რომელი ესპანელი შემტევები წავლენ მუნდიალზე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომელი ესპანელი შემტევები წავლენ მუნდიალზე?


რომელი ესპანელი შემტევები წავლენ მუნდიალზე?
2018 წლის რუსეთის მუნდიალს ესპანეთის ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ხვდება. "ფურია როხას" საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. პირენეელების სიმძლავრე განსაკუთრებით შეტევაში ჩანს, სადაც თავმოყრილია ათობით უმაღლესი კლასის შემსრულებელი.

ხულენ ლოპეტეგის ბევრი ფიქრი მოუწევს იმასთან დაკავშირებით თუ რომელი შემტევები წაიყვანოს მსოფლიო ჩემპიონატზე. გადავავლოთ თვალი ნაკრებში მოხვედრის ყველაზე რეალურ კანდიდატებს.

მარკო ასენსიო

რომელი ესპანელი შემტევები წავლენ მუნდიალზე?

ასაკი: 21 წლის
კლუბი: რეალი (56 მატჩი, 17 გოლი)
ნაკრებში: 6 მატჩი, 0 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 90%

მადრიდელი ტალანტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლება. მან უკვე მოასწრო "რეალის" მაისურით ბევრი სარგებლის მოტანა კლუბისთვის და შესაბამისად ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა. მართალია "ფურია როხას" შემადგენლობაში ასენსიო ჯერ ვერ ბრწყინავს, თუმცა ბევრის აზრით, სწორედ რუსეთის მუნდიალი იქნება მარკოს კარიერაში ის გარდამტეხი ეტაპი.

დიეგო კოსტა

რომელი ესპანელი შემტევები წავლენ მუნდიალზე?

ასაკი: 29 წლის
კლუბი: ჩელსი (120 მატჩი, 59 გოლი)
ნაკრებში: 16 მატჩი, 6 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 60%

წარმოშობით ბრაზილიელი ფორვარდის კარიერა აღმასვლა-დაღმასვლის რეჟიმით მიმდინარეობს. კოსტა ბრწყინავდა "ატლეტიკოში", რის გამოც ესპანეთის ნაკრებში მიიღო მოწვევა. სამწუხაროდ, სიმეონეს ფავორიტმა 2014 წლის მუნდიალი ჩააგდო, რის მერეც შელახული სახელი "ჩელსიში" აღადგინა. შემდეგ იყო კონფლიქტი კონტესთან, რის გამოც კოსტა ჯერ კიდევ ჩამოცილებულია საფეხბურთო მოედნებს. იანვარში ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ბრაზილიელ-ესპანელი თავდამსხმელი მშობლიურ "ატლეტიკოში" დაბრუნდება სიმეონესთან, სადაც კიდევ ერთხელ ეცდება საფეხბურთო მწვერვალზე ასვლას.

ხერარდ დეულოფეუ

რომელი ესპანელი შემტევები წავლენ მუნდიალზე?

ასაკი: 23 წლის
კლუბი: ბარსელონა (19 მატჩი, 2 გოლი)
ნაკრებში: 4 მატჩი, 1 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 30%

კატალონიელი ვინგერი იმდენად კარგი იყო "ევერტონსა" და "მილანში", რომ "ბარსელონამ" ის სახლში დააბრუნა. ვერ ვიტყვით, რომ ახლა დეულოფეუ ბრწყინავს "ბლაუგრანაში", თუმცა ის ჯერ კიდევ ითვლება პერსპექტიულ შემტევად. შესაბამისად მუნდიალზე მოხვედრის შანსიც არსებობს, მართალია არც ისეთი მაღალი, თუმცა მაინც.

ანდრეს ინიესტა

რომელი ესპანელი შემტევები წავლენ მუნდიალზე?

ასაკი: 33 წლის
კლუბი: ბარსელონა (643 მატჩი, 56 გოლი)
ნაკრებში: 121 მატჩი, 12 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 100%

გენიალური დონ ანდრესი უკვე დიდი ხანია, რაც ნაკრების უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ინიესტას მიღწევების შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ უბრალოდ ხაზს გავუსვამთ იმ ფაქტს, რომ "ბარსელონას" კაპიტანი 33-წლის ასაკშიც კი რჩება შეუცვლელ ფიგურად "ფურია როხაში". ინიესტა აუცილებლად იქნება მუნდიალზე.

ისკო ალარკონი

რომელი ესპანელი შემტევები წავლენ მუნდიალზე?

ასაკი: 25 წლის
კლუბი: რეალი (208 მატჩი, 37 გოლი)
ნაკრებში: 24 მატჩი, 7 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 100%

ესპანეთის ნაკრების მთავარი იმედი და პირენეეული პუბლიკის ფავორიტი ფეხბურთელი. ისკო ბრწყინვალედ თამაშობს "რეალში" და ნელ-ნელა "ფურია როხაშიც" იმკვიდრებს ადგილს. გულშემატკივრები მასში ინიესტას შემცლელს ხედავენ და ერთი სული აქვთ თუ როდის იხილავენ მუნდიალზე ორი თაობის ორ საუკეთესო წარმომადგენელს ერთად. თავას ისკო კი რა თქმა უნდა აპირებს ქომაგთა იმედების გამართლებას რუსეთში.

ხუან მატა

რომელი ესპანელი შემტევები წავლენ მუნდიალზე?

ასაკი: 29 წლის
კლუბი: მანჩესტერ იუნაიტედი (158 მატჩი, 37 გოლი)
ნაკრებში: 41 მატჩი, 10 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 70%

მატა გაურკვეველ მიზეზთა გამო ევრო 2016-ის მიღმა დატოვეს და ახლა იგი ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ მსგავსი იმედგაცრუება მოახლოებულ მუნდიალზეც არ განმეორდეს. ექს-ვალენსიელი ფლეიმეიქერი მოურინიოს "მანჩესტერში" მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც ეფექტურად ამარაგებს ფორვარდებს ასისტებით. ცხადია, რომ მსგავსი კლასისა და გამოცდილების მქონე ფეხბურთელი აუცილებლად იქნება გამოსადეგი.

ალვარო მორატა

რომელი ესპანელი შემტევები წავლენ მუნდიალზე?

ასაკი: 25 წლის
კლუბი: ჩელსი (15 მატჩი, 8 გოლი)
ნაკრებში: 22 მატჩი, 12 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 100%


მორატა ესპანეთის ნაკრების მთავარი დამრტყმელი ძალაა. სწორედ ის არის რაულის, ტორესისა და ვილას საქმის ღირსეული გამგრძელებელი. ალვარო ძალიან კარგი იყო "იუვენტუსსა" და "რეალში", მშვენიერ შთაბეჭდილებას ის "ჩელსიშიც" ტოვებს უკვე. ლოპეტეგი ენდობა მორატას, მადრიდელი ფორვარდი კი ამ ნდობას სავსებით ამართლებს.

პედრო როდრიგესი

რომელი ესპანელი შემტევები წავლენ მუნდიალზე?

ასაკი: 30 წლის
კლუბი: ჩელსი (95 მატჩი, 24 გოლი)
ნაკრებში: 64 მატჩი, 17 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 70%

კატალონიელი ვინგერი უკვე დიდი ხანია, რაც მაღალ დონეზე თამაშობს და ნაკრებიდანაც რეგულარულად იღებს მოწვევებს. ესპანეთის წარმატებებში პედრომ თავისი წვლილიც შეიტანა და მოახლოებულ მუნდიალს ის უკვე როგორც ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე ხვდება.

დავიდ სილვა

რომელი ესპანელი შემტევები წავლენ მუნდიალზე?

ასაკი: 31 წლის
კლუბი: მანჩესტერ სიტი (321 მატჩი, 52 გოლი)
ნაკრებში: 116 მატჩი, 33 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 100%

სილვა უკვე წლების მანძილზე არის "ფურია როხასა" და "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთი ლიდერი და უმნიშვნელოვანესი ფიგურა. მუდამ სტაბილური, მებრძოლი და შედეგიანი. ესპანელი ძალიან დიდ როლს თამაშობს პეპ გვარდიოლას გუნდში, რომელიც პრემიერლიგაში მეტოქეებისგან ქვას ქვაზე არ ტოვებს. ანალოგიური მდგომარეობაა ნაკრებშიც, სადაც სილვას ყველაფერში ლომის წილი მიუძღვის. ის აუცილებლად იქნება მუნდიალზე.

ლუკას ვასკესი

რომელი ესპანელი შემტევები წავლენ მუნდიალზე?

ასაკი: 26 წლის
კლუბი: რეალი (100 მატჩი, 10 გოლი)
ნაკრებში: 3 მატჩი, 0 გოლი
მუნდიალზე მოხვედრის ალბათობა: 70%

ვასკესმა თავისი კარგი თამაშით ევრო 2016-ის საგზური დაიმსახურა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ის რუსეთის მუნდიალზეც გაემგზავრება. მას ენდობიან გუნდსა და ნაკრებშიც, უნდა ითქვას, რომ სავსებით სამართლიანადაც. ვასკესი-ასენსიოს დუეტზე კი ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ.

ესპანეთის თადარიგში კიდევ ერიან: დავიდ ვილა, არიც ადურისი, ხოსე კალეხონი, სუსო, პაკო ალკასერი, იაგო ასპასი, ნოლიტო, ვიტოლო პერესი, როდრიგო მაჩადო, ლუის ალბერტო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები