პიკეს პრესკონფერენცია — ხერარდმა სათითაოდ ყველა საკითხზე დაწვრილებით ისაუბრა! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პიკეს პრესკონფერენცია — ხერარდმა სათითაოდ ყველა საკითხზე დაწვრილებით ისაუბრა!


პიკეს პრესკონფერენცია — ხერარდმა სათითაოდ ყველა საკითხზე დაწვრილებით ისაუბრა!

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ დღეს ეროვნული გუნდის პრესკონფერენციაზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე დაწვრილებით ისაუბრა.

GOAL.GE გთავაზობთ სრულ პრესკონფერენციას.

"ბარსელონას" მცველმა ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ესპანეთის ნაკრებში თამაშით ამაყობს. აქამდე, მოგეხსენებათ, იგი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ კატალონიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა, რის გამოც ნაკრებიდან წასვლაზე ალაპარაკდნენ.

— "იყო შეურაცხყოფილი - ეს სასიამოვნო არ არის, თუმცა ჩემთვის გამოწვევაა. ესპანეთში უამრავ ადამიანს უნდა მოლაპარაკებები და დიალოგი. თუმცა, ამჟამად მთავარი პარასკევს სამი ქულის აღებაზე კონცენტრირების მოხდენაა. მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. ეროვნულ გუნდში 15 წლის ასაკიდან ვთამაშობ და ნაკრები ჩემთვის ოჯახივითაა. ესპანეთის ნაკრებისადმი ჩემს ერთგულებაში ეჭვის შეტანა არ ღირს. ნაკრებთან ერთად მოგებული ყველა ტიტულით ძალიან ვამაყობ".

ხერარდ პიკემ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ნაკრების კაპიტან სერხიო რამოსთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

— "ჩვენს კონფლიქტზე არსებული ყველა სიახლე სიცრუეა, ერთმანეთს შესანიშნავად ვეწყობით. ყველაფერი რიგზეა, ჩინებული ურთიერთობა გვაქვს. ყველაზე ადვილი იმაზე საუბარია, რომ ერთმანეთს ვეუცხოებით, ვჩხუბობთ და ასე შემდეგ. მოდით, ეს სპეკულაციები შევწყვიტოთ - ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება არ არსებობს".

"ბარსელონას" მცველის თქმით, არ ნანობს იმას, რომ ხალხს კატალონიის დამოუკიდებლობაზე ხმის მიცემისკენ მოუწოდა. აქამდე, პიკემ მკაცრად ისაუბრა ესპანეთის ხელისუფლების ქმედებებზე, რომელმაც კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეფერენდუმის შედეგები არ აღიარა. ამ ყველაფრის შემდეგ, ფეხბურთელს სერხიო რამოსთან კონფლიქტი შეექმნა, გულშემატკივრებმა კი უსტვინეს.

— "არაფერს არ ვნანობ, რაც ვთქვი. ყველანი ადამიანები ვართ, ყველანი ჩვენი გარემოებების გავლენის ქვეშ ვიმყოფებით და საკუთარი აზრის გამოხატვა შეგვიძლია. მივიჩნევ, რომ კატალონიელებს უფლება უნდა ჰქონდეთ თავიანთ მომავალზე იზრუნონ და სხვებმა ამას პატივი უნდა სცენ. ასე და ამგვარად, ვისაუბროთ. ადამიანები, რომლებსაც კატალონიის დამოუკიდებლობის სჯერათ, ესპანეთის ნაკრებში თამაში შეუძლიათ. შეგიძლიათ თქვენი ქვეყანა გინდოდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანეთის წინააღმდეგ გამოდიხართ. ეს მე არ მეხება, მაგრამ ეს, ნათელია, შესაძლებელია. ადამიანები ესპანეთის წინააღმდეგ არ გამოდიან და აცხადებენ, რომ ისინი ნამდვილად კარგი ადამიანები არიან.

თითოეულს შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა აქტუალურ თემებში, რატომ არ შეუძლიათ ფეხბურთელებს იგივე? არასოდეს დამიყენებია ჩემი თავი რომელიმე მხარეს. ვთქვი, რომ ხალხს ხმის მიცემის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს - "დიახ" ან "არა", თუ არა და უბრალოდ თავისი ბიულეტენი გაანადგუროს. აი, მორჩა.

სტვენა? მიჩვეული ვარ, მაგრამ მტკივნეულია. თანაგუნდელებს თანავუგრძნობ, რომლებიც ახლა ამას უნდა გაუმკლავდნენ. ისინი უკვე უნდა დაღლილიყვნენ ალბათ ჩემზე საუბრით, ამიტომაც მოვაწყე ეს პრესკონფერენცია, რათა ყველა კითხვას ვუპასუხო და ვისაუბრო. პრესაში ბევრი სიცრუე იყო ჩემზე და რამოსზე, თუმცა ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ და ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. კარიერის დასრულებაზე დავფიქრდი, რადგან ამის შემდეგ პარტნიორობა ადვილი გახდებოდა, მაგრამ ეს ამ სტვენის გამარჯვება იქნებოდა".

ხერარდ პიკე პოლიტიკაზე საუბარს აგრძელებს:

— "ესპანეთსა და კატალონიას შორის არსებული ურთიერთობა მშობლებსა და 18 წლის შვილს შორის არსებულ ურთიერთობას ჰგავს, რომელსაც სახლიდან წასვლა უნდა. მთავრობას ორი გზა აქვს: დაჯდეს შვილთან ერთად, ისაუბროს მასთან, დიალოგზე წავიდეს, ან ეს არ გააკეთოს და წასვლის უფლება მისცეს".

პიკე ესპანეთის ნაკრებიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებულ კითხვასაც პასუხობს:

— "დარწმუნებული ვარ, ესპანეთში ბევრი ადამიანია, რომლებიც იმას უჭერენ მხარს, რომ კატალონიელებს ხმის მიცემის უფლება მოგვცენ. ნაკრებიდან ჩემი შესაძლო წასვლა ამ საკითხს საერთოდ არ ეხება. პირიქით, მინდა ნაკრებში ასპარეზობა 2018 წლის მუნდიალის შემდეგაც გავაგრძელო. მინდა ყველაზე უკეთეს და სასიამოვნო მომენტში წავიდე და არა უკანა კარიდან გავიდე. ახლა წასვლა ნიშნავს იმას, რომ ისინი, ვინც მისტვენენ და შეურაცხყოფას მაყენებენ, გაიმარჯვებენ. ეს არ მინდა. ეს გუნდი და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ჩემი ოჯახია. მინდა მათთან ერთად ასპარეზობა განვაგრძო".

ხერარდ პიკე პოლიტიკაზე ლაპარაკის შეწყვეტას არ აპირებს.

— "რადგან ფეხბურთელი ვარ, პოლიტიკაზე საუბარი არ შემიძლია. ფეხბურთელები ვართ, მაგრამ პირველ რიგში - ხალხი. შესანიშნავად მესმის სპორტსმენების, რომლებსაც პოლიტიკაზე ლაპარაკი არ უნდათ, რადგან ეს კიდევ ერთი დიდი თავის ტკივილია. მათი მესმის, მაგრამ მინდა, რომ მეც გამიგონ. ადამიანები ვართ და მხოლოდ შემდეგ პროფესიონალი სპორტსმენები. რატომ თქვენ, ჟურნალისტებს, შეგიძლიათ საუბარი პოლიტიკაზე, ჩვენ კი არა? ჩვენც გვაქვს პრობლემები: პირადი, ოჯახური, ყველანაირი. როგორც ჩვენ, ისევე ყველა დანარჩენს, ამ პრობლემებთან გამკლავება გვიწევს, რადგან პროფესიონალები ვართ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არსებობს თემები, რაზეც საუბარი არ შეიძლება".

პიკე ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრებთან არსებულ რთულ ურთიერთობაზე საუბრობს.

— "ამ პრობლემის გადაწყვეტა მინდა, ამისათვის შევიკრიბეთ საათნახევრით აქ. ნაკრების განკარგულებაში ყოფნის პირველი დღე ძალიან რთული იყო. არავის მოეწონება, როცა გულშემატკივრები მის წინააღმდეგ განეწყობიან. შეურაცხყოფის მოსმენა რთული და უსიამოვნოა. ეს ჩემთვის გამოწვევაა და ვფიქრობ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია. დიალოგით საკუთარი პოზიციის ახსნა შესანიშნავად შეიძლება. პატივისცემითა და ურთიერთგაგებით მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. მწვრთნელმა და თანაგუნდელებმა გადაწყვიტეს, რომ აქ უნდა ვიყო და ყველაფერი მოვაგვარო. მართლები არიან - მოედანზე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რათა ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს. ეს ჩვენი საერთო მიზანია".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები