მანჩესტერ სიტი - ინგლისის მომავალი ჩემპიონი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერ სიტი - ინგლისის მომავალი ჩემპიონი?


მანჩესტერ სიტი - ინგლისის მომავალი ჩემპიონი?

"ქალაქელთა" ბოსს, პეპ გუარდიოლას რომ ჰკითხოთ, საკუთარი გუნდის წარმატება მხოლოდ და მხოლოდ ამ კლუბში მოთამაშე მაღალი დონის ფეხბურთელებითაა განპირობებული. უკანასკნელად, მან ამის შესახებ გარი ლინეკერთან ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მანჩესტერ "სიტის" ის სათამაშო ფორმა, რომელსაც გუნდი ბოლო პერიოდში აჩვენებს, მხოლოდ და მხოლოდ კარგ მოთამაშეებს უკავშირდება.

ესპანელ სპეციალისტს გეგმა ყოველთვის აქვს. ეს ჯერ კიდევ კატალონიის "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობის დროს გამოჩნდა. მან უამრავი ტიტული მოიგო, ახლა კი იგივეს გაკეთებას ინგლისურ გრანდში გეგმავს. ფაქტია, რომ "სიტი" სწორ გზაზეა და ასე გაგრძელების შემთხვევაში, მანჩესტერელებს ძალიან დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ.

"სიტის" ბოსმა წინა სეზონში გარკვეული შეცდომები დაუშვა, რამაც განაპირობა ის, რაც მოხდა. იმედიანი სტარტის შემდეგ, ინგლისელებმა სეზონის ბოლოს საგრძნობლად მოუკლეს და მოლოდინი ვერ გაამართლეს. ამ დროს, "სიტის" სათამაშო სისტემა იმ ფეხბურთელებს ეფუძნებოდა, რომლებიც ამ მოვალეობის შესასრულებლად ბოლომდე მზად არ იყვნენ.
იყო განაპირა მცველების პრობლემა. ერთი შეხედვით, კლაუდიო ბრავოს სახით გუნდში ძალიან მაღალი დონის მეკარე მოვიდა, თუმცა აშკარაა, რომ ჩილელმა გაცემულ ავანსებს თავი ვერ გაართვა. პრობლემური იყო განაპირა მცველების არც თუ დამაჯერებელი ასპარეზობა. ამ და რამდენიმე პრობლემების გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი, რომ "სიტიმ" კარგად დაწყებული სეზონი, ბოლომდე ვერ მიიყვანა.

მიმდინარე წლის ზაფხულში ყველაფერი შეიცვალა. მანჩესტერელთა ხელმძღვანელობამ გუნდში ცვლილებები განახორციელა და რამდენიმე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი შეიძინა.
თუ ამ ფორმაციის "სიტის" ნათელ წერტილებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში კაილ უოკერისა და ბენჟამინ მენდის საოცარრ თამაში უნდა აღვნიშნოთ. ფეხბურთელები, რომლებიც "ლურჯებს" 2017/18 წლების სეზონში შეუერთდნენ, დაკისრებულ მოვალეობებს იდეალურად ასრულებენ და თავიანთი კლუბის წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ. მათი ბრწყინვალე თამაში გუნდს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში უკეთესად თამაშის საშუალებას აძლევს.

მანჩესტერ სიტი - ინგლისის მომავალი ჩემპიონი?


უნდა ვისაუბროთ ედერსონზეც, რომელსაც "სიტიმ" დიდი ნდობა გამოუცხადა. ახალგაზრდა კიპერის სანაცვლოდ, "ქალაქელთა" მესვეურებმა "ბენფიკას" 35 მილიონი ევრო გადაუხადეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელი შესანიშნავად გამოიყურება.

30 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურის ეგიდით, "სტემფორდ ბრიჯზე" ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ლონდონის "ჩელსი" "სიტის" დაუპირისპირდა. ორივე გუნდის სათამაშო ფორმის ოპტიმალურობიდან გამომდინარე, ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, თუ ვინ შეძლებდა უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებას.
გუარდიოლამ დაამტკიცა, რომ გუნდის წარმატებაში, მას არანაკლები წვლილი მიუძღვის, ვიდრე ამ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელებს.

"სიტის" სათამაშო ტაქტიკაში ერთი მნიშვენლოვანი დეტალი გამოიკვეთა. ბურთის გარეშე, "სიტი" 4-3-3 -ზე გადაეწყობოდა, მისი მოპოვების შემდეგ კი კაილ უოკერი მე-3 ცენტრალური მცველის პოზიციას იკავებდა, ხოლო მარცხენა ფლანგზე მოთამაშე დელფი, რომელიც მენდის ტრავმის პერიოდში მცველად ასპარეზობს, ცენტრალური ნახევარმცველის ამპლუას ითავსებდა.
ამ ტაქტიკას ძალიან ცოტა თუ მიმართავს. საქმე ისაა, რომ ერთი პოზიციური შეცდომა და ამ ტაქტიკით მოთამაშე გუნდის ბედი შეიძლება გადაწყდეს. თუმცა, პეპი თავისი ფეხბურთელების განსაკუთრებული ნდობით გამოირჩევა.
ესპანელი სპეციალისტის ამ მიდგომას გასულ სეზონშიც შეამჩნევდით. მაშინ, პეპი ამას იმაზე იშვიათად იყენებდა, ვიდრე ეს მიმდინარე სეზონში.

19 ქულით, გუნდი სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა, 22 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 2 გაშვებული. შედეგზე რომ არაფერი ვთქვათ, გუნდი შთამბეჭდავ ფეხბურთს თამაშობს. სწრაფ, ტაქტიკურად და პოზიციურად გამართულ ფეხბურთს შედეგიც მოაქვს...

კევინ დე ბრუინი კი საოცარ ფორმაშია. ბელგიელი, რომელიც თითქოს წინა სეზონში ჩაქრა, მიმდინარე წელს შესანიშნავად თამაშობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის დღევანდელი "სიტის" მთავარი საყრდენი ძალაა. ის "სიტის" სათამაშო სისტემას იდეალურად ერგება.

მანჩესტერ სიტი - ინგლისის მომავალი ჩემპიონი?


სიმართლე არის ის, რომ ტექნიკურობის თვალსაზრისთი, კევინ დე ბრუინზე უკეთესი ფეხბურთელების მოძებნა რთული არ არის. მისი მთავარი პლიუსი ტექნიკურობა ნამდვილად არაა. დე ბრუინი უმაღლესი სათამაშო ინტელექტის მქონე, ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც თანაგუნდელებს კარგად ეწყობა და ზუსტად იცის, რა დროს როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

გუარდიოლა რომ დე ბრუინს განსაკუთრებულად ენდობა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ბელგიელს ესპანელი სპეციალისტისგან მოედანზე მოძრაობის შეზღუდვა არ აქვს. ეს გუშინდელ შეხვედრაშიც გამოჩნდა.

დე ბრუინმა კურტუას კარში ულამაზესი გოლი გაიტანა და "სტემფორდ ბრიჯზე" შეკრებილი პუბლიკა დაამწუხრა. "სიტიმ" "ეტიჰადზე" ბოლო შეხვედრა სწორედ "ჩელსისთან" დათმო, ასე, რომ ეს გამარჯვება, ერთგვარ რევანშადაც შეიძლება ჩაითვალოს.

სპეციალურად GOAL.GE-სთვის, გიორგი მრელაშვილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები