საკმარისი იყოს კვლავ სოლიდური თამაშისთვის და ტიტულების მოგებისთვის, თუმცა გუშინდელმა შეხვედრამ რადიკალურად განსხვავებული პროცესი დაგვანახა. ნებისმიერ შემთხვევაში, ვალვერდე თუ ამ შემადგენლობით ტიტულებს მოიგებს, თავის სახელს უდავოდ ჩაწერს "ბარსელონას" ისტორიაში, თუმცა წარმოიდგინეთ, თუ რა მოხდება გუნდის კრახის შემთხვევაში? მისი სამწვრთნელო კარიერაც დაინგრევა. ასე რომ, წესით და რიგით, ვალვერდეს მთავარი საფიქრალი ახლა გუნდში სერიოზული ცვლილების გაკეთებაა. უდავოა, რომ გუნდს ახალი მოთამაშეები სჭირდება, თუმცა ამას მოგვიანებით დავუბრუდნეთ.

"რეალს" გუშინდელ შეხვედრაში ხარვეზი ფაქტობრივად არ ჰქონია. გუნდი თავის ჩვეულ სტილში, კონტრშეტევებზე თამაშობდა და წარმატებასაც მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ მოდრიჩის არ ყოფნაში მატეო კოვაჩიჩმა საყრდენის როლი ბრწყინვალედ შეითავსა. ის პერსონალურად ლიონელ მესის წინააღმდეგ თამაშობდა და არგენტინელ ფეხბურთელს ბრწყინვალედ კეტავდა. რამდენჯერმე მას დაჯარიმებაც მოუწია, თუმცა ყველა ფოლი, რომელიც მესის წინააღმდეგ გუშინ "რეალის" ფეხბურთელებმა აიღეს, აბსოლუტურად დროული იყო. სერხიო რამოსი კვლავინდებურად დომინირებდა დაცვაში და ლუის სუარესს მაქსიმალურად უზღუდავდა სივრცეებს. რომ არა ის სიმულაცია და მოპოვებული თერთმეტმეტრიანი, "რეალი" აუცილებლად მოახერხებდა კარის მშრალად შენახვას, რადგან კატალონიელებს რეალური 100%-იანი მომენტები თითქმის არ ჰქონიათ. 

"რეალის" ყველა ზონა დაბალანსებული და სოლიდური ჩანდა. ნახევარდაცვა ბრწყინვალედ მოქმედებდა და ეხმარებოდა როგორც შემტევ, ისევე დაცვის ხაზს. მთელი მატჩის განმავლობაში ბრწყინვალედ მოქმედებდა გუნდის შემტევი ნახევარმცველი - ისკო, რომელმაც არა ერთი საკვანძო გადაცემა გააკეთა მატჩის მიმდინარეობისას და თავისი ფენომენალური დრიბლინგით "კამპ ნოუს" ტრიბუნების ნაწილისგან აპლოდისმენტებიც მიიღო.

როცა გენიაც კი უძლურია: რეალმა ბარსელონას ყველა კომპონენტში აჯობა

კრიშტიანუ რონალდუმ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა მოედანზე შესვლის შემდეგ მან აბსოლუტურად ყველაფერი მოასწრო. გაშვებული გოლის შემდეგ, "რეალმა" მეტოქე თავისთვის ჩვეულ სტილში, კონტრშეტევაზე დაიჭირა და ისკოს მიერ გაკეთებული მშვენიერი გადაცემა გოლად რონალდუმ, თავისი უზადო დარტყმით აქცია. მაისურით გახდით გოლის აღნიშვნის შემდეგ, რონალდუს სიმულაციაში დასდეს ბრალი და მოედანი დაატოვებინეს. ეს გაძევება იმდენად აბსურდული იყო, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი წყობილებიდან გამოვიდა და მსაჯს ხელითაც კი შეეხო, რის გამოც შესაძლოა მან სერიოზული სანქციები მიიღოს.

საბოლოო ჯამში, მადრიდელებმა მეტოქე აბსოლუტურად ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და მიუხედავად იმისა, რომ მსაჯმა რამდენიმე ეპიზოდში "ბარსელონას" სასიკეთოდ სადავო გადაწყვეტილებები მიიღო, მადრიდელებმა დამაჯერებელი ანგარიშით გამარჯვება და საპასუხო შეხვედრისთვის სერიოზული უპირატესობის მოპოვება მაინც მოახერხეს (3:1).

რაც შეეხება კატალონიურ გუნდს, გუშინდელმა შეხვედრამ "ბარსელონას" პრობლემები სხვადასხვა მხრიდან დაგვანახა. უკვე ტრადიციად იქცა ამ გუნდისთვის დაცვის ხაზის ქაოსური თამაში. გუნდს უდავოდ სჭირდება ახალი მარჯვენა მცველი, რადგან ალიეშ ვიდალი საკმარისად პროდუქტიული ვერც შეტევაშია და ვერც დაცვაში. პიკე? ამ ფეხბურთელის არასტაბილურობა ყველასთვის ცნობილია. გუშინ პირველი გოლი სწორედ მან ჩაჭრა საკუთარ კარში. მეორე გოლის დროს რონალდუმ ის მარტივად ჩამოიცილა და შემდეგ გაიტანა გოლი, მესამე გოლის დროს კი მარკო ასენსიოს სწორედ ჟერარდ პიკე ეთამაშებოდა, თუმცა "რეალის" სუპერტალანტმა მაინც მოახერხა კარში ბურთის გადაგზავნა. ინიგო მარტინესი? ნამდვილად კარგი მცველია, თუმცა მისი ტრანსფერი უკვე ჩაიშალა. აი რაც შეეხება პაულინიოს ტრანსფერს, რამდენად შეძლებს 29 წლის მოთამაშე კატალონიური კლუბის საყრდენი ზონის გაძლიერებას, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ბრაზილიელი ნახევარმცველი "ბარსელონას" პირდაპირ ჩინეთის ჩემპიონატიდან უერთდება, რომლის დონეც თავად მოგეხსენებათ თუ რამდენად დაბალია. პაულინიოს ამპლუა კატალონიურ კლუბში ცოტათი ბუნდოვანია. შეძლებს ის ბუსკეცი-რაკიტიჩი-ინიესტას ტრიოს დაშლას, თუ მცველად იასპარეზებს? ორი საყრდენი ძირითად შემადგენლობაში? გამორიცხული არაფერია, თუმცა რამდენად პროდუქტიული იქნება ეს ვალვერდეს გუნდისთვის, უკვე სხვა საკითხია.

როცა გენიაც კი უძლურია: რეალმა ბარსელონას ყველა კომპონენტში აჯობა

პირველ რიგში, კატალონიელებს ნეიმარის შემცვლელის პოვნა მოუწევთ, რაც მათთვის ადვილი ნამდვილად არ იქნება. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის არ ყოფნამ "ბარსელონას" შემტევი ხაზის უძლურობა გვაჩვენა. დეულფეუ? ესპანელი მოთამაშე არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ნეიმარი შეცვალოს და ეს გუშინდელ შეხვედრაშიც გამოჩნდა. რამდენიმე ეპიზოდში დეულოფეუმ საჯარიმოში გაკეთებული გადაცემებით სახიფათო მომენტები კი შექმნა, მაგრამ ინდივიდუალურად ის დანი კარვახალის წინააღმდეგ არც ისე დამაჯერებლად თამაშობდა. 

ნეიმარის შეცვლის მთავარ კანდიდატად "ლივერპულის" ბრაზილიელი ვირტუოზი, ფილიპე კოუტინიო განიხილება. როგორც სტივენ ჯერარდმა აღნიშნა, მერსისადულ კლუბში მოთამაშე თითქმის ყველა ლათინოამერიკელის ოცნება "ბარსელონაში" თამაშია. სწორედ ამ მიზეზით მიაშურეს კატალონიურ გუნდს თავის დროზე ხავიერ მასკერანომ და ლუის სუარეზმაც. რამდენიმე ხნის წინ, "ლივერპულის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიწერა, რომ მოთამაშე "წითლების" რიგებში დარჩება, თუმცა ამის შემდეგ Sky Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბრაზილიელმა მოთამაშემ "ბარსელონაში" ტრანსფერი მოითხოვა. ნებისმიერ შემთხვევაში, კატალონიელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ კოუტინიოს ხელში ჩაგდება მოახერხონ. ფილიპე სარა მხოლოდ ნეიმარის პოზიციაზე,ა რამედ ანდრეს ინიესტას პოზიციაზე თამაშიც ბრწყინვალედ შეუძლია. მას აქვს ძალიან კარგი დარტყმა, დრიბლინგი და ნებისმიერ დროს შეუძლია საკვანძო გადაცემის გაკეთება. ისეთ უხეშ ლიგაში, როგორიც პრემიერ ლიგაა, კოუტინიომ არა ერთხელ დაამტკიცა, რომ თავისი ტექნიკით ნებისმიერი მეტოქის ჩამოცილება შეუძლია, ასე რომ, მისი სათამაშო სტილი კატალონიურ კლუბში ძალიან, ძალიან გამოსადეგი იქნება.

რაც შეეხება დაცვის ხაზს, თუ ერნესტო ვალვერდე დაცვის გაძლიერებას სემედუს ტრანსფერიც მორჩა, ძალიან სარისკო გადაწყვეტილება მიუღია, რადგან როგორც უკვე მოგახსენეთ, დაცვის ცენტრში უდავოდ არის ბზარები. პიკე, მასკერანო და უმტიტი მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურები ფიზიკურად ვერ იქნებიან. შესაძლოა იყოს ტრავმა ან დისკვალიფიკაცია, ასე რომ, ვალვერდეს ერთი მაღალი დონის მცველი აუცილებლად სჭირდება. მეორე მხრივ, მაღალი დონის მცველის შეძენა "ბარსელონაში" ცენტრალური მცველის პოზიციაზე კონკურენციას აამაღლებს, რაც გუნდის თამაშის ხარისხს გამოასწორებს.

გუშინდელმა შეხვედრამ გენიალური ლიონელ მესიც კი უძლური გახადა, ამგვარად, უკვე თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ "ბარსელონაში" ცვლილებების დროა. საინტერესოა, თუ რას გვიმზადებს ბართომეუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, კატალონიელთა ფანებს იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ თავიანთი საყვარელი გუნდი პაულინიოს ტრანსფერზე არ შეჩერდება.

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად Goal.Ge-სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები