მარკო ასენსიო - დებიუტის ბიჭი და მსოფლიო ფეხბურთის მომავალი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარკო ასენსიო - დებიუტის ბიჭი და მსოფლიო ფეხბურთის მომავალი


მარკო ასენსიო - დებიუტის ბიჭი და მსოფლიო ფეხბურთის მომავალი
საფეხბურთო საიტი Goal.Ge გთავაზობთ საინტერესო ბლოგს მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელზე, მარკო ასენსიოზე, რომელმაც უკვე ბევრს დაუმტკიცა თავისი ფენომენალური შესაძლებლობების შესახებ. 

როგორც მოგეხსენებათ, ასენსიო ამ დროისთვის "რეალის" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ განიხილება, თუმცა მან უკვე არაერთ ტურნირზე მოახერხა მადრიდული კლუბის მაისურის მორგება და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

მარკო ასენსიო ესპანეთში, მალიორკაში დაიბადა. მას ჰოლანდიელი დედა და ესპანელი მამა ჰყავს. საფეხბურთო კარიერა კლუბ "მალიორკაში", 2006 წელს დაიწყო. ის ამ კლუბს საბავშვო გუნდიდან შეუერთდა და ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო თამაში. ასენსიოს რთული ბავშვობა ჰქონდა. ის 15 წლის იყო, როცა დედა სიმსივნის გამო გარდაეცვალა. 

"მალიორკას" ახალგაზრდულ გუნდში მარკო ასენსიო ბრწყინვალედ ასპარეზობდა. ის მაშინვე შენიშნეს "ბარსელონას" და "რეალის" სკაუტებმა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ მას. გარდა ამ კლუბებისა, ასენსიოს რეგულარულად ჰქონდა მოლაპარაკებები ამსტერდამის "აიაქსთან" და პორტუგალიურ "ბენფიკასთან". მამის რჩევით, ასენსიო ესპანეთის დატოვებას არ აპირებდა და თუ კარიერის სხვა კლუბში გაგრძელებას დააპირებდა, მხოლოდ ესპანურ გუნდში გადავიდოდა.

2014 წელს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მარკო ასენსიომ შემოთავაზება მიიღო როგორც მადრიდის "რეალისგან", ისევე კატალონიური "ბარსელონასგან". თავიდან პრესაში იწერებოდა, რომ ასენსიომ კატალონიურ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია თავად მოთამაშემ უარყო და მადრიდის "რეალს" შეუერთდა. ესპანურ კლუბს ასენსიოს ტრანსფერი მხოლოდ და მხოლოდ 3.9 მილიონი ევრო დაუჯდა.

მარკო ასენსიო - დებიუტის ბიჭი და მსოფლიო ფეხბურთის მომავალი

2015/16 წლების სეზონში მარკო ასენსიო არენდის წესით "ესპანიოლის" რიგებს იცავდა. კატალონიური კლუბის მაისური ესპანელმა მოთამაშემ ყველა ტურნირზე 37 მატჩში მოირგო და 7 გოლის გატანა მოახერხა. ასენსიო ძალიან კარგად ამწვავებდა თავისი გუნდის შეტევებს და ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებს იკავებდა დრიბლინგისა და საკვანძო გადაცემების რაოდენობის მიხედვით.

სეზონის დასრულების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა მარკო ასენსნიოს პრესეზონზე მისცა რეგულარული სათამაშო პრაქტიკა და მოთამაშემ ეს ძალიან კარგად გამოიყენა. ასენსიომ მხოლოდ თავისი კარგი მხარეები წარმოაჩინა, რამაც ფრანგი სპეციალისტი გააოცა. ესპანელმა ფეხბურთელმა სხვა კლუბში გადასვლა არ ისურვა და "რეალის" სათადარიგო სკამზე ჯდომას დათანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ ასენსიო ამ დროისთვის "რეალის" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ ითვლება, ის მაინც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა მადრიდულ კლუბში.

ასენსიომ 2016/17 წლების სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და თითქმის ყველა ტურნირზე მიიღო სათამაშო დრო. მან თავისი გუნდისთვის საკმაოდ ბევრი საჭირო გოლი გაიტანა. მათ შორის ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საფინალო შეხვედრაშიც.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტორი, რაც მარკო ასენსიოს ბრწყინვალე შესაძლებლობებში გვარწმუნებს არის მისი სადებიუტო გოლები სხვადასხვა ტურნირებზე ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრებში:

1. უეფას სუპერთასი



ასენსიომ მადრიდის "რეალის" მაისური უეფას სუპერთასზე პირველად "სევილიას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოირგო. მან 80 მილიონად ნაყიდი ხამეს როდრიგესი შეცვალა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ნახევარმცველმა ბურთი კარში დაახლოებით 30 იარდიდან გადაგზავნა და "სევილიას" მეკარე, სერხიო რიკო უშანსოდ დატოვა.

2. ლა ლიგა



პრესეზონზე ასენსიო სათამაშო დროს რეგულარულად იღებდა. ის კარგად თამაშს განაგრძობდა, რამაც ზიდანი დააფიქრა და მოგვიანებით მოთამაშეს თავის გამოჩენის შანსი ესპანეთის პრიმერა დივიზიონშიც მისცა. ლა ლიგის გახსნით შეხვედრაში მარკო ასენსიომ მადრიდის "რეალის" მაისური პირველად მოირგო და "სოსიედადის" კარის დალაშქვრა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ "სოსიედადის" კარი ასენსიომ სუპერთასის მატჩის შემდეგ დალაშქრა, ასე რომ, იმ დროისთვის მარკოს 2 მატჩში უკვე 2 გოლი ჰქონდა, რაც ხამეს როდრიგესის სათამაშო პრაქტიკას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.

3. ჩემპიონთა ლიგა



ასენსიომ თავისი პირველი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე 18 ოქტომბერს, "ლეგიას" წინააღმდეგ ჩაატარა "სანტიაგო ბერნაბეუზე".

ესპანელი მოთამაშის დებიუტი აქაც დაუჯერებელი გამოდგა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ასენსიო ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მან "ლეგიის" მეკარეს, არკადიუშ მალარცს გოლი დაახლოებით 15 იარდიდან გაუტანა. გოლი დაუჯერებელი სილამაზით არ გამოირჩეოდა, თუმცა ასენსიომ ყველაფერი ზუსტად გააკეთა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

4. კოპა დელ რეი



ამ დროისთვის მარკო ასენსიო მადრიდული კლუბის სათადარიგო მოთამაშეებიდან ყველაზე მეტ სათამაშო პრაქტიკას იღებდა. ამგვარად, ის მოედანზე კოპა დელ რეის პირველივე შეხვედრაზე გამოჩნდა და "კულტურალ ლეონესას" წინააღმდეგ გოლის გატანა მოახერხა. ასენსიომ ლუკას ვასკესისგან ბრწყინვალე გადაცემა მიიღო და ის გოლად მარტივად აქცია.

5. ესპანეთის სუპერთასი



ამ ტურნირზე ასენსიომ თავისი პირველი მატჩი რამდენიმე დღის წინ ჩაატარა. მას კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ მოუწია თამაში. ასენსიომ ტერ შტეგენის კარის დალაშქვრა თავის სტილში, მაღალ კუთხეში განხორციელებული ულამაზესი დარტყმით მოახერხა და თავის გუნდს სერიოზული უპირატესობა მიანიჭა. ასენსიომ "ბარსასთან" გატანილი ულამაზესი გოლის შემდეგ, ასეთი განცხადება გააკეთა: "მე ბრწყინვალე პასი მივიღე და მაშინვე კარისკენ გავიხედე, დავინახე, რომ კუთხე დაცული არ იყო და ვეცადე ბურთი მაღალ კუთხეში გადამეგზავნა. ყველაფერი კარგად გამოვიდა".

უდავოა, რომ ასენსიოს მადრიდის "რეალის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების პოტენციალი ნამდვილად გააჩნია და თუ თავისი პროგრესი მსგავსი ტემპით გაგრძელდება, მაშინ ის 1-2 სეზონში "რეალის" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდება. მსგავსი პროგრესის შემთხვევაში ის არა მხოლოდ "რეალის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდება, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავიც გახდება.

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად Goal.Ge-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები