იუვენტუსის 40-მილიონიანი ფეხბურთელი, რომელსაც ჯერჯერობით შანსი არ ეძლევა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსის 40-მილიონიანი ფეხბურთელი, რომელსაც ჯერჯერობით შანსი არ ეძლევა


იუვენტუსის 40-მილიონიანი ფეხბურთელი, რომელსაც ჯერჯერობით შანსი არ ეძლევა
საფეხბურთო საიტი Goal.Ge გთავაზობთ საინტერესო სტატიას ტურინის "იუვენტუსის" გარემარბზე, ფედერიკო ბერნარდესკიზე, რომელიც ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ტურინულ კლუბში 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ბერნარდესკის ჯერჯერობით ტურინული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი არ დაუმკვიდრებია. მეტსაც გეტყვით, ფეხბურთელი, რომელშიც 40 მილიონი ევროა გადახდილი, ჯერჯერობით სათამაშო დროის დეფიციტს განიცდის.

სეზონის დაწყებამდე ტურინული კლუბის ინტერესთა სფეროში ბალდე კეიტა და შიკი შედიოდნენ, თუმცა იტალიელებმა ვერც ერთ ზემოთ ხსენებულ მოთამაშესთან შეთანხმება ვერაფრით მოახერხეს. საბოლოო ჯამში, მათ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ იმედისმომცემი შემტევი, ბერნარდესკი ჩაიგდეს ხელში, თუმცა რამდენად გამოიყენებენ ისინი ამ მართლაც უნიჭიერეს ფეხბურთელს, ეს უკვე სხვა საკითხია.

იუვენტუსის 40-მილიონიანი ფეხბურთელი, რომელსაც ჯერჯერობით შანსი არ ეძლევა

ბერნარდესკის ამ სეზონში არც ერთი მატჩი არ დაუწყია ძირითადი შემადგენლობიდან. ის შეცვლიდან 4 მატჩში ჩაერთო, თუმცა საერთო ჯამში სულ მხოლოდ და მხოლოდ 55 წუთი ითამაშა, რა დროშიც მან 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მაინც მოახერხა.

გასულ წლებში ბერნარდესკიმ წარმოუდგენლად დიდი პროგრესი განიცადა. "ფიორენტინაში" ასპარეზობის დროს ის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა და გუნდის შემტევი ხაზის ერთ-ერთ მთავარ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. ბერნარდესკიმ თვისი ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე მოახერხა და მიიპყრო ისეთი კლუბების ყურადღება, როგორებიც იგივე კატალონიური "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" არიან.

ბერნარდესკის სტატისტიკა "ფიორენტინაში" შემდეგნაირი იყო - 27 თამაში, 11 გოლი და 5 ასისტი. უდავოა, რომ ეს შემტევი ნახევარმცველისთვის კარგი სტატისტიკაა. ბერნარდესკის შემტევ პოტენციალთან ერთად, საკმაოდ კარგი დაცვითი უნარებიც აქვს, რაც გასულ სეზონშიც არა ერთხელ გამოჩნდა. იყო რამდენიმე შეხვედრა, როცა ბერნარდესკიმ მარჯვენა მცველის პოზიციაზე იასპარეზა.

იუვენტუსის 40-მილიონიანი ფეხბურთელი, რომელსაც ჯერჯერობით შანსი არ ეძლევა

იტალიელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში იმდენად დიდ პროგრესს მიაღწია, რომ მოგვიანებით იტალიის ეროვნული ნაკრებისგანაც კი მიიღო მიწვევა. მან ეროვნული გუნდის მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე 60 წუთი დაჰყო.

ყველაზე შთამბეჭდავი სტატისტიკური მაჩვენებელი, რაც ბერნარდესკის ამ სეზონში აქვს, ეს პასების სიზუსტის პროცენტული მაჩვენებელია. 95% - სწორედ ასეთი სიზუსტით აკეთებს ბერნარდესკი გადაცემებს ტურინულ კლუბში. მიუხედავად ამისა, მასიმილიანო ალეგრი რატომღაც თვლის, რომ იტალიელი შემტევისთვის თითოეულ თამაშში 10-20 წუთზე მეტი არ უნდა გამოყოს.

მთავარი პლუსი, რომელიც ბერნარდესკის აქვს, ეს სისწრაფე და ტექნიკაა. მას თავისუფლად შეუძლია, რომ ერთდროულად რამდენიმე მეტოქე მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოძრაობით მოატყუოს. მას აქვს კარგი მოედნის ხედვაც, რაც ასისტების რაოდენობაზეც აისახება. ბერნარდესკის უდავოდ აქვს იმის პოტენციალი, რომ "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი და დუგლას კოშტასთან ერთად, ბრწყინვალე შემტევი ტანდემი ჩამოაყალიბოს, თუმცა მას ამისათვის სათამაშო პრაქტიკა დასჭირდება. საინტერესოა, თუ როდის მიიღებს იტალიელი მოთამაშე ალეგრისგან სათამაშო პრაქტიკას და თავის გამოჩენის შანსს, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ამ სეზონის მიმდინარეობისას მოხდება.

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად Goal.Ge-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები