ყველასთვის უცნობი დანი ალვეში - ანუ, გზა ფერმიდან "კამპ ნოუმდე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ყველასთვის უცნობი დანი ალვეში - ანუ, გზა ფერმიდან "კამპ ნოუმდე"


ყველასთვის უცნობი დანი ალვეში - ანუ, გზა ფერმიდან

"ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჩემმა ძმამ, ნეიმარმა "პარი სენ-ჟერმერნის" კარში ულამაზესი ჯარიმა გაიტანა. მატჩი რამდენიმე წუთში უნდა დასრულებულიყო, ისტორიული ქამბექის განსახორციელებამდე კი ჩვენ ჯერ კიდევ ორი გოლი გვჭრიდებოდა. (დიახ, ჩვენ)

რა დამემართა როცა სერხი რობერტომ გადამწვეტი გოლი გაიტანა? - როგორც "ბარსელონას" ყველა გულშემატკივარი, მეც გავგიჟდი. ტახტიდან წამოვხტი, ტელევიზორთან მივვარდი და მთელი ძალით დავიყვირე: "Vamoooooosss"

იცით რა არის ბევრისთვის შეუმჩნეველი საიდუმლო? - "ბარსელონა" ჩემს გულშია. ჩემი განუყოფელი ნაწილი და ერთი დიდი დაუვიწყარი მოგონებაა.
რას ვფიქრობ "ბარსელონას" ხელმძღვანელობის იმ დროინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? - სიმართლე გითხრათ, კატალონიური გუნდის მესვეურებმა ჩემ მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს - ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა...

მიუხედავად ყველაფრისა, არ შეიძლება, რომ ერთი გუნდის მაისურით 8 წლის განმავლობაში თამაშობდე, ნაბიჯ-ნაბიჯ ახალ მწვერვალებს იპყრობდე და ამავდროულად, ამ კლუბის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს არ გრძნობდე. სიყვარულს, რომელიც შენს გულში მარადიულ ადგილს იკავებს.
ფეხბურთელები სხვადასხვა კლუბებში გადადიან, იცვლება სტაფის შემადგენლობა, ყოველთვის ერთგვარი არ არის კლუბში მომუშავე პერსონალის კოლექტივი... მიუხედავად ამისა, "ბარსელონა" ყოველთვის იმ მწვერვალზე რჩება, რომელის დასაპყრობად, გუნდმა ძალიან საინტერესო და რთული გზა განვლო.

ყველასთვის უცნობი დანი ალვეში - ანუ, გზა ფერმიდან "კამპ ნოუმდე"


სანამ ტურინში წავიდოდი, „ბარსელონის“ ხელმძღვანელობას დავუბარე: "ყველა ვარიანტში მოგენატრებით"

ჩემი გადაწყვეტილებით, "ბარსელონას" მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელის დეფიციტი არავითარ შემთხვევაში არ ექნებოდა. აქ უმაღლესი კლასის მქონე მოთამაშეები არიან. მონატრებაში, პირველ რიგში ჩემ პიროვნულ თავისებურებებს ვგულისხმობდი. მათ მოვენატრებოდი გასახდელ ოთახში და გავახსენდებოდი მაშინ, როცა "ბარსელონას" მაისურზე სისხლის ლაქას შეამჩნევდნენ - მე ხომ ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენებით, გუნდს (პირველ რიგში მორალური თვალსაზრისით) დავხმარებოდი.

სიტყვებით ვერ აღვწერ, რა გრძნობა დამეუფლა, როცა წილისყრის შემდეგ, "იუვენტუსს" "ბარსელონას" წინააღმდეგ 2 მატჩი უნდა ჩაეტერებინა. გავაცნობიერე, რომ "კამპ ნოუზე" დაბრუნების ბედნიერება კიდევ ერთხელ მერგო, თუმცა ამჯერად, როგორც მოწინააღმდეგის რანგში. სანამ შეხვედრა დაიწყებოდა, "ბარსას" სათადარიგო სკამთან მივირბინე და კატალონიელთა თითოეულ წარმომადგენელს მივესალმე. ისინი მეუბნებოდნენ: "ჰეი, დანი, მოდი ჩვენთან, შენი ადგილი წინასწარ დავჯავშნეთ"

ჩემი მეგობრების ხელებს ვეხებოდი, როცა რეფერის სასტვენის ხმა გავიგე. თამაში უკვე დაწყებული იყო, როდესაც უშუალოდ მინდორზე შევედი. შევამჩნიე, როგორ იცინოდა ლუის ენრიკე.

ყველაფერი მშვენიერი იყო, თუმცა ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. თითოეული შეხვედრა ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში. ადამიანთა უმეტესობას (თუ ყველას არა) ძალიან მხიარულ ადამიანად მივაჩნივარ, რომელიც ყოველთვის იღიმის. პიროვნებად, რომელიც შეუფერებლად არასერიოზულია. ნება მომეცით, კიდევ ერთი საიდუმლო გაგანდოთ..

მსოფლიოს საუკეთესო შემტევების (მესი, ნეიმარი, რონალდუ) წინააღმდეგ თამაში იოლი საქმე არ არის. ყოველთვის ვცდილობ, რომ ის ფეხბურთელი დეტალურად შევისწავლო, რომელთანაც მომდევნო შეხვედრაში პირადი პაექრობა მელის. დიახ, შეიძლება, რომ ნებისმიერმა მოთამაშემ იოლად მომატყუოს, თუმცა ეს არაფერს ცვლის. მეც შემიძლია ზუსტად იგივე გავაკეთო. არ მიყვარს, როცა შეუმჩნეველი ვარ. ვერ ვიტან, როდესაც ჩემი თამაში შესაძლოა სხვისთვის სრულიად არაფრის მომცემი იყოს. 34 წლის ასაკში, მოგებული 34 ტიტულის მიუხედავად, საერთოდ არ ვთვლი, რომ გაჩერების დროა. პირიქით, დროის გასვლასთან ერთად, ჩემი შესაძლებლობების დამტკიცების უფრო და უფრო დიდი სურვილი მიპყრობს.

ყველა მატჩის წინ განმარტოება მიყვარს. 5 წუთით, სარკის წინ ვჩერდები და ვცდილობ, ყველანაირი ნეგატივი დავივიწყო. ამის შემდეგ კი ნამდვილი შოუ იწყება.. შოუ, რომელიც ჩემი ცხოვრების შეუცვლელი თანამგზავრია.

ბრაზილიაში, არც თუ შეძლებულ ოჯახში დავიბადე. 10 წლის ასაკში უკვე გაცნობიერებული მქონდა, რომ ცხოვრების დაუნდობლობაზე გასამარჯვებლად, დიდი შრომა მომიწევდა. პატარა სახლში ვცხოვრობდით. რომ გითხრათ, კომფორტულ ლოგინზე ვიძინებდი მეთქი, მოვიტყუებ. პირადად ჩემი ლეიბი ისეთი სისქის იყო, როგორიც ჩემი ნეკა თითია.

სანამ სკოლაში წავიდოდი, მამაჩემს უნდა მივხმარებოდი, რომელიც ფერმაში მუშაობდა. პლანტაციებისა და ხეხილის ბაქტერიებისგან დაცვის მიზნით, მამას მცენარეთა შეწამვლა ხშირად უხდებოდა.

მე და ჩემი ძმა ერთმანეთს ყოველთვის ვეპაექრებოდით. ერთადერთი ველოსიპედი გვყავდა, რომლის ტარების პატივი მას ერგებოდა, რომელიც მამას უფრო მეტად დაეხმარებოდა. გამარჯვებულის ვინაობას ყოველთვის მამა ავლენდა.

თუ ის გადაწყვეტილებას ჩემ სასარგებლოდ არ მიიღებდა, სკოლაში მისასვლელად 12 მილი ფეხით უნდა დამეფარა. ფეხით წასვლაზე უმეტესად არ ვწუწუნებდი, მაგრამ სახლში დაბრუნებას მუდმივად ვჩქარობდი. ვჩქარობდი, რადგან სამეზობლოში ფეხბურთს თამაშობდნენ. თუ ველოსიპედი ჩემ განკარგულებაში არ იყო, ფეხბურთის თამაშის ერთ შესაძლებლობას ვკარგავდი.

თუ ფერმაში დამსახურებულად ვიმუშავებდი, მიღებულ ველოსიპედს მხოლოდ ჩემი კეთილდღეობისთვის არ ვიყენებდი. გზაზე უეჭველად შემხვდებოდა გოგო, რომელიც სკოლაში მიმყავდა - ამით ყოველთვის ვამაყობდი. (იცინის)

მამაჩემი, პრაქტიკულად მთელი დღის განმავლობაში ფერმაში მუშაობდა. ამავდროულად, ის ერთ-ერთი ბარის მფლობელი იყო, რომლის საშუალებით დამატებით ფულს გამოიმუშავებდა. ახალგაზრდობაში, ისიც ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა ფინანსური თვალსაზრისით შეუძლებლობის გამო, ის სკაუტთათვის შეუმჩნეველი დარჩა. ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მე ამის საშუალება ყოველთვის მექნებოდა.

ყველასთვის უცნობი დანი ალვეში - ანუ, გზა ფერმიდან "კამპ ნოუმდე"


ფეხბურთს პატარა, შავ-თეთრ ტელევიზორში ვუყურებდით. ამის ბედნიერება, უმეტესად მხოლოდ კვირაობით გვქონდა. სწორედ ამის გამო, კვირა ჩვენი საყვარელი დღე იყო.

კარიერული წინსვლის მიზნით, ოჯახისგან შორს ყოფნა ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მომიწია. საფეხბურთო აკადემიაში ჩავირიცხე. საერთო საცხოვრებელში 100-მდე ბავშვი ვიყავით - ერთმანეთს მალე შევეჩვიეთ. ამასთან დაკავშირებით, მამამ კიდევ ერთი ფორმა მიყიდა. ჩემს გარდერობში უკვე 2 სათამაშო მაისური იყო.

პირველი ვარჯიშის შემდეგ, მამას ნაყიდი ფორმა გავრეცხე, შემდეგ კი გასაშრობად დავკიდე. დილით, კარგ ხასიათზე გაღვიძებულს ჩემი ახალი შენაძენი აღარ დამხვდა. ვიღაცამ აიღო ის - მაშინ გავაცნობიერე, რომ აკადემიის სახით, რეალური მსოფლიოს დანახვის კარგი შესაძლებლობა მქონდა - უფრო სწორად რომ ვთქვა, უკვე რეალურ, დაუნდობელ სამყაროში მიწევდა ყოველდღიური ცხოვრება.

ხშირად მშიოდა. იქ შესაფერისი პირობები არ იყო. საუკეთესოობაზე საუბარიც ზედმეტია. ინდივიდუალური შესაძლებლობების მხრივ, 100 ბავშვიდან, მაქსიმუმ 51-ე თუ ვიქნებოდი.
საკუთარ თავს შთავაგონე: "სახლში ისე არ დაბრუნდები, სანამ მამა შენით არ იამაყებს. მათ შორის საუკეთსო იქნები და ამისთვის ყველაფერს გააკეთებ"
18 წლის ასაკში გავიგე, რომ ჩემი შეძენით "სევილია" იყო დაინტერესებული. სკაუტი დავარწმუნე, რომ "სევილიას" მიმართ უზომოდ დიდი სიყვარულით ვიყავი განწყობილი, თუმცა მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რომელ კლუბზე იყო საუბარი.

რამდენიმე დღეში გავიგე, რომ "სევილიას" "ბარსელონასთან" და მადრიდის "რეალთან" თამაშის შესაძლებლობა რეგულარულად ჰქონდა. მივხვდი, რომ ჩემი ინდივიდუალური განვითარების მხრივ, ეს იდეალური ვარიანტი იქნებოდა.

"სევილიაში" თამაშის სურვილმა, ყველაფერი დამავიწყდა. მხოლოდ ესპანეთში ჩასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ადაპტირება ძალიან გამიჭირდებოდა. 6 თვის განმავლობაში, თავს ყოველთვის მე-100 ხარისხოვნად ვგრნობდი. ფეხბურთელები ისე მიყურებდნენ, თითქოს ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის მოთამაშე ვიყავი. მწვრთნელი სათამაშო დროს არ მაძლევდა. ყოველივე ამას ერთვოდა ისიც, რომ ესპანურად ვერ ვსაუბრობდი.

პირველად, ჩემ ცხოვრებაში დადგა პერიოდი, როცა სახლში დაბრუნებაზე რეალურად დავფიქრდი, თუმცა მოულოდნელად, მამაჩემი და მის მიერ ნაყიდი ფორმა გამახსენდა, რომელიც მომპარეს. სწორედ ეს იყო, რაც წარმატებისკენ მომიწოდებდა.

პერიოდულად, უფრო და უფრო მეტი სათამაშო დრო მქონდა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. მთელი მატჩის განმავლობაში, ბურთთან შეხებას რამდენიმეჯერ თუ მოვახერხებდი. ასეთ ვარინატში, თავის გამოჩენა ძალიან რთულია. ერთ დღეს კი გადავწყვიტე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ჩემი მოთმინება და სიმშვიდე, მხოლოდ და მხოლოდ წარმატების უდიდესმა სურვილმა შეცვალა. კარიერული წინსვლის ჟინმა, უდიდესმა მოტივაციამ შემაძლებინა, რომ "სევილიის" შემადგნელობაში ადგილი დამემკვიდრებინა. რამდენიმე წელში კი ჩემი აგენტი მეუბნება: "დანი, "ბარსელონას" შენი ყიდვა სურს"

18 წლის ასაკში ოკეანე გადავკვეთე, იმ მიზნით, რომ "სევილიის" მაისურით, ისეთი დიდი გუნდები დამემარცხებინა, როგორიც "ბარსელონა" და "რეალი" არიან. ახლა კი უკვე ტოპ კლუბს უნდოდა ჩემი შეძენა. ეს საოცრება იყო.

კატალონიური კლუბის სავარჯიშო სესიებზე ყველაზე მეტად ვინც (რაც) მაოცებდა, ლეო მესი იყო. ბურთის შეუდარებელი კონტროლი და ულამაზესი სანახაობა. მის მიერ განხორციელებული დრიბლინგები იმედნად შთაბეჭდავი იყო, სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენდი.

მესი ვარჯიშზე ვერ გავაჩერე. რამდენჯერაც ერთი-ერთზე დავრჩით, იმდენჯერ დავიჩაგრე. რა თქმა უნდა, მის შესაძლებლობებზე საუბარიც ზედმეტია.

გაოცებული ვიყავი ლეოს თამაშით, ისევე, როგორც პეპ გუარდიოლას გენიალურობით. როგორც კომპიუტერული საწყისები უკავშირდება სტივ ჯობსს, ისე უკავშირდება ფეხბურთი დიდებულ პეპს.

გენიოსი, რომელზეც შემიძლია, რომ დაუსრულებლად ვისაუბრო. ყოველთვის იცოდა, როგორც განვითარდებოდა კონკრეტული შეხვედრის სათამაშო სცენა. 2010 წელს, როდესაც "რეალი" 5-0 დავამარცხეთ, მატჩის წინ მან გვითხრა: "წარმოიდგინეთ, რომ თამაშობთ გავარვარებული ბურთით. თქვენ არ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ის დიდი ხნის განმავლობაში, რადგან ფეხი დაგეწვებათ. ითამაშეთ მარტივად და ჭკვიანურად. არ მისცეთ მეტოქეს საშუალება, რომ შეგავიწროვოთ"

ყველასთვის უცნობი დანი ალვეში - ანუ, გზა ფერმიდან "კამპ ნოუმდე"


ყველაზე მთავარი კი ის მენტალიტეტი იყო, რომელიც პეპ გუარდიოლამ გუნდში დანერგა. გამარჯვების დაუოკებელი სურვილი, რომელიც ყოველივე წარმატების შემდეგ, უფრო და უფრო დიდი ინტენსივობით იზრდებოდა. პეპი ყველაზე სასაცილო მაშინ იყო, როდესაც პირველი ტაიმის შემდეგ ვაგებდით და ჩვენ თამაშს ვერ ვაჩვენებდით. გუარდიოლა ამ დროს თავის ხელს მოხრიდა და "ტვინს მასაჟს უკეთებდა". ალბათ, თავის თავში, გენიალური იდეის აღმოცენებას ელოდებოდა.

გავიდოდა რამდენიმე წუთი და გახარებული პეპი სრულიად ახალი სათამაშო სქემითა და დავალებებით, გოლის გატანის უმარტივესს ხერხებზე მიგვითითებდა.
ჩვენც, მისი დავალებების განხორციელებით, შეხვედრა სასურველ შედეგამდე მიგვყავდა.

"ბარსელონაში" მეტად განსხვავებული სათამაშო სისტემა მოქმედებს. გუნდი იმდენადაა შეკრული, რომ გადაცემის შესასრულებლად, ცოტაოდენი ფიქრიც არ გჭირდება. შენ მანამდე იცი თუ სად იქნება შენი თანაგუნდელი, სანამ გადაცემას შეასრულებ. "ბარსელონა" ერთი მთლიანი მექანიზმივით მოქმედებს. აი, რატომაც არის "ბარსელონა" ჩემს გულში.

34 წლის ვარ. არ ვიცი, კიდევ რამდენი ხნის განმავლობაში შევძლებ ფეხბურთის თამაშს. ალბათ 2-3 სეზონი ჯერ კიდევ შემიძლია, რომ მაღალ დონეზე დავრჩე.

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ცხოვრება ერთი უბრალოდ წრეა, რომელზეც მუდმივად ვმოძრაობთ. ამ წრეზე კი ყველაზე მეტად არგენტინელები მხვდებიან. "ბარსაში" მესი, "იუვეში" დიბალა, ახლა "პსჟ"-ში ვცდილობ წარმატების მიღწევას. გენიალურ ფეხბურთელებთან თამაშის პატივი ყოველთვის მაქვს.
ჩემპიონთა ლიგის მოგება განსაკთრებული მოვლენაა. მაშინ, როცა ამის განცდის შესაძლებლობა პირველად მომეცა, მომენტალურად მამაჩემთან გავიქეცი. კამერების წინ, თასით ხელში, ჩვენ ერთად ვპოზირებდით. მაშინ მამამ თქვა: "ჩემი ვაჟი ახლა ნამდვილი კაცია" - ბავშვივით ტიროდა. ჩემი ცხოვრების მრავალწლიან ისტორიაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო...

სპეციალურად GOAL.GE-სთვის, გიორგი მრელაშვილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები