გიორგი ქოჩორაშვილი: „ესპანეთში სათამაშოს საბუთების მოწესრიგება მჭირდება“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიორგი ქოჩორაშვილი: „ესპანეთში სათამაშოს საბუთების მოწესრიგება მჭირდება“


გიორგი ქოჩორაშვილი: „ესპანეთში სათამაშოს საბუთების მოწესრიგება მჭირდება“

ორი თვის წინ საბურთალოს ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა კარიერა ესპანურ ხირონაში გააგრძელა. ამპლუით ნახევარმცველი პირენეის ნახევარკუნძულზე იჯარის წესით გადავიდა.

_ როგორ დაგხვდნენ გუნდში?

_ ესპანელები ძალიან თბილად დამხვდნენ, ყოველთვის მათ ყურადღებას ვგრძნობ. გუნდში ერთადერთი ლეგიონერი ვარ. უშუალოდ ხირონადან რამდენიმე ფეხბურთელი ირიცხება, ძირითადად ვალენსიიდან, ვიგოდან და სხვადასხვა ქალაქებიდან.

_ უცხო გარემოში, ან ვარჯიშებთან შეგუება ხომ არ გაგიჭირდათ?

_ შეიძლება ითქვას ადაპტაცია უკვე გავიარე, აქაურობას უცებ შევეგუე. რაც შეეხება საწვრთნელ პროცესს, არ გამჭირვებია, რადგან საბურთალოში კარგად ვიყავი მომზადებული. საქართველოს ჩემპიონატიდან შედარებით მაღალი ტემპია, თუმცა რაიმე განსაკუთრებული არაფერი.

_ რას გეუბნებიან ესპანელები, ოფიციალურ შეხვედრაში როდის ითამაშებთ?

_ ცოტა ხნის წინ ამხანაგურ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგაში ჩემს თამაშზე თანხმობა განაცხადა. ახლა სტამბოლში დოკუმენტები უნდა შევიტანო, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამომატანა, ამის შემდეგ უკვე თამაშის უფლება მექნება.

_ გუნდში დიდი კონკურენციაა?

_ 22 ფეხბურთელი ირიცხება, თითო პოზიციაზე 2 ფეხბურთელია. ვარჯიშებზე როგორც წარმოაჩენ თავს, ოფიციალურ თამაშსაც იქიდან გამომდინარე ითამაშებ. საწვრთნელ პროცესზე ყველა გაორმაგებული ვარჯიშობს, ყველას უნდა, რომ მოაწონონ მწვრთნელებს თავი.

_ ალბათ პირველი გუნდის თამაშებსაც ესწრებით. სტადიონზე როგორი ატმოსფერო სუფევს?

_ რამდენიმე კვირის წინ ხირონამ ბარსელონას უმასპინძლა. ადგილობრივები, ისევე როგორც მე, განსაკუთრებით ველოდებოდით ამ მატჩს, რადგან ძალიან ძლიერი კლუბი სტუმრობდა ქალაქს. დიდი იყო აჟიოტაჟი, სტადიონზეც საზეიმო განწყობა იყო. იმ შეხვედრაში ბარსამ დამსახურებულად გაიმარჯვა.

_ რამდენიმე დღის წინ უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე საბურთალომ თურქეთში ბურსა დაამარცხა.

_ ძალიან გამეხარდა და მოხარული ვარ, რომ საბურთალომ მეტოქის მოედანზე იმარჯვა. უეფას ახალგაზრდული ლიგის საგზური ერთად მოვიპოვეთ. ბიჭებთან მქონდა ამ მატჩთან დაკავშირებით საუბრები, განვიხილეთ თამაში, ყველას ერთად გვიხარია. თუმცა, ჯერ არაფერი არ დამთავრებული, წინ კიდევ 90 წუთი არის სათამაშო. ვფიქრობ, თბილისური მატჩი უფრო რთული იქნება, ვიდრე თურქეთში ჩატარებული შეხვედრა. ბურსა ყველაფერს გააკეთებს, რომ თამაში გადაარჩინოს. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჩვენ უფრო მეტი შანსი გვაქვს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები