თორნიკე ოქრიაშვილი: "მინდა საჩემპიონო შეგრძნება გამოვცადო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

თორნიკე ოქრიაშვილი: "მინდა საჩემპიონო შეგრძნება გამოვცადო"


თორნიკე ოქრიაშვილი:
ხანგრძლივი უქმობის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილი რამდენიმე დღეა მოედანს დაუბრუნდა. უქმობა კი ტრავმით იყო გამოწვეული. ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მოიშუშა თუ არა, ტრიუმფალური დაბრუნება მოახერხა და შეცვლაზე შესულმა მახაჩალის ანჟის სტუმრად გოლი გაუტანა.

_ ნახევარი წელი გავიდა, რაც ლოკომოტივთან სტუმრად ჩატარებული მატჩისას ტრავმა მიიღე. რა მოხდა? ისე ჩანდა, რომ ორთაბრძოლაში არაფერი მომხდარა.

_ შეცვლაზე შევედი და ზედმეტი მოვინდომე. ვიგებდით და ძალიან მინდოდა გუნდს დავხმარებოდი შესანარჩუნებლად, ამიტომ ყველგან დავრბოდი... მართალია, შეჯახება არ ყოფილა. ლოკომოტივის სტადიონზე სინტეტიკაა და ბუცი გასრიალდა ცუდად, ეტყობა ცუდად გაიჭედა და ფეხი მომენტალურად წავიდა ქვევით. თავიდან არც ვფიქრობდი რომ ჯვარედინი მყესები იქნებოდა, რადგან დიდ ტკივილს ვერ ვგრძნობდი. მეგობრებს, რომელთაც მსგავსი ტრავმა გადატანილი აქვთ, ნათქვამი ჰქონდათ, რომ საშინელი ტკივილი იცის, მე კი ასეთი არ მიგვრძნია. მინდოდა მოედანზე დავბრუნებულიყავი, რათა გუნდი უმცირესობაში არ დარჩენილიყო, რადგან მეტი შეცვლის გაკეტება აღარ შეგვეძლო, მაგრამ ექიმებმა არ მომცეს ნება და მადლობა მათ ამისთვის. რომ შევბრუნებულიყავი, პრობლემებს უფრო გავირთულებდი.

_ ეს პირველი სერიოზული ტრავმაა შენს კარიერაში?

_ დიახ. მანამდე პატარ-პატარა ტრავმები მქონია, მაგრამ სერიოზული არა. ორ კვირაზე მეტი არასდროს გამიცდენია.

_ როგორ მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო პროცესი?

_ 13 მარტს ტრავმა მივიღე, 15-ში უკვე გერმანიაში გავფრინდი, 16-ში ოპერაცია გავიკეთე. რამდენიმე დღე კლინიკაში გავატარე. ოპერაციის შემდეგ საშინელი ტკივილი მქონდა _ 4 დღე ვერ ვიძინებდი, არანაირი გამაყუჩებელი არ მშველოდა. შემდეგ კრასნოდარში დავბრუნდი და ჩვენს ექიმთან ალეკსანდრ იაცენკოსთან სარეაბილიტაციო პროგრამით მუშაობას შევუდექი. გარკვეული დრო უმოქმედოდ ვიყავი, შემდეგ ერთი თვე ხელით ამუშავებდნენ მუხლს, ბოლოს სპეციალურ ტრენაჟორებზე ვმუშაობდი და „ველოსიპედს“ ვატრიალებდი. რამდენიმე თვის შემდეგ მოედანზე ვარჯიში დავიწყე. ჯერ ინდივიდუალური პროგრამით ვმუშაობდი, აგვისტოში კი საერთო ჯგუფთან შეზღუდვებით ვივარჯიშე. თითქმის ხუთნახევარი თვის განმავლობაში დღეში ორჯერ 3-4 საათი ვმუშაობდი. მიჭირდა, მაგრამ მესმოდა, რომ თუ დაბრუნება მინდოდა, უნდა მომეთმინა. და, აი სექტემბრის დასაწყისიდან სრული ძალით ვვარჯიშობ. თავს კარგად ვგრძნობ, მუხლი აღარ მაწუხებს.

_ რომელი პერიოდი იყო ყველაზე ცუდი?

_ საწყისი 2 თვე ძალიან რთული იყო. ვერ დავდიოდი, შხაპსაც ვერ ვირებდი... თუმცა, ოჯახი გვერდით მედგა და მხარს მიჭერდა, ყველაფერში მეხმარებოდა.

_ კიდევ ვისი მხარდაჭერა იგრძენი ტრავმის დროს?

_ მხარს ყველა მხრიდან მიჭერდნენ. გერმანიაში გაფრენის წინ კლუბის პრეზიდენტი სერგეი გალიცკი ტელეფონით მესაუბრა, წარმატებული ოპერაცია მისურვა და მითხრა _ გული არ დაგწყდეს, შენთან ვართ, გვჯერა, რომ დაბრუნდები, შენი იმედი გვაქვს. მისი სიტყვები მორალურად დამეხმარა. მთელი გუნდი გვერდით მედგა _ ფეხბურთელები, კლუბის პერსონალი, ცალკე მადლობა კლუბის ექიმებს. ალბათ, თითქმის მთელი საქართველო მალე დაბრუნებას მისუვებდა. ისინიც, ვინც ვერ მწერდა და მირეკავდა! საფეხბურთო და არასაფეხბურთო მეგობრები, მოთამაშეები, ნაკრების მწვრთნელები, ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელები და უბრალოდ ნაცნობი ადამიანები... მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას ვუხდი!

_ ამ ტრავმამ შეგცვალა, როგორც ფეხბურთელი და ადამიანი?

_ რა თქმა უნდა. გავიგე, ცხოვრებაში რა სირთულეც შეიძლება გქონდეს, ნამდვილი პრობლემა საკუთარ თავზე გამოვცადე. აზროვნება შევიცვალე, ყველაფერს სხვანაირად ვუდგები, დავიწყე იმის დაფასება, რაც ახლა გამაჩნია.

_ რას გვრძნობდი, როდესაც 6 თვის შემდეგ მოედანს დაუბრუნდი ანჟისთან თამაშისას?

_ არ ვიცი, ეს გრძნობა როგორ გადმოვცე... თავიდან არ მჯეროდა, რა ხდებოდა. სახლში მეუღლემაც იგივე კითხვა დამისვა, ნორმალურად ვერც ავუხსენი. წარმოუდგენელი ემოციები და ადრენალინი ვიგრძენი! ამის გადმოცემა შეუძლებელია, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია! თანაც გოლის გატანა მაშინვე მოვახერხე.

_ პირადად შენთვის როგორი გამოდგა გოლი?

_ კაბორემ მოედნის ცენტრში კარგად ითამაშა ართმევაზე და სმოლოვს გადააწოდა ბურთი. ფედია კი ელოდა როდის გავიხსნებოდი. მომეჩვენა რომ მას სურდა გოლი მე გამეტანა და ამიტომაც მელოდა. მეც კარგად გავიხსენი და ბურთი კარში შევაცურე. მადლობა სმოლოვს ამისთვის.

_ კიდევ ერთ გოლს კრასნოდარის შემადგენლობაში ალბათ ვერასდროს დაივიწყებ. ეს გამარჯვების გოლია ზენიტის კარში, რომელიც გულშემატკივრებმა გასულ სეზონში საუკეთესო აღიარეს. ამის შესახებ როდის გაიგე?

_ შვებულების დროს. საქართველოში ივყავი და ასიმართლე რომ გითხრათ, არც კი ვიცოდი გამოკითხვა თუ მიმდინარეობდა. როდესაც შედეგები გამოცხადდა, ვიღაცამ სოციალურ ქსელში მომწერა, რომ გამოკითხვაში გავიმარჯვე. მადლობა ყველა გულშემატკივარს ამისთვის. ძალიან გახარებული ვიყავი და ეს ამბავი ოჯახურ წრეში ავღნიშნეთ.

_ სად ინახავ იმ პრიზს?

_ სახლში მიდევს.

_ გამოსაჩენ ადგილზე?

_ ისეთ ადგილზე, რომ ბავშვები ვერ მიწვდნენ და არ გატეხონ.

_ „ოქრი“ _ ასე გეძახიან გუნდში. ქართულად ეს ოქროს ნიშნავს, მაგრამ ჯერ არცერთი ოქროს ტიტული შენ კარიერაში არ არის...

_ ოქრიაშვილი უფრო ითარგმება როგორც ოქროს შვილი, ბიჭუნა. რაღაც ამის მსგავსი. დიახ, ოქრო ჯერ არ მომიგია და ძალიან მინდა ეს სწორედ კრასნოდარიშ შემადგენლობაში გავახერხო. ჩემი მეგობარი ჯანო ანანიძე მიყვებოდა, თუ რა სასიამოვნოა შეგრძნებაა ჩემპიონობა და მეც მინდა ეს პროცესი გამოვცადო. ძალიან მინდა რომ ჩემს კარიერაში გამოჩნდეს პირველი იტტული და საამისოდ ძალ-ღონეს არ დავიშურებ.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები