ლაშა თოთაძე: ჩვენ დინამო ვართ და ყველაფრის მოგება გვინდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლაშა თოთაძე: ჩვენ დინამო ვართ და ყველაფრის მოგება გვინდა


ლაშა თოთაძე: ჩვენ დინამო ვართ და ყველაფრის მოგება გვინდა
თბილისის დინამომ გორში დილასთან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. დედაქალაქელებს მხსნელად მცველი ლაშა თოთაძე მოევლინა, რომელმაც ბოლო 10 წუთში ჯერ 11 მეტრიდან დაარტყა ზუსტად, შემდეგ კი მის მიერ შესრულებულმა ულამაზესმა ჯარიმამ დინამოს გამარჯვება მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ დინამოელთა მცველის ანგარიშზე ბოლო 5 მატჩში 5 გოლია. სულ კი თოთაძეს ამ სეზონში ჯამში 6 ბურთი აქვს გატანილი, მათგან 4 ჯარიმიდან.

ლაშას დილასთან მატჩზე და დარჩენილ სეზონზე GOAL.GE ესაუბრა.

_ ძალიან დაძაბული მატჩი გვქონდა დილასთან და კარგია რომ გავიმარჯვეთ. თუ მეორე ტაიმით ვიმსჯელებთ, მოსაგები თამაში გვქონდა, რამდენიმე მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ. ბოლოში ჩემი გოლებით მოვიგეთ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა გოლებს ვინ გაიტანს, მთავარია დინამომ მოიგოს და ჩემპიონობას მიაღწიოს.

_ ბევრი გოლი გაგაქვს სტანდარტებიდან. ამ კომპონენტზე სპეციალურად ვარჯიშობ?

_ გადატვირთული სეზონია, თითქმის ყოელ 3 დღეში თამაშია და ვარჯიშებიც ბლომად გვაქვს, თუ დრო გვრჩება ყველა ინდივუდუალურად ვვარჯიშობთ. მეც ვცდილობ ამ კომპონენტში ვივარჯიშო და ვფიქრობ, ცუდად არ გამომდის.

_ ჩემპიონობა ახსენე და დილასთან მოგებით დიდი ნაბიჯი გადადგით ამ კუთხით.

_ სეზონის ბოლოა და ახლა ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. დილასთან მოგებით მართლა სერიოზული განაცხადი გავაკეთეთ ჩემპიონობისკენ. ბოლო პერიოდში დიდი ბრძოლა გვჭირდება ამისთვის, ბევრჯერ შემოვატრიალეთ თამაში. საერთოდ, ქართულ გუნდებს ჩვევად აქვთ გატანილი გოლის შემდეგ მოდუნება და ჩვენც ამას კარგად ვიყენებთ. თუმცა, რეალიზაციის პროცენტი ნამდვილად გვაქვს გამოსასწორებელი. ეს საჭიროა ჩემპიონობისთვის. თუ დააკვირდით, როდესაც პენალტი გავიტანეთ, არც კი აღგვინიშნავს, ყველა ბურთიანად საკუთარ ნახევარზე დავრუნდით, რათა მეორე გოლისთვის დრო გვქონოდა. ჩვენ გვჯეროდა რომ დილასთან მატჩს მოვიგებდით და ასეც მოხდა.

_ ბოლო დროს მართლა გიჭირთ თამაში და ხშირად მომხდარა, რომ ქულების გადრჩენა ბოლო წუთებზე მოგიწიათ. გუნდიც ვერ აჩვენებდა ისეთ თამაშს, როგორც ამას საწყის ორ წრეში.

_ მეც წავიკითხე რამდენიმე სტატია, რომ დინამოს ჩავარდნა ფეხბურთელების წასვლამ განაპირობა. ცხადია, ის ბიჭები ვინც დინამოდან წავიდა გუნდისთვის დიდი ძალა იყო, მაგრამ ასეც არ არის... ჩვენ გყავს აკადემიის ბიჭები, რომლებიც დაწინაურდნენ. მაგალითად, ბექა ქავთარაძე, რომელსაც აქამდე არავინ იცნობდა, მაგრამ ლიდერად ყალიბდება. საერთოდ, ფეხბურთში ჩავარდნა სეზონის მანძილზე რეალსა და ბარსელონას აქვს და თანაბარი ტემპით რთულია მთელი სეზონი გაიარო. ჩვენც ეს ჩავარდნა იმ პერიოდში მოგვიწია. ახლა სიტუაცია გამოსწორდა, 2 თამაში მოვიგეთ და ჩემპიონობისკენ მივიწევთ...

_ და თასი, სადაც ნახევარფინალში ტორპედოს ხვდებით...

_ ტორპედო ისედაც პრინციპული მეტოქეა, მაგრამ ამ ჩემპიონატში სხვებისგან გამოვყოფდი განსაკუთრებით. ძლიერი გუნდია, გამოცდილებით და ახალგაზრდებით შერწყმული. ტაქტიკურადაც გამოირჩევა სხვებისგან. მაგრამ ჩვენ დინამო ვართ და თასის მოგებაც გვინდა და ჩემპიონობისიც. 1 ნოემბერს არის თამაში და გამოჩნდება ყველაფერი...

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები