ვენტურას იტალია - ყველაზე სუსტი ნაკრები არსებობის მანძილზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვენტურას იტალია - ყველაზე სუსტი ნაკრები არსებობის მანძილზე


ვენტურას იტალია - ყველაზე სუსტი ნაკრები არსებობის მანძილზე
იტალიის ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მუნდიალზე მოსახვედრად ახლა პლეი-ოფის გავლა მოუწევს. "სკუადრა აძურას" მეტოქე შვედეთი იქნება, რომელთანაც პირველი მატჩი უკვე უახლოეს პარასკევს გაიმართება. იტალიის ფავორიტობა და ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატზე გაღწევა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუ რატომ? ამაზე ვრცლად ახლა ვისაუბრებთ.

კრიზისი

ჩავარდნა მხოლოდ შედეგებით არ გამოიხატება. იტალიას უფრო ძლიერი შემადგენლობითაც უწევდა მუნდიალზე პლეი-ოფიდან გასვლა. საქმე იმაშია, რომ "სკუადრა აძურა" აღარ თამაშობს თავის საფირმო მანერაში. ამის გარდა, ის, რასაც აპენინელები მოედანზე აჩვენებენ, სულ არ ჰგავს თანამედროვე ფეხბურთს (სექტემბერში ესპანეთთან წაგებული 3:0 ყველაზე ნათლად ასახავს ამ ფაქტს).

ტრადიციულად ნაკრების მთავარ მწვრთნელს მუდამ ორი რაღაცის გამო აკრტიკებენ. პირველი-არასწორი ტაქტიკა და მეორე-არასწორი საკადრო პოლიტიკა. ჯამპიერო ვენტურამ ორივე პუნქტში აჩვენა უარყოფითი შედეგი.

ვენტურას იტალია - ყველაზე სუსტი ნაკრები არსებობის მანძილზე

არასწორი ტაქტიკა

მთავარი შეცდომა: განლაგება 4-2-4, რომელიც 4-4-2-ად იქცევა. იტალიის მთელი ახალგაზრდული სექტორი უკვე დიდი ხანია რაც 4-3-3-ს თამაშობს, რადგან 2 შუახაზელით მოედანზე გასვლა უკვე "წინა საუკუნეა". ამის გარდა, სერია ა-ს ყველა გუნდი იყენებს ტაქტიკას, რომელშიც 3 ცენტრალური ნახევარმცველი ფიგურირებს (4-3-3, 3-5-2, 4-3-1-2, 4-3-2-1).

ამიტომ ნაკრების ბაზაზე ჩამოსული ფეხბურთელები მოკლე დროში ელემენტარულად ვერ ახერხებენ ნაცნობი სქემისგან გადაჩვევას და ვენტურას თამაშის სტილისთვის გადაწყობას. მსგავსი რამ მხოლოდ ანტონიო კონტეს მწვრთნელობის დროს იყო შესაძლებელი, თუმცა მაშინ ვარჯიშის მეთოდებიც სხვანაირი იყო. "ჩელსის" ამჟამინდელი თავკაცი მართლაც, რომ "წურავდა" მოთამაშეებს.

ვენტურას იტალია - ყველაზე სუსტი ნაკრები არსებობის მანძილზე

4-4-2-ის დროს, მოწინააღმდეგე მოედნის ცენტრში იღებს რიცხვობრივ უპირატესობას სამი ორზე. შუახაზის დასახმარებლად საქმეში ჩართვა უწევთ ვინგერებს, რომლებიც კარგავენ თავის პოზიციას, რის შემდეგაც, შეტევის დროს ზუსტ ადგილზე მოსახვედრად რამდენიმე ზედმეტი მოძრაობის გაკეთება ესაჭიროებათ. ორ ნახევარმცველს ეფექტურად იყენებდა არიგო საკი თავის ეპოქალურ "მილანში".

მაშინ მას ჰყავდა უნივერსალური შუახაზელები რაიკაარდი და ანჩელოტი. დღევანდელ იტალიის ნაკრებში კი მსგავსი ტიპის ფეხბურთელების ნამდვილი დეფიციტია.

ვენტურას კიდევ ერთი ტაქტიკური შეცდომა ლორენცო ინსინიეს არასწორი გამოყენებაა. "ნაპოლიში" ის ვინგერია, რომელიც მხოლოდ შეტევის კრეატიულობაზეა ორიენტირებული. "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში ის მარცხენა ნახევარმცველია და მხოლოდ სიღრმიდან უწევს თამაში. "ნაპოლიში" ლორენცოსთვის ბურთის მიწოდებაზე ჰამშიკი ზრუნავს, ნაკრებში კი ამ ფუნქციას ის თავად ასრულებს ფორვარდებისთვის. სწორედ ამიტომ არის, რომ ინსინიე კლუბში და ინსინიე ეროვნულ გუნდში ორი სხვადასხვა ფეხბურთელია.

ვენტურას იტალია - ყველაზე სუსტი ნაკრები არსებობის მანძილზე

ამის გარდა, ვენტურა წინ იყენებს ბელოტი-იმობილეს ტანდემს. "ტორინოსა" და "ლაციოს" თავდამსხმელები ერთი და იგივე სტილის მოთამაშეები არიან, რომლებიც გუნდში გამოკვეთილი ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე თამაშობენ. ნაკრებში ისინი ძალიან ახლოს არიან განლაგებულნი და ხშირ შემთხვევაში ხელს უშლიან ერთმანეთს. ჟურნალისტების აზრით, ვენტურას ფრანჩესკო გრაციანისა და პაოლინო პულიჩის ლეგენდარული დუეტის გაცოცხლება უნდა, თუმცა ჯერჯერობით იტალიელს ეს არ გამოსდის.

არასწორი საკადრო პოლიტიკა

ვენტურა დიდი ხნის მანძილზე ტოვებდა უყურადღებოდ ჟორჟინიოს. "ნაპოლის" შუახაზელს შანსი მხოლოდ შესარჩევი ციკლის ბოლოს მიეცა. იტალიელი თავკაცი ამას იმით ხსნიდა, რომ ნეაპოლელი მის სათამაშო სქემებში არ ჯდებოდა, თუმცა ვენტურამდე ჟორჟინიოს რეგულარულად იძახებდნენ "სკუადრა აძურაში". დიახ, ის არ არის პირლო, თუმცა შანსს იმსახურებდა, რადგან "ნაპოლის" წარმატებებში ბრაზილიელ-იტალიელს ლომის წილი მიუძღვის.



ვენტურამ ძალიან მალე თქვა უარი გრაციანო პელეზე, რომელმაც ფორვარდების დეფიციტის პერიოდში ბევრი სარგებელი მოუტანა ნაკრებს. მართალია ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი მოხდა, თუმცა ფორვარდმა ხომ მოიხადა ბოდიში, რატომ არ იმსახურებს ის კიდევ ერთ შანსს?

ვენტურას იტალია - ყველაზე სუსტი ნაკრები არსებობის მანძილზე

ჯამპიეროს კიდევ ერთი ათვალწუნებული თავდამსხმელი სიმონე ძაძა არის, რომელიც "ვალენსიაში" კარიერის რეანიმირებას წარმატებით ახდენს (11 მატჩი, 9 გოლი მიმდინარე სეზონში). ძაძა იმით არის ფასეული, რომ ის ბელოტისგან განსხვავებით, შესანიშნავად არის შეწყობილი იმობილეს, ყოველ შემთხვევაში კონტეს დროს ესე იყო. სიმონე და ჩირო ერთანეთს ავსებდნენ. ისინი ხშირად ცვლიდნენ პოზიციებს ისე, რომ ერთ-ერთი მათგანი ზოგჯერ სიღრმეშიც კი იწევდა, რაც იტალიის შეტევებს მეტ მრავალფეროვნებას აძლევდა. ბელოტისთან ერთად კი იმობილე ხის მორისგან არაფრით განსხვავდება. მართალია პელემ და ძაძამ ევრო 2016-ზე გერმანიის წინააღმდეგ პენალტები ვერ გაიტანეს, თუმცა ფაქტია, რომ საფეხბურთო ლატარეა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოქმედებდეს საკადრო პოლიტიკაზე.

ვენტურას იტალია - ყველაზე სუსტი ნაკრები არსებობის მანძილზე

ბოლოს კი არ უნდა დავივიწყოთ სებასტიან ჯოვინკო, რომელიც მლს-ში მეფობს და არც მარიო ბალოტელი. მართალია "ატომური ჭიანჭველა" დიდ ფეხბურთს პრაქტიკულად ჩამოცილებულია ამერიკაში, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში "სკუადრა აძურაში" მასზე კრეატიული შემტევი არავინ იყო. რაც შეეხება "სუპერმარიოს", დიახ, ის ნამდვილი თავისტკივილია ყველა მწვრთნელისთვის, თუმცა "ნიცას" შემადგენლობაში 42 მატჩში გატანილი 26 გოლი ყველა სირთულეზე მაღლა უნდა დადგეს.

შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩი

სკანდინავიელები ფავორიტები არ არიან, თუმცა მათი მუნდიალზე გასვლის ალბათობაც საკმაოდ მაღალია. აღსანიშნავია, რომ შვედეთიც 4-4-2-ის მიმდევარია, თუმცა "სკუადრა აძურასგან" განსხვავებით, "ვიკინგები" ამ სქემით უკვე ძალიან დიდი ხანი თამაშობენ. 1958 წლის მუნდიალზე იტალია ვერ მოხვდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა სწორედ შვედეთი იყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები