ნეიმარი? გავიხსენოთ პარი სენ ჟერმენის პირველი ვარსკვლავი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარი? გავიხსენოთ პარი სენ ჟერმენის პირველი ვარსკვლავი


ნეიმარი? გავიხსენოთ პარი სენ ჟერმენის პირველი ვარსკვლავი

თანამედროვე ფეხბურთში იმარჯვებს ის გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი ვარვსკვლავი ჰყავს შემადგენლობაში. სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბები ნამდვილ ომს იწყებენ სხვადასხვა მოთამაშის გამო, ჩამოდიან ისეთ კოლოსალურ თანხებს, რომ ვერც ფეხბურთელი და ვერც მისი გუნდი უარს ვერ ამბობს შემოთავაზებაზე.

ბოლო წლებში მსგავს ე.წ. "ფულის ტომარად" ფრანგული პარის სენ-ჟერმენი გვევლინება, რომელიც ყატარელი შეიხების ინვესტიციების შემდეგ, რეგულარულად "აფეთქებს" სატრანსფერო ბაზარს. წლევანდელი ზაფხული პარიზული კლუბის ახალ ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამოდგა, "დედაქალაქელებმა" რეკორდულ 222 მილიონ ევროდ ბარსელონადან ნეიმარი გადმოიბირეს და იჯარით აიყვანეს მონაკოს ვუნდერკინდი კილიან მბაპე, რომელსაც გაისად 145 მილიონ ევროდ გამოისყიდიან.

"პსჟ"-ს დღევანდელი შემადგენლობა სავსეა ექსტრა-კლასის მოთამაშეებით, თუმცა იყო დრო, როდესაც პარიზული პუბლიკა მხოლოდ ერთი ჯადოქრის სანახავად დადიოდა სტადიონზე, ეს არ იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩი და არც რონალდინიო, საუბარია ყველაზე ტექნიკურ აფრიკელ ფეხბურთელზე, ჯეი-ჯეი ოკოჩაზე. სწორედ ნიგერიელი ფლეიმეიქერი იყო "პარის სენ-ჟერმენის" პირველი სუპერ-ვარვსკვლავი, რომელმაც მსოფლიო ლეგენდობამდე დიდი და რთული გზა გაიარა.

ავგუსტინი (ოკოჩას ნამდვილი სახელი) არ გამოირჩეოდა სკოლის გაკვეთილებზე, თუმცა სწავლის დასრულების შემდეგ, საფეხბურთო მოედანზე მას ბადალი არ ჰყავდა. პატარა ოკოჩა ბურთით ისეთ ილეთებს აკეთებდა, როგორსაც მისი მეგობრები სიზმარშიც ვერ ხედავდნენ. მას ჰქონდა ბავშვური ამბიცია, რომ ყოფილიყო საუკეთესო, ასფალტიდან მინდორზე გადასვლის შემდეგ, კი იგი უფრო შთამბეჭდავად და თავდაჯერებულად ათამაშდა.

"ყოველთვის მინდოდა, რომ ვყოფილიყავი ფეხბურთელი, მაგრამ არ მჯეროდა, თუ როდესმე პროფესიონალურ დონეს მივაღწევდი. ჩვენ სიამოვნებისთვის ვთამაშობდით და არც კი ვიცოდით, რომ ამით ბევრი ფულის შოვნაც შეიძლებოდა", -იხსენებს ნიგერიელი.

პირველ მწვრთვნელთან ჯეი-ჯეი 13 წლის ასაკში მოხვდა. მოზარდი სასკოლო გუნდისთვის შეარჩიეს და ფეხბურთი ახალი მხრიდან დაანახეს მას. ვარჯიშებზე ავგუსტინს უხსნიდნენ, რომ მხოლოდ ფინტები საკმარისი არ არის და ფეხებთან ერთად ტვინიც უნდა მუშაობდეს მოედანზე. ოკოჩამ შეიცნო ტაქტიკა და დისციპლინა, რაც მომავალში ძალიან გამოადგებოდა.

როდესაც ჯეი-ჯეი 17 წლის იყო, მან პირველად დატოვა ნიგერია. ამ ასაკში აფრიკელი ფეხბურთელები ევროპაში მიდიან, რათა კარიერა დაიწყონ, თუმცა ოკოჩა სერიოზულად არ ფიქრობდა ამის შესახებ. მის უფროს ძმას გერმანიაში მეგობარი ჰყავდა ბინები ნუმა, რომელმაც დაპატიჟა ბიჭები საშობაო არდადეგებზე.

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მგზავრობა უნდა ყოფილიყო, თუმცა ყველაფერი გაცილებით საინტერესოდ წარიმართა.
აღმოჩნდა, რომ ნუმა გერმანიის მეოთხე დივიზიონის კლუბ ბორუსია "ნოიკირხენში" თამაშობდა და ერთხელ გუნდის შეკრებაზე ახალგაზრდა ოკოჩასაც დაუძახა.

თავდაპირველად მთავარმა მწვრთნელმა დართო ჯეი-ჯეის ნება, რომ მომზადების პროცესში მიეღო მონაწილეობა, თუმცა უკვე მეორე ვარჯიშის შემდეგ, მოითხოვა, რომ ავგუსტინი კიდევ ორი კვირით დარჩენილიყო. ოკოჩამ წარმატებით გაიარა შემოწმება და გერმანიაში დარჩა, უკეთეს ახალ წელზე აფრიკელი მოზარდი ვერც კი იოცნებებდა.

ნეიმარი? გავიხსენოთ პარი სენ ჟერმენის პირველი ვარსკვლავი

თავდაპირველად ახალგაზრდა ნიგერიელი რთულად ეგუებოდა ცვლილებებს, ავგუსტინს ენატრებოდა სახლი და უჭირდა დამოუკიდებლად ცხოვრება, თუმცა მუდამ უმეორებდა თავს, რომ ესეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ოკოჩა იზრდებოდა, როგორც არა მხოლოდ ფეხბურთელი არამედ, როგორც ადამიანიც.

"ფეხბურთში მნიშვნელოვანია, რომ გუნდისთვის იყო მნიშვნელოვანი მოთამაშე. დიახ, მე ვაგრძელებდი ფინტების კეთებას, თუმცა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და არა სანახაობის გამო. მიყვარს ილეთების კეთება, რადგან ეს მოწინააღმდეგეს აღიზიანებს, იმ მომენტში ჩემს წინ მდგომი მოთამაშე სულელურად გამოიყურება, თუმცა მხოლოდ ტექნიკა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იყო პროფესიონალი", - აცხადებს ჯეი ჯეი.

ოკოჩამ ერთ წელზე ნაკლებ დროში არნახული პროგრესი განიცადა, ნიჭიერი ფეხბურთელი ფრანკფურტის "აინტრახტმა" იყიდა, რომელიც ბუნდესლიგაში გამოდიოდა. ჯეი-ჯეი არ მოექცა ტომას დოლისა და ტონი იებოას ჩრდილში, პირიქით, ის გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა.

"აინტრახტში კარგი გამოცდილება მივიღე. ისეთი ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობდი, რომლებისგანაც ბევრი საჭირო თვისება გადმოვიღე. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იდგა ჩემს წინ, მე არავისი მეშინოდა", - იხსენებს ოკოჩა.

ტექნიკური ნიგერიელის შესახებ ევროპამ 1993 წელს შეიტყო, 20 წლის ოკოჩა "კარლსრუესთან" მატჩში შემოვიდა შეცვლაზე და 10 წუთში ფეერიული სანახაობა დადგა მოედანზე. ჯეი-ჯეიმ ფინტებით გააბრუა მოწინააღმდეგე მცველები და მორალური ზიანი მიაყენა ლეგენდარულ ოლივერ კანს. გერმანელი ტიტანი იმ გოლს დღემდე იხსენებს.

ნეიმარი? გავიხსენოთ პარი სენ ჟერმენის პირველი ვარსკვლავი

ჯეი ჯეი ოკოჩას შედევრი ოლივერ კანის კარში


ცხადია, მსგავსი პერფომანსი არ გამოჰპარვიათ ნიგერიაში, ოკოჩა მალევე გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში. ჯეი-ჯეის დებიუტი წარმატებული გამოდგა, 1996 წლის ოლიმპიადაზე კი "სუპერ არწივებმა" ოქროს მედლებსაც კი გამოჰკრეს ხელი.



იმ დროს "აინტრახტში" კრიზისი დაიწყო და გუნდი მეორე ბუნდესლიგაში გავარდა. ოკოჩამ თავი დააღწია ჩაძირულ გემს და სტამბულის "ფენერბახჩეში" გადავიდა. ორი სეზონის განმავლობაში აფრიკელი რეგულარულად იტანდა გოლებს, ამჯერად არამხოლოდ დრიბლინგისა და ფინტების წყალობით, არამედ უკვე შორეული ყუმბარისებული დარტყმებითაც.



"პსჟ"-ში ოკოჩა ნამდვილი ვარვსკვლავის სტატუსით გადავიდა. პარიზელებმა აფრიკელი 14 მილიონ დოლარად იყიდეს, რაც იმ დროისთვის აფრიკელ ფეხბურთელში გადახდილი რეკორდული თანხა იყო. ჯეი-ჯეი 10-ნომრიან მაისურს ატარებდა, დგამდა შოუებს მოედანზე და ეხმარებოდა პატარა რონალდინიოს ადაპტაციის გავლაში.

ნეიმარი? გავიხსენოთ პარი სენ ჟერმენის პირველი ვარსკვლავი





ახლა ჯეი-ჯეი 44 წლის არის. იგი აქტიურად თანამშრომლობს მხოლოდ ერთ ყოფილ კლუბთან, "პსჟ"-თან. იგი შეყვანილია პარიზული კლუბის დიდების დარბაზში და საფრანგეთის დედაქალაქიდან მუდმივად იღებს მოწვევებს სხვადასხვა საფეხბურთო ღონისძიებებზე. ამის გარდა, ოკოჩა ხშირად განიხილავს სხვადასხვა მედიაში გუნდში არსებულ სიტუაციასა და მომხდარ მოვლენებს. მაგალითად, ნიგერიელი თვლის, რომ ნეიმარსა და კავანის შორის კონფლიქტში საგანგაშო არაფერია.

"ეს წვრილმანია, რომელიც მშვიდობიანად მოგვარდება. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი, მსგავსი ოსტატების გვერდით, იმიტომ რომ, ისინი საქმეს გიმარტივებენ. ნეიმარმა პსჟ-ში გადმოსვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ის ახალ საფეხურზე ავა გუნდთან ერთად."

ნიგერიელმა პარიზში 4 სეზონი გაატარა, შემდეგ კი მოძლიერებულ და ამბიციურ პრემიერლიგაზე დაიწყო ფიქრი. ოკოჩამ აირჩია ბოლტონი, სადაც იმ დროს სემ ელერდაისი ამბიციურ პროექტს ჰქმნიდა. ჯეი-ჯეი ისეთი მაღალი დონის მოთამაშეების გვერდით თამაშობდა, როგორებიც იყვნენ ფერნანდო იერო, ნიკოლა ანელკა, იური ჯორკაეფი, მარიო ჟარდელი, გარი სპიდი და ივან კამო. შთამბეჭდავი სიაა, თუმცა რიბოკ სთეიდიუმზე შეკრებილი პუბლიკის ფავორიტი ყოველთვის ნიგერიელი ჯადოქარი იყო. უდავოა, რომ იმ დროს ოკოჩამ ინგლისურ ფეხბურთს რაღაც ახალი და ლამაზი შესძინა.



სამწუხაროდ, ოკოჩას არასდროს მოუგია სერიოზული ტიტული საკლუბო დონეზე და მისმა კარიერამ ევროპულ გრანდებში თამაშის გარეშე ჩაიარა, თუმცა სადაც არ უნდა ყოფილიყო ნიგერიელი, იგი ყველგან უყვარდათ. ჯეი-ჯეი იდეალურად ჯდება ლოკალური გმირის ან თუნდაც სახალხო ჩემპიონის როლში, ერთი სიტყვით აფრიკელი ნამდვილი ლეგენდაა. არავის დაავიწყდება ის ფაქტი, რომ სანამ ნეიმარი დააპირებდა მესის ჩრდილიდან გამოსვლას 222 მილიონ ევროდ, სანამ ზლატანი მოითხოვდა ეიფელის კოშკისთვის სახელის გადარქმევას, სანამ რონალდინიო გადადგამდა პირველ ნაბიჯებს ევროპაში, არსებობდა ჯეი-ჯეი ოკოჩა, ჯადოქარი რომელმაც ნიგერიიდან ჩაიტანა დიდი ფეხბურთი საფრანგეთის დედაქალაქში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები