საბურთალომ შუქურას დაძაბულ ბრძოლაში მოუგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საბურთალომ შუქურას დაძაბულ ბრძოლაში მოუგო


საბურთალომ შუქურას დაძაბულ ბრძოლაში მოუგო

წინა ტურებში აკრეფილი თამაში საბურთალოს ამ მატჩის პირველ ტაიმშიც გადმოჰყვა. 5:0 ბათუმის დინასმოსთან, შემდეგ 4:1 თბილისის დინამოსთან და ახლა ქობულეთის შუქურასთან საწყის 45 წუთში 3:0. ყველას ეგონა, რომ დედაქალაქელები მორიგ იოლ გამარჯვებას მოიპოვებდნენ, მაგრამ 3 ქულისთვის გვარიანი ოფლის ღვრა მოუწიათ.

პირველ ტაიმში ქობულეთელთა რბევა მე-2 წუთიდან დაიწყო, როდესაც ხარაიშვილმა საჯარიმოში შეჭრილ შინდაგორიძეს უპასა და მანაც ანგარიში გახსნა. მალევე თავად ხარაიშვილმა დიდებულად შეასრულა ჯარიმა და დედაქალაქელები უკვე ორი ბურთით დაწინაურდნენ. მე-14 წუთზე ხარაიშვილის კუთხურის შემდეგ მარგველაშვილმა „მაკრატელა“ დაჰკრა და სხვაობა გამანადგურებელი გახადა.

ცხადია, ასეთი უპირატესობით დაწინაურებული საბურთალოელები თამამად და ლაღად ათამაშდნენ, მწვავედაც უტევდნენ, მაგრამ ხიფათი ნაკლებად იქმნებოდა. საპასუხოდ მარსელიონიოს ქონდა დიდებული მომენტი, მაგრამ კუპატაძემ შესანიშნავად ითამაშა და ზღვისპირელთა ლეგიონერს არ გაატანია.

დაიწყო მეორე ტაიმი და სიტუაცია შეიცვალა. ისევ სწრაფი გოლი, ამჯერად საბურთალოელთა კარში ალექსანდრე გურულის შესანიშნავად შესრულებული საჯარიმო დარტყმიდან გავიდა. მალევე საბურთალოელთა დაცვა ჩავარდა და გურულის კუთხურის შემდეგ ჩაჩუამ კიდევ უფრო შეამცირა სხვაობა.

შუქურა თამაშში დაბრუნდა და ანგარიშის გათანაბრებას შეეცადა. ამის შანსი ჯერ ჯეფინიოს ჰქონდა, შემდეგ მარგველაშვილმა კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ბევრი ეცადა ზღვისპირული გუნდი ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო. ეგ კი არა, ბოლო წუთზე ხარაიშვილის გასროლის შემდეგ ბურთი ძელმა აისხლიტა და შუქურა მეოთხე გოლს გადარჩა.

საბურთალო-შუქურა 3:2
თბილისი. პეტრო არენა
1:0 შინდაგორიძე (2), 2:0 ხარაიშვილი (8), 3:0 მარგველაშვილი (14), 3:1 კუპატაძე (48სკ), 3:2 ჩაჩუა (65)

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი (ტერა 62), შინდაგორიძე (მუეცი 72), ხარაიშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი, თარხნიშვილი, კოხრეიძე (ბიძინაშვილი 55), ვოლკოვი

შუქურა: სომხიშვილი, ჩადუნელი (პომოზანი 46), ჩაგელიშვილი (შალამბერიძე 80), კლიმიაშვილი, მარსელინიო, ა.გურული, ტიანლინი (ჯეფინიო 50), კახელიშვილი, დასე, გოგიტიძე, ჩაჩუა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები