5 მიზეზი თუ რატომ მოიგებს სკუდეტოს ნაპოლი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

5 მიზეზი თუ რატომ მოიგებს სკუდეტოს ნაპოლი


5 მიზეზი თუ რატომ მოიგებს სკუდეტოს ნაპოლი
უკვე დიდი ხანია, რაც სერია ა ინტრიგას მოკლებულ ჩემპიონატად იქცა. დიდი ფული და შესაბამისად დიდი ფეხბურთელები პრემიერლიგის სავიზიტო ბარათია, ერთ დროს მრისხანე დაპირისპირება როგორიც არის დერბი დელა მადონინა ან დერბი დელა იტალია ვერ შეედრება ესპანურ ელ კლასიკოს, ტელევიზორში საყურებლად კი ბუნდესლიგის მოდერნიზებული სტადიონების ცქერა ბევრად უფრო სასიამოვნოა ვიდრე კალჩოს ძველ მოდური ნახევრად სავსე არენების. ამის გარდა, სერია ა ერთ გუნდა ჩემპიონატად არის ქცეული, ტურინის "იუვენტუსმა" გასულ სეზონში მეექვსედ ზედიზედ გაიფორმა სკუდეტო. "ბებერი ქალბატონის" დაკნინება არ შეიძლება, პრობლემა სხვა გუნდებშია, ფაქტია, რომ "რომა," "ნაპოლი," "ინტერი" და "მილანი ვერ ახერხებდნენ "ბიანკონერისთვის" კონკურენციის გაწევას. წელს ყველაფერი სხვაგვარად არის, "იუვეს" გამოუჩნდა ღირსეული მეტოქე, თან ისეთი, რომელსაც 8 ტურის შემდეგ 8 მოგება აქვს, საუბარი "ნაპოლიზე" არის. ალბათ მთელ საფეხბურთო სამყაროს, ტურინული კლუბის ქომაგების გარდა, იმედი აქვს, რომ მიმდინარე სეზონში "შავ-თეთრების" 6-წლიანი ჰეგემონია შეწყდება. "ნაპოლი" მართლაც ჩანს "იუვენტუსის" შეჩერების რეალური კანდიდატი. განვიხილოთ 5 მიზეზი, თუ რატომ შეუძლიათ "ლურჯებს" ჩემპიონობა.

5.მწვრთნელი, რომელიც იდეალურად მოერგო გუნდს

5 მიზეზი თუ რატომ მოიგებს სკუდეტოს ნაპოლი

თანამედროვე "ნაპოლის" მთავარი რეჟისორი მაურიციო სარია. ყოფილმა ბანკირმა ორი სეზონის განმავლობაში დაარწმუნა ყველა, მათ შორის დიეგო მარადონა, რომ სწორედ მას შეუძლია ნანატრი სკუდეტოს დაბრუნება ნეაპოლში. სარიმ იტალიური ფეხბურთის თითქმის ყველა ოსტატისგან მიიღო მხარდაჭერა და პატივისცემა. 80-იანების დიდებული "მილანის" ლეგენდარული მწვრთნელისთვის არიგო საკისთვის კალჩოს ფავორიტი ალენატორე სწორედ მაურისიოა. ის ხშირად ავლებს პარალელს სარისა და თავის მუშაობის მეთოდებს შორის.

4.ფეხბურთელების პროგრესი

5 მიზეზი თუ რატომ მოიგებს სკუდეტოს ნაპოლი

სარის ხელში არნახული პროგრესი განიცადა თითქმის ყველა ნეაპოლელმა. დრის მერტენსი ჩვეულებრივი ვინგერისგან კალჩოს ერთ-ერთ მთავარ გოლეადორად გადაიქცა. ლორენცო ინსინიეში "სკუადრა აძურას" გულშემატკივრები ბაჯოს, დელ პიეროსა და ტოტის მემკვიდრეს ხედავენ. კულიბალის, გულამსა და ჰუსაის კი ანტონიო კონტე ყველაზე ტკბილ სიზმრებში ხედავს "ჩელსის" მაისურით.

3.იტალიური კლუბი, რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობს

სარის "ნაპოლის" არავისი ეშინია. არ აქვს მნიშვნელობა "ლურჯების" წინააღმდეგ "იუვენტუსი" ან "ინტერი" თამაშობს თუ "კროტონე და "ბენევენტო," ნეაპოლელები ყველას ღირსეულად ხვდებიან და თავზე ახვევენ თავიანთ შემტევ, დინამიურ ფეხბურთს. როდესაც გაირკვა, რომ "მანჩესტერ სიტის" მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლი" იქნება, "ქალაქელთა" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ შეაქო სარი და განაცხადა, რომ იტალიური გუნდი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ სპექტაკლებს დგამს მოედანზე.

2.სწორი სატრანსფერო პოლიტიკა

5 მიზეზი თუ რატომ მოიგებს სკუდეტოს ნაპოლი

"რომა," ინტერი" და "მილანი" ყოველი სეზონის წინ განიცდიან შემადგენლობის როტაციას, თუმცა ფაქტია, რომ ჯერჯერობით იდეალური ბალანსი ვერცერთმა მათგანმა ვერ იპოვა. "ნაპოლის" მსგავსი პრობლემა არ აქვს, ეს კი კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის დამსახურებაა. იტალიელი ბიზნესმენი გუნდიდან არავის ყიდის, რადგან ფეხბურთელების კონტრაქტში ისეთ გამოსასყიდ თანხებს ასახელებს, რომ ევროპული გრანდები "ნაპოლისგან" შორს იჭერენ თავს. მსგავსი მიდგომა რომ არა, ჰამშიკი, ინსინიე და მერტენსი უკვე დიდი ხანია სხვა გუნდების შემადგენლობაში იქნებოდნენ. თავის დროზე დე ლაურენტისმა გაყიდა კავანი, ლავეცი და იგუაინი, თუმცა ამ ტრანსფერებით ისევ "ნაპოლიმ" იხეირა, რადგან ჯამში "ლურჯებმა" 194 მილიონი ევრო გამოიმუშავეს თავიანთი ვარვსკვლავების გასხვისებით.

1.სტაბილურობა და მოტივაცია

5 მიზეზი თუ რატომ მოიგებს სკუდეტოს ნაპოლი

"ნაპოლი" კონკურენტებისგან განსხვავებით, თითქმის არასდროს კარგავს ქულებს პატარა გუნდებთან. "ლურჯები" ძალიან კარგად არიან შეთამაშებულები და მოედანზე ერთმანეთს თითქმის თვალდახუჭულნი ცნობენ. ნეაპოლელთა რიგებში არ შეინიშნება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მოტივაციის ნაკლებობას განიცდიდეს. ყველა მატჩში კარგად ჩანს, თუ როგორი თავდადებით იბრძვიან "ლურჯები" მოედნის თითოეულ მონაკვეთზე. ჯანსაღი ატმოსფერო სუფევს გუნდის გასახდელშიც სუფევს. ეს ყველაფერი მარეკ ჰამშიკის დამსახურებაა, რომელიც თავისი ერთგულებით ნეაპოლის სიმბოლოდ იქცა. კარიერის განმავლობაში სლოვაკს უამრავი სარფიანი შემოთავაზება ჰქონდა გრანდებისგან, თუმცა ჰამშიკმა ყველა უარით გაისტუმრა და "სან-პაულოზე" დარჩა. სლოვაკი ფეხბურთელი ნამდვილი მაგალითია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც "ნაპოლიში" პირველ ნაბიჯებს დგამენ. ჰამშიკის გზას სავარაუდოთ ლორენცო ინსინიეც გაყვება, რომელიც ნეაპოლში უკვე ჰამშიკზე არანაკლებ უყვართ.

თუ ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლის ხილვა გსურთ, აუცილებლად უნდა შეიგრძნოთ "ნაპოლის" საშინაო არენის "სან-პაულოს" ატმოსფერო. მთელს საფეხბურთო სამყაროშია ცნობილი სტადიონის დიქტორი დეციბელ ბელინი, რომელიც ყოველ თამაშში ფეხბურთელებზე არანაკლებად იხარჯება და საოცარ მუხტს აძლევს ყველას, ვინც იმ მომენტში სტადიონზე იმყოფება.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები