პელეს კარიერის დეტალური ისტორია: "მე და გარინჩამ რადიო არ ვიცოდით რა იყო, ბევრი ვიცინეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პელეს კარიერის დეტალური ისტორია: "მე და გარინჩამ რადიო არ ვიცოდით რა იყო, ბევრი ვიცინეთ"


პელეს კარიერის დეტალური ისტორია:
76 წლის პელეს წერილი თავის თავს, სხვადასხვა გადმოსახედიდან

ძვირფასო ედსონ

ყურადღებით მომისმინე.

როდესაც შენი ოჯახი ტრეს-კორასოინსიდან გადავა საცხოვრებლად, არ დაგავიწყდეს დედაშენის წინდების წამოღება. შენ ჯერ პატარა ხარ, მხოლოდ 5-წლის, მაგრამ წინდები არ უნდა დაგავიწყდეს. თუ დაგავიწყდება, მაშინ შენი ცხოვრება განსხვავებულად წარიმართება.

შენ და შენი ოჯახი ძალიან პატარა ქალაქ ბაურუში დასახლდებით. ამ ადგილას მამაშენის გამო გადმოდიხარ, რომელიც ადგილობრივი გუნდის ბაურუს "ატლეტიკოს" ღირსებას იცავს. ბაურუში უბრალო სახლში იცხოვრებთ. შენ და შენს ძმას საერთო ლოგინი გექნებათ. კომფორტული არ არის, მაგრამ თქვენ ორნი ძალიან დაახლოვდებით.

სახლის წინ ბალახი არ არის, მხოლოდ ტალახი და ქვიშა. ეს იქნება შენი საფეხბურთო მოედანი, რომელსაც მომავალში უფრო მასშტაბური სტადიონით ჩაანაცვლებ, მოგვიანებით ამის შესახებ უფრო მეტს მოგიყვები.

ბურთის საყიდლად საკმარისი ფული არ გაქვს, სწორედ ამიტომ არ უნდა დაგავიწყდეს წინდების წამოღება. ოჯახის ბიუჯეტი ახალი ბურთის შეძენას ვერ გაწვდება, შესაბამისად ის შენ თვითონ უნდა გააკეთო, ძველი გაზეთების ფურცლების წინდებში ჩადებით.

ბურთი ყოველთვის მრგვალი არ არის, მაგრამ არაუშავს. შენ და შენი მეგობრები ყოველდღე რამდენიმე საათის განმავლობაში ითამაშებთ გარეთ და ხალხი "ფეხშიშველებს" დაგიძახებთ, რადგან საფეხბურთო ბუცების შეძენის საშუალებაც არ გექნებათ. შენ მალე შეეჩვევი წყლის გუბეებში თამაშსაც. ყველაზე დიდი ხიფათი წყალია, ამიტომ წყლის გუბე შენი პირველი დაცვა იქნება.

როდესაც ამ წერილის კითხვას მორჩები, დაურეკე დედაშენს და ბოდიში მოუხადე, რადგან წლების განმავლობაში მას არაერთ წინდების წყვილს გამოართმევ.

პელეს კარიერის დეტალური ისტორია: "მე და გარინჩამ რადიო არ ვიცოდით რა იყო, ბევრი ვიცინეთ"

დედაშენი ძალიან ჯიუტი ქალია. ის ახლა დაახლოებით 99 წლის არის, მაგრამ შენი გაჯავრება კვლავ შეუძლია. როდესაც მას ესტუმრები, მოსვლის მიზეზი არ უთხრა, რადგან ის თავად გეტყვის: "შენ ჩემს სახლში ხარ და ბევრი რამ უნდა განვიხილოთ."

დედაშენი ოჯახის უფროსია, რადგან მამა ხშირ შემთხვევაში თავის გუნდთან ერთად წასულია. დედაშენი თავისთვის იზოგავს ფულს იმის გამო, რომ შენს და-ძმას წიგნები და ფეხსაცმელები ჰქონდეთ. ის მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ჩაგიტარებს. არის ერთი გაკვეთილი, რომელსაც დიდი ხნით დაიმახსოვრებ. ეს შენს მეზობელს ეხება, რომელსაც მანგოს ხე აქვს.

ერთ დღეს შენ მოიტან სახლში მის ხიდან მოწყვეტილ მანგოს. დედა გკითხავს, "დიკო, საიდან გაქვს მანგო?" შენ უპასუხებ, "დონა მარიას ხიდან." ის ისევ გკითხავს, "ნებართვა თუ აიღე?" შენ ეტყვი, "კი, რა თქმა უნდა." ეს ტყუილი იქნება. ის გეტყვის, "კარგი დიკო, დონა მარიასთან წავიდეთ და გავარკვიოთ არის თუ არა ეს სიმართლე."

ზოგჯერ ცელქი ბიჭი ხარ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ეს გაგივლის და უფრო მორცხვი გახდები. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც დედისგან ისწავლი მანგოს არ ეხება, აქ ხალხის პატივისცემაზეა საუბარი.

ახლა კი მამაშენზე ვისაუბროთ. ქუჩაში ის შენს თამაშს ნახავს. შენ გაიტან ერთ, ორ, სამ და ოთხ გოლსაც, მაგრამ ის არ იქნება ბედნიერი, რადგან გეტყვის, რომ უკეთესად თამაში შეგიძლია. მამაშენი დაგარიგებს, რომ გოლების გატანის გარდა, შენ სხვა უნარ-ჩვევებიც უნდა დახვეწო.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა, რომელიც მომავალში გამოგადგება. მამაშენი იგივეს გაგიმეორებს, როდესაც "სანტოსში" ითამაშებ. (დიახ დიკო, შენ პროფესონალი ფეხბურთელი იქნები, ამის შესახებ მოგვიანებით მოგიყვები.)

თამაშის შემდეგ ის გეტყვის, "შენ ორი თუ სამი ცუდი პასი გააკეთე, რატომ?" შენ უპასუხებ, "მაგრამ მამა ჩვენ 4:1 მოვიგეთ." ის აგიხსნის, რომ უკეთესად თამაში შეგიძლია და მოედანზე ყურადღებით უნდა იყო.

მამაშენი ძალიან მომთხოვნი პიროვნებაა. ერთხელ მან ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა თავით, ეს არის ბრაზილიაში რეკორდი. როდესაც შენს მე-1000 გოლს გაიტან პენალტით "მარაკანაზე" სამყარო ერთი წუთით გაჩერდება. სტადიონზე ზეიმი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი გულშემატკივარია, ყველა იმხიარულებს. შენ მიიღებ ტიტულს, იქნება ბევრი ფოტოგრაფი, ეს მოვლენა ისტორიულ წიგნებში ჩაიწერება, მაგრამ მამაშენი მაინც გკითხავს, "ერთ მატჩში, თავით 5 გოლი გავიტანე, შენ?"

ორივე გაიცინებთ. ფეხბურთს სწორედ მის გამო აირჩევ, ის შენთვის საუკეთესო მოთამაშე და მისაბაძი პიროვნება იქნება.

პელეს კარიერის დეტალური ისტორია: "მე და გარინჩამ რადიო არ ვიცოდით რა იყო, ბევრი ვიცინეთ"

ხუთ თავურს ერთ მატჩში ვერ გაიტან, მაგრამ ჯამში შენს ანგარიშზე უამრავი გოლი იქნება. მსოფლიო "პელეს" სახელით გაგიცნობს.

პელე? ვინ არის პელე? შენ ედსონი ხარ და მშობლებმა ტომას ედისონის საპატივცემულოდ დაგარქვეს. ვიცი, რომ შენი სახელით ამაყობ ედსონ არანტეს დო ნასიმენტო.

ბაურუს მეკარე ჰყავს სახელად ბილე. ერთხელ შენ მას შეცდომით პელეს დაუძახებ, კლასელები შეგისწორებენ და დაგცინებენ. ამის შემდეგ შენ სამუდამოდ შეგარქმევენ პელეს სახელს.

როდესაც 13-წლის გახდები, ფეხბურთს უფრო სერიოზულად მოეკიდები. ეს იქნება შენი დიდი გზის დასაწყისი. მამაშენის გუნდ ბაურუს ახალგაზრდებთან ერთად დაიწყებ ვარჯიშს და ამავდროულად პირველ სამსახურს იშოვი. უფროსი ფეხბურთელების ბუცების მწმენდავი იქნები. თითოეული წყვილისთვის ერთ ან ორ მონეტას მოგცემენ, ბევრი ფული არ არის, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ნამდვილი ბურთი იყიდო. აღარანაირი წინდები!

შენს ნიჭს ვალდემარ დე ბრიტო შენიშნავს, რომელიც "სანტოსში" თამაშს დაგაწყებინებს. ის გეტყვის:

"პელე, მე მჯერა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელი იქნები, მაგრამ არასდროს იფიქრო, რომ ხარ საუკეთესო და ფეხბურთის ღმერთი. როდესაც ფულს იშოვი შეინახე ის. არ დაიწყო სიგარებისა და ტკბილეულის ყიდვა, შენ უბრალო ბიჭად უნდა დარჩე ბაურუდან,"

პელეს კარიერის დეტალური ისტორია: "მე და გარინჩამ რადიო არ ვიცოდით რა იყო, ბევრი ვიცინეთ"

დაიმახსოვრე ეს სიტყვები, რადგან 15 წლის ასაკში უკვე პროფესიონალი იქნები. "სანტოსის" გასახდელში შეხვალ, სადაც შენი 10-ნომრიანი მაისური იქნება.

შენ გაკვირვებულად იკითხავ, "აქ რას ვაკეთებ?" კლუბის დირექტორი კი გიპასუხებს, "მოდი აქ, პელე. ჩაიცვი შენი მაისური და სურათი გადაიღე. ხვალ ის ყველა გაზეთში იქნება."

შენი სახლიდან "სანტოსამდე" ძალიან დიდი მანძილია. ბაურუდან სან პაულუს დედაქალაქამდე მატარებლით 5 საათი მგზავრობა მოგიწევს, შემდეგ კი კიდევ ორი საათი ავტობუსით.

"სანტოსში" ორი ათწლეულის მანძილზე ითამაშებ. გექნება შემოთავაზებები მადრიდული და მილანური კლუბებისგან, მაგრამ დამიჯერე მათ წინადადებებზე უარს იტყვი.

"სანტოსის" დატოვების მიზეზი არ გექნება, რადგან შენი გუნდი საუკეთესო იქნება არა მხოლოდ ბრაზილიაში ან სამხრეთ ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში. 1962 წელს ყველა ტიტულს მოიგებ და ფეხბურთის სათამაშოდ თითქმის ყველა ქვეყანას მოივლი.

აგრეთვე შენი ქვეყნისთვისაც დაიწყებ თამაშს, რაც დიდი პატივი იქნება. 1958 წელს 17-ის იქნები და თვითმფრინავით შვედეთში გაემგზავრები მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ ქვეყანაში ბევრი ისეთი რამ არის, რაც ბრაზილიამდე ჯერ კიდევ არ მოღწეულა.

ერთხელ შენ და შენი თანაგუნდელი გარინჩა რადიოდან შვედურ საუბარს მოისმენთ. შენ იმდენად მოგეწონება, რომ რადიოს ყიდვას გადაწყვეტ. გარინჩას გაუკვირდება, რადგან მას არ ეცოდინება, რომ ბრაზილიაში ამ რადიოდან მშობლიურ ენას გაიგებს. ორივე ძალიან ბევრს იცინებთ.

პელეს კარიერის დეტალური ისტორია: "მე და გარინჩამ რადიო არ ვიცოდით რა იყო, ბევრი ვიცინეთ"

მოგზაურობის დროს გულს დაგწყვიტავს ერთი მიზეზი. ბევრს არ ეცოდინება თუ სად არის ბრაზილია და არგენტინაშიც კი შეეშლება, მაგრამ 1958 წლის მუნდიალის შემდეგ შენს ქვეყანას მთელი მსოფლიო გაიცნობს.

ეს იქნები შენი პირველი მსოფლიო ჩემპიონობა. შენ დაეცემი მიწაზე და უბრალოდ შთაბეჭდილებების ქვეშ იქნები. ეს იქნება სიტყვით აუღწერელი ემოცია და ცრემლები.

მუნდიალის მოგება არის არა მხოლოდ შენი, არამედ მთელი ქვეყნის ოცნებაც. შენ იქნები ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი.

1970 წელს შენ კვლავ იტირებ, რადგან ეს იქნება შენი უკანასკნელი მსოფლიო თასი. ამ ფაქტს ძალიან რთულად შეეგუები, მაგრამ ყველაფერში ღმერთი დაგეხმარება.

როდესაც შენი კარიერა "სანტოსში" დასრულდება, ამერიკაში თამაშის შესაძლებლობა გაგიჩნდება. ნიუ-იორკში გაემგზავრები გუნდში სახელად "კოსმოსი". ამერიკაში ფეხბურთის დონის ამაღლებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებ.

კარიერაში ძალიან ბევრი ლამაზი მომენტი გექნება. გოლის გატანის დროს შენ დაინახავ უამრავ აღტაცებულ, გახარაებულ და აცრემლებულ სახეს. იმ წამს შენ მიხვდები თუ რამდენს ნიშნავ ხალხისთვის.

1968 წელს კოლუმბიაში ამხანაგური მატჩი გექნება. თამაშის დროს შენი თანაგუნდელი კოუტინიო და კოლუმბიელი მოთამაშე ჩხუბს დაიწყებენ . მსაჯი წითელ ბარათს შენ გიჩვენებს, რადგან კოუტინიოში შეეშლები. მოედანს განრისხებული დატოვებ, მაგრამ უცნაურ ხმას მოისმენ. მწვრთნელი დაგიძახებს, "პელე არ გაიხადო ბუცები, ახლავე დაბრუნდი! მაყურებლები ახმაურდნენ, რადგან შენს გაძევებას აპროტესტებენ, ხალხს პელეს ხილვა სურს."

შენგამო მსაჯს შეცვლიან, თავად შენ კი მოედანზე დაგაბრუნებენ. მსგავსი შემთხვევა ფეხბურთში აღარასდროს განმეორდება. ხალხს იმდენად ეყვარები, რომ სულ ერთი იქნება ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე გუნდში იქნები.

პელეს კარიერის დეტალური ისტორია: "მე და გარინჩამ რადიო არ ვიცოდით რა იყო, ბევრი ვიცინეთ"

ღმერთმა ბრწყინვალე შესაძლებლობა მოგცა, გამოიყენე ის და შენი ოჯახისთვის ილოცე.

ბოლოს კი რაღაც მინდა გთხოვო, რისი სიტყვებით ახსნა რთულია. ბრაზილიაში ლამაზი ხალხი ცხოვრობს, გვაქვს განუმეორებელი სამზარეულო, მუსიკა და კულტურა, თუმცა ბევრი პრობლემაც გაგვაჩნია. ყველაზე მძიმე არის კრიმინალი და სიღარიბე.

აუცილებლად ილოცე იმისთვის, ბრაზილია უკეთესი გახდეს. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ ფეხშიშველი ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ბურთი და შიმშილის დროს მანგოს იპარავენ. სამწუხაროდ, ფეხბურთი ყველას ვერ აძლევს ისეთ შესაძლებლობას, როგორიც შენ მოგცა. ილოცე მათთვის.

შენ გყავს გადასარევი ოჯახი, რომელმაც ყველაფერი მოგცა იმისთვის, რომ ნამდვილი პროფესიონალი ყოფილიყავი. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ შენთვის მთელს მსოფლიოში ყველგან ღიაა კარი და ყველგან უყვარხარ.

ეს სიკეთე და სიყვარული თავადაც უნდა გასცე. დაიმახსოვრე სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: პატიოსნება, სულგრძელობა და პატივისცემა.

ედსონ არანტეს დო ნასიმენტო

2016

პელეს გოლი 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, იტალიასთან


პელეს ულამაზესი გოლი იუვენტუსის კარში

პელეს გოლი 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, შვედეთან

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები