რატომ არის კეინის რეალში გადასვლა გარდაუვალი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რატომ არის კეინის რეალში გადასვლა გარდაუვალი?


რატომ არის კეინის რეალში გადასვლა გარდაუვალი?
"ეიბართან" მატჩის 82-ე წუთზე კარიმ ბენზემა ორჯერ შეეხო ბურთს, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ გახდა ნათელი თუ რის გამო არის ის "რეალში" ამდენ ხანს.

პირველ შემთხვევაში ფრანგმა გენიალურად დაუგდო ქუსლით ბურთი ერნანდესს, მეორედ კი პასი გაუკეთა მარსელოს რომელმაც გოლი გაიტანა. ამ კომბინაციამ აჩვენა, რომ კარიმი იდეალურად ერგება მადრიდული კლუბის რიტმს, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე დიდი ხანია არ თამაშობს ე.წ. "ცხრა ნომერს".

ბენზემას ნომინალური პოზიციის შესახებ ორ შემთხვევაში იხსენებენ, პირველი, როდესაც ის აფუჭებს მორიგ სახიფათო მომენტს და მეორე, როდესაც ტრავმას იღებს რონალდუ. პორტუგალიელის არ ყოფნით მადრიდული კლუბი საიმედო ბომბარდირის გარეშე რჩება, გულშემატკივრები კი იწყებენ პერესის ლანძღვას იმის გამო, რომ ის არ ყიდულობს ტოპ ფორვარდს.

რატომ არის კეინის რეალში გადასვლა გარდაუვალი?

სატრანსფერო საგა სახელწოდებით "ბენზემას" შემცვლელი" უკვე 5 წლის არის. ამ დროის განმავლობაში "ბერნაბეუზე" უნდა გადმოსულიყვნენ კავანი, აგუერო, ფალკაო და სხვა ბევრი ექსტრა კლასის სნაიპერები, მაგრამ თითოეულ მათგანს რაღაც მინუსები გააჩნდა.

ბოლო პრეტენდენტები იყვნენ მბაპე (პარიზი აირჩია), ლევანდოვსკი (ბაიერნი კატეგორიულად არის გაშვების წინაღმდეგი) და ობამეიანგი (ზიდანმა პერსონალურად დაიწუნა გაბონელი). რეალურად ამ ტრანსფერების ჩაშლის მიზეზი ერთი იყო, რონალდუ და მისი ეგოიზმი. ყველამ იცის თუ ვინ უნდა გაიტანოს სხვებზე მეტი გოლი და ვის არ ეხატება გულზე პირდაპირი კონკურენტები.

2017 წლამდე ეს მიზეზები მისაღები იყო, რადგან კრიშტიანუ დუბლებისა და ჰეტ-ტრიკების ნამდვილი ინკუბატორი იყო, თუმცა სოციალურ ქსელებში რეგულარულად ჩნდებოდა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც "რეალი" რონალდუს გარეშე უფრო მეტ ქულას აგროვებს ვიდრე მასთან ერთად.

2017-2018 წლის სეზონის დასაწყისმა სულ საპირისპირო შედეგები აჩვენა, პორტუგალიელის დისკვალიფიკაციის პერიოდში "ბლანკოსი" საკმაოდ ჩამორჩა "ბარსელონას" იმის გამო, რომ გუნდში არ იყო ფეხბურთელი, რომელიც სისტემატურად და სტაბილურად გაიტანდა ბევრ გოლს.

მომავალი სეზონისთვის 33 წლის კრიშტიანუს იმედზე ყოფნა ცოტა არ იყოს სარისკოა. აქ არაფერ შუაშია ჩავარდნა ან ფორმის დაკარგვის საშიშროება, უბრალოდ ასაკი თავისას აკეთებს. ლა ლიგაში გატარებულ 450 წუთში პორტუგალიელმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, საშუალოდ ერთ მატჩში კრიშტიანუ 6,6-ჯერ ურტყამს კარში (3,6-ჯერ კარს აცილებს).

რატომ არის კეინის რეალში გადასვლა გარდაუვალი?

კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ იყიდის "რეალი" გაისად ტოპ თავდამსხმელს არის ფლორენტინო პერესის მოულოდნელი ეკონომია. ესპანელ ვაჭარს ხამეს როდრიგესის შეძენის შემდეგ არ აუფეთქებია სატრანსფერო ბაზარი და მარტივი წარმოსადგენია თუ როგორ მოენატრა მას გრანდიოზული გარიგებები.

ახლა ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ფლორენტინომ როგორც იქნა იპოვა ახალი გმირი, რომელიც იდეალურად მოერგება "რეალს", ზაფხულში უდიდესი ალბათობით "ბლანკოსს" ჰარი კეინი შეუერთდება.

ბრიტანელით აღფრთოვანებულია პერესი და ზიდანიც. ისინი ორივე უწოდებენ მას სრულყოფილ ფორვარდს. ამის გარდა, ესპანურ პრესაში რეგულარულად ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "რეალის" წარმომადგენლები წლევანდელ სეზონში უკვე დაიწყებენ მოლაპარაკებებს "ტოტენჰემთან".

ლუკა მოდრიჩისა და გარეტ ბეილის ტრანსფერებმა აჩვენა, რომ პერესს ძალიან კარგად ეხერხება ლონდონელ კოლეგებთან საქმის წარმოება, პრესაში უკვე იმაზეც წერენ, რომ "დეზები" 222 მილიონ ევროზე შეთანხმდებიან "რეალთან".

რატომ არის კეინის რეალში გადასვლა გარდაუვალი?

შესაძლებელია, რომ კეინის ტრანსფერს სულ სხვანაირი სცენარი ჰქონდეს. "ბლანკოსს" ჰყავს ბეილი, რომელიც თითქმის ყოველ მესამე თამაშში იღებს ტრავმას, აქვს ასტრონიმიული ხელფასი და უკვე 100 მილიონზე ნაკლები ღირს.

არაა გამორიცხული, რომ უელსელი შემტევი გარიგების ნაწილი გახდეს. ამ ბარტერით იხეირებს სამივე მხარე. "ტოტენჰემი" დაიბრუნებს ბოლო წლებში თავის საუკეთესო ფეხბურთელს, ბეილი დაბრუნდება იქ, სადაც ყოველთვის ეყვარებათ, "რეალს" კი 222 მილიონზე ბევრად უფრო ნაკლების გადახდა მოუწევს. ამის გარდა, მაურისიო პოჩეტინოს ძალიან მოსწონს ბორხა მაიორალი, ეს ისე ცნობისთვის.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "რეალი" გაიფორმებს 25 წლის უნივერსალურ ფორვარდს, რომელსაც არ აქვს ქრონიკული ტრავმები. "ტოტენჰემს" კი თავზე დაეცემა ფულის ტომარა შესაძლებელია ბეილთან ერთადაც კი, რაც მინიმუმამდე დაუშვებს კეინის წასვლით არსებულ დანაკლისს. ამის გარდა, "დეზებს" აღარ მოუწევთ დელე ალისა და კრისტიან ერიქსენის გაყიდვა, ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე, სანამ მოდრიჩი და ისკო არ მოუკლებენ თამაშს.

რატომ არის კეინის რეალში გადასვლა გარდაუვალი?

ბოლოს კი ამ გარიგებით ყველაზე მეტად იხეირებს თავად კეინი. ის აღმოჩნდება გუნდში, რომელიც იბრძოლებს არა "ექსვეულიდან" არ ამოვარდნისთვის, არამედ რეალური ტიტულებისთვის, როგორც ჩემპიონატში, ისე ევროთასებზეც.

"რეალში" არ იბრძვიან ტიტულებისთვის, იქ მიდიან და იღებენ მათ, აგდებენ თაროზე და შემდეგ იგივეს გასამეორებლად ბრუნდებიან.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები