თბილისს 4 საფეხბურთო და 3 სარაგბო სტადიონი შეემატება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

თბილისს 4 საფეხბურთო და 3 სარაგბო სტადიონი შეემატება


თბილისს 4 საფეხბურთო და 3 სარაგბო სტადიონი შეემატება
ოლიმპიური ქალაქის, „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება. ახალი თბილისის ტერიტორიაზე სულ 7 მოედანი მოეწყობა _ 4 საფეხბურთო და 3 სარაგბო.

მოედნების მშენებლობა ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო, მაშინ სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა უეფას ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ალექსანდ ჩეფერინიმ, მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად. სტადიონები „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში შენდება და თბილისში და ქუთაისში 10 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის საერთო ღირებულება 10.700.000 ლარია. გარდა ამისა, თელავში, გორში და ბათუმში წლის ბოლომდე მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები გაიხსნება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყველა მშენებარე ობიექტზე 1.000-მდე ადამიანია დასაქმებული.

„ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე მშენებლობის პროცესი სპორტისა და ახალაგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილესთან შალვა გოგოლაძესთან, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსთან ირაკლი დოლაბერიძესთან და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხეილ ყაველაშვილთან ერთად მოინახულა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:

_ ბოლო წლების განმავლობაში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით გამორჩეული პერიოდი გვაქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობის თვალსაზრისით. თუ სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების მხირვ ფონდი „ქართუს“ მიერ ვართ განებივრებულები, ფეხბურთის ინფრასტრუქტურა განადგურებულია და ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ამ მასშტაბის მშენებლობა მიმდინარეობს. სიმბოლურია, რომ კაფსულა ჩავაგდეთ უეფას პრეზიდენტთან ერთად, მაშინ ის მისი პირველი ვიზიტი იყო, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. ჩვენ გულშემატკივარს დავპირდით, რომ მშენებლობას წლის ბოლომდე დავასრულებდით, ამის მოედნები სამართავად გადაეცემა ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც უმაღლესი დონის, საერთაშორისო სტანდარტების მოედნებს საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე გამოიყენებს. მსგავსი პროექტები გაგრძელდება და სპორტსმენებს და გულშემატკივრებს არაერთ უმაღლესი დონის სპორტულ ბაზას ვაჩუქებთ, რაც გახდება საწინდარი ჩვენი შემდგომი გამარჯვებების.

მიხეილ ყაველაშვილი:

_ სასიამოვნოა, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა შენდება, რისი მსგავსიც ბოლო წლებში არ გვქონია. პირიქით, ბოლო წლებში წინა ხელისუფლების დროს, ძალიან ბევრი სტადიონი გადანდგურდა და ეს არის ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე - მშენებლობა და განვითარება. მსგავსი მასშტაბის მშენებლობა საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არ გვქონია. აქ ძალიან ბევრი მოზარდი ივარჯიშებს და გაიზრდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები