მოურინიოს TOP 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიოს TOP 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი


მოურინიოს TOP 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი
ჟოზე მოურინიო...ეს არის ადამიანი, რომლის ხსენებისას მუდამ იყოფა აზრი ორ უკიდურესობად. ბევრი თვლის, რომ პორტუგალიელი თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელია, ხალხის დანარჩენ ნაწილს კი ის უბრალოდ სძულს. სიყვარული ჟოზემ დაიმსახურა თავისი მიღწევებითა და პროფესიონალიზმით. რაც შეეხება უარყოფით შეფასებას, ამ მხრივ ბევრი დეტალის ჩამოთვლა შეიძლება, სკანდალური გამონათქვამები, სანახაობრივი ფეხბურთის განადგურება დაცვითი ტაქტიკის სახით და ა.შ. ყველაზე მეტად მოურინიოს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იგი არავის აძლევს მეორე შანსს, ზოგჯერ პირველსაც კი. ბევრი მოთამაშე შეეწირა პორტუგალიელის აკვიატებას, მათ შორის გუნდის ლეგენდები, სიმბოლოები, ლიდერები და ახალგაზრდა ტალანტები. გავიხსენოთ ჟოზეს ათვალწუნებული ფეხბურთელების ყველაზე ხმაურიანი ფაქტები:

10. დავიდ ლუიზი

მოურინიოს TOP 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

ლუიზი "სტემფორდ ბრიჯზე ძალიან უყვარდათ. ბევრი მასში ჯონ ტერის მემკვიდრესა და გუნდის მომავალ კაპიტანს ხედავდა. ამ აზრზს არ იზიარებდა ჟოზე მოურინიო, რომელმაც "ჩელსიში" მეორედ მოსვლის შემდეგ ბრაზილიელი სათადარიგოთა სკამზე გაამწესა, ერთი წლის მერე კი "პსჟ"-ში გაყიდა. ლუიზმა "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან გამოგდებით თავისებურად შური იძია მოურინიოზე და დაანახა მას, რომ იგი სულაც არ იყო ჩამოსაწერი. იმ დაპირისპირებაში ბრაზილიელმა ულამაზესი თავური გაიტანა "სტემფორდ ბრიჯზე" და შემდეგ ეტაპზე პარიზული კლუბი გაიყვანა. მოურინიოს მეორედ მოსვლამ დიდხანს არ გასტანა. გასული სეზონის წინ "არისტოკრატები" ანტონიო კონტემ ჩაიბარა, რომელმაც მალევე დააბრუნა ლუიზი სახლში.

9. ხუან მატა

მოურინიოს TOP 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

მოურინიოს დაბრუნებამდე მატა "ჩელსის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. ესპანელი ორი სეზონი ზედიზედ სახელდებოდა კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად, თუმცა შემდეგ მოვიდა ჟოზე და მატას ზღაპარი დასრულდა. პორტუგალიელმა ამოაგდო ძირითადი შემადგენლობიდან ხუანი, თავის გადაწყვეტილება კი ახსნა იმით, რომ მატა საერთოდ არ ეხმარება გუნდს დაცვაში, არადა მისი გუნდის ყველა შემტევი ვალდებულია ეს გააკეთოს. მოურინიომ ესპანელი 2014 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს"მანჩესტერში" გაუშვა. ბედის ირონიით, 2 წლის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" თავად პორტუგალიელიც აღმოჩნდა, თუმცა ამჯერად მან მოიწონა მატას თამაში. ბევრს ეგონა, რომ ჟოზე იქიდანაც გაუშვებდა ხუანს, თუმცა ფაქტია ჯერჯერობით მათი თანამშრომლობა შედგა.

8. რომელუ ლუკაკუ

მოურინიოს TOP 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

თეორიულად, ლუკაკუ დროგბას იდეალური შემცვლელი უნდა ყოფილიყო. ბელგიელი ძალიან ჰგავდა "ლურჯების" 11-იანს თამაშის სტილითა და გარეგნულადაც, თუმცა მოურინიომ არ აცადა რომელუს თავისი პოტენციალის რეალიზება. 2013 წლის ევროპის სუპერთასზე ვერ გამოყენებული პენალტის გამო ჟოზემ აითვალწუნა ლუკაკუ და "ევერტონში" გაუშვა. რამდენიმე წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, მოურინიომ კიდევ ერთხელ იყიდა ბელგიელი, ამჯერად უკვე "მანჩესტერ იუნაიტედში" და უნდა ითქვას, რომ ამჯერად ლუკაკუმ ნდობა გაამართლა. "ჩელსის" გულშემატკივრები კი ამ ყველაფრის შემხედვარე ნატრულობენ, რომ ეს თანამშრომლობა "სტემფორდ ბრიჯზე" შემდგარიყო.

7. კევინ დე ბრუინი

მოურინიოს TOP 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

კიდევ ერთი ჟოზეს გაშვებული ტალანტი, კვლავ ბელგიელი და კვლავ "ჩელსიდან". მოურინიო უბრალოდ არ ენდო დე ბრუინს და მის ნიჭში ეჭვი შეეპარა. კევინი "ვოლფსბურგში" იქნა გაყიდული, სადაც ფეერიულად ათამაშდა და "მანჩესტერ სიტისგან" მიიღო მოწვევა. ახლა დე ბრუინი პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, რომელსაც "ქალაქელები" უმაღლესი მწვერვალებისკენ მიჰყავს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, "სიტიმ" "ჩელსის" სწორედ ბელგიელის გოლით მოუგო "სტემფორდ ბრიჯზე".

6. არიენ რობენი

მოურინიოს TOP 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

რობენზე დიდ იმედებს ამყარებდნენ ლონდონის ლურჯ ნაწილში, თუმცა გაუთავებელი ტრავმები ხელს უშლიდა ჰოლანდიელს პოტენციალის სრულად გამოვლენაში. როდესაც არიენი ჯანმრთელად იყო, ყველას უჭირდა მისი გაჩერება, თუმცა მსგავსი გაელვებები არც ისე ხშირად ხდებოდა. 2007 წლის ზაფხულისთვის მოურინიომ საბოლოოდ დაკარგა იმის იმედი, რომ რობენის ე.წ. "შუშის კაცობა" წარსულში დარჩებოდა და ჰოლანდიელი მადრიდის "რეალში" გაყიდა. ინანა თუ არა ჟოზემ ეს გადაწყვეტილება თავად განსაჯეთ.

5. უეინ რუნი

მოურინიოს TOP 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

რუნი დიდი ხანი ვეღარ თამაშობდა თავისი დონის შესაბამისად, თუმცა "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ მოურინიო მეორე სუნთქვას გაუხსნიდა უეინის კარიერას, სამწუხაროდ ესე არ მოხდა. პორტუგალიელის ხელში რუნიმ საბოლოოდ გადაინაცვლა სათადარიგოთა სკამზე და გუნდის ლიდერობა ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაუთმო. მიუხედავად თავისი ფეხბურთელის სტატუსისა, რუნის გაშვება არ ყოფილა სენსაცია, რადგან ფაქტი იყო, რომ ინგლისელი ძველ ფორმას ვეღარ დაუბრუნდებოდა.

4. პეტრ ჩეხი

მოურინიოს TOP 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

2013 წელს მოურინიო მეორედ მოვიდა "ჩელსიში" და გუნდის გადახალისება დაიწყო. პორტუგალიელმა ჩათვალა, რომ "ლურჯებს" ყველა პოზიციაზე სჭირდებოდათ ახალი სისხლი, მათ შორის კარშიც. ჟოზეს რეფორმებს შეეწირა პეტრ ჩეხი, რომელიც 2004 წელს პორტუგალიელის ერთ-ერთი პირველი ტრანსფერი იყო რომან აბრამოვიჩის კლუბში. დიდ ხნიანი მეგობრობისა და დამსახურებების მიუხედავად, მოურინიომ ჩეხს კურტუა ამჯობინა და ძველ ნაცნობს მეორე მეკარის სტატუსი მიანიჭა. ჩეხმა ერთი წელი ითმინა, თუმცა შემდეგ მეზობელ "არსენალში" გადავიდა, სადაც ძირითადში გარანტირებული ადგილი ელოდა.

3. ფრენკ ლამპარდი

მოურინიოს TOP 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

კიდევ ერთი ვეტერანი ლეგენდა, ვისთან ერთადაც მოურინიომ "ჩელსის აშენება დაიწყო და მეორედ მოსვლის დროს გაუშვა არის ფრენკ ლამპარდი. "არისტოკრატთა" ლიდერი 2013-2014 წლის სეზონისთვის 34-ის იყო და კარიერის საუკეთესო მომენტები უკვე წარსულში ჰქონდა. ცნობილი ფაქტია, რომ ჟოზესთვის მთავარია აწმყო და იგი არასდროს აფასებს ფეხბურთელს მხოლოდ ძველი დიდებით, შესაბამისად ლამპარდისთვის გუნდში ადგილი აღარ იყო. იგი წავიდა, თუმცა მაინც მოუწია "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნება, მაგრამ ამჯერად უკვე სხვა გუნდის მაისურით:




2. იკერ კასილასი

მოურინიოს TOP 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

მოურინიოს ბევრს აკრიტიკებდნენ "რეალში", იკერ კასილასის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდებით კი მადრიდულ პუბლიკას მოთმინების ფიალა საბოლოოდ აევსო. გულშემატკივრები ისედაც განრისხებულნი იყვნენ იმ ფაქტით, რომ "ბლანკოსი" ვერაფერს აღწევდა ევროპაში ჟოზეს ხელძღვანელობის ქვეშ და მადრიდელების საყვარელი ფეხბურთელის ათვალწუნების შემდეგ ნათელი იყო, რომ ერთ-ერთი მათგანი უნდა წასულიყო. საბოლოოდ ორივე გაუშვეს, თუმცა ერთს იხსენებენ სინანულითა და ცრემლებით, მეორეს კი ლანძღვით.

1. რაულ გონსალეს ბლანკო

მოურინიოს TOP 10 ათვალწუნებული ფეხბურთელი

მადრიდულ კლუბში მოსვლით, მწვრთნელობის სტარტზევე მოურინიომ გუნდიდან გაუშვა ლეგენდა, ლიდერი და სიმბოლო. ეს გადაწყვეტილება პორტუგალიელმა იმით ახსნა, რომ მის სამუშაო ადგილას არავინ უნდა ყოფილიყო უფრო გავლენიანი, ვიდრე თავად იყო. რაულში ჟოზემ სწორედ ესეთი ფეხბურთელი დაინახა და გუნდიდან მიაბრძანა. მართალია რაულის შემდეგ "რეალს" გაუჩნდა ლიდერი, რომელმაც მალევე მოხსნა ესპანელის ყველა დიადი რეკორდი და გუნდს ახალი ეპოქა დააწყებინა, მადრიდში მაინც მისტირიან "თეთრ ლეგენდას".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები