ლონდონური დერბი - დუბლი მეორე, ინგლისის ლიგის თასი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლონდონური დერბი - დუბლი მეორე, ინგლისის ლიგის თასი


ლონდონური დერბი - დუბლი მეორე, ინგლისის ლიგის თასი

"ემირიათსზე" გამართული ფანტასტიკური მთავარი ლონდონური დერბიდან (2:2) ზუსტად 1 კვირა გავიდა და ლონდონის ორი საუკეთესო კლუბი ერთმანეთს კვლავ უპირისპირდება.

"ჩელსი" და "არსენალი" ფეხბურთის გულშემატკივრების გახარებას ამჯერად ინგლისის ლიგის თასზე ეცდებიან. დღეს გვიან ღამით ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება.

ჩემპიონატი: ინგლისის ლიგის თასი, 1/2 ფინალი
სტადიონი: "სტემფორდ ბრიჯი", ლონდონი
მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი


1 კვირის წინ გამართულ დერბიში "ჩელსის" ბელგიელმა ვარსკვლავმა, ედენ აზარმა, კუნთის დაზიანება მიიღო და რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა, მაგრამ უკვე მწყობრშია და დღეს კვლავ ძირითადში იქნება.

"არისტოკრატების" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, თამაშის წინ განაცხადა, რომ ზამთარში დამატებული როს ბარკლის დებიუტი ჯერ ნაადრევია და ახალგაზრდა ინგლისელ ნახევარმცველს მოთმენა მოუწევს.

"ლურჯებმა" "არსენალთან" დრამატული ბრძოლის შემდეგ ასოციაციის თასზე სტუმრად "ნორვიჩი" ვერ დაამარცხეს (0:0) და მეორე დერბის ცოტათი გაფუჭებული განწყობით ხვდებიან.

ლონდონური დერბი - დუბლი მეორე, ინგლისის ლიგის თასი

ლონდონის "არსენალმა" პრემიერ ლიგაში "ჩელსისთან" საშინაო მატჩი ბოლო წუთებზე გადაარჩინა, ამიტომ დღეისთვის "მეთოფეებს" შესაძლოა ფსიქოლოგიური უპირატესობა ჰქონდეთ.

"ჩელსიმ" ასოციაციის თასზე დამატებითი მატჩი აიკიდა, ხოლო "არსენალი" საერთოდ ტურნირს გამოეთიშა. არსენ ვენგერის გუნდი სტუმრად "ნოტინგემ ფორესტთან" სენსაციურად დამარცხდა (2:4) და ლონდონურ დერბის 3 მატჩიანი მოუგებელი სერიით ხვდება.

ლონდონური დერბი - დუბლი მეორე, ინგლისის ლიგის თასი

"არსენალი" ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილზეა და ჩემპიონობის პრეტენზია აღარ აქვს, ასოციაციის თასიდანაც უკვე გამოვარდა და გამოდის, რომ ინგლისის ლიგის თასი "მეთოფეებისთვის" ამ სეზონში ტიტულის მოგების ერთადერთი შესაძლებლობაა. ასე, რომ არსენ ვენგერის გუნდი ორმაგად მოტივირებული და მონდომებული იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

ლონდონის "ჩელსის" ერთადერთი საზრუნავი ედენ აზარის მდგომარეობა იყო და უკვე ვიცით, რომ ის დღეს ითამაშებს. სხვა პრობლემა ანტონიო კონტეს არ აქვს.

ლონდონის "არსენალის" საკადრო მდგომარეობაა კი კვლავ მძიმეა. ბოლო პერიოდში გადატვირთული გრაფიკის გამო საეჭვოა შკოდრან მუსტაფისა და გრანიტ ჯაკას თამაში, მათი ბედი ჯერ უცნობია. კოსენი, კოლასინაჩი, მონრეალი, კასორლა, რემზი და ჟირუ კი კვლავ ტრავმირებულნი არიან.

ჩელსი: კურტუა; მოზესი, ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი, ალონსო; ბაკაიოკო, კანტე, ფაბრეგასი; აზარი; მორატა.

არსენალი: ჩეხი; ბელერინი, ჩემბერსი, მუსტაფი, ჰოლდინგი, მაიტლენდ-ნილსი; ჯაკა, უილშირი; იოზილი, ლაკაზეტი, სანჩესი.

საინტერესო ფაქტები

"ჩელსი" და "არსენალი" ინგლისის ლიგის თასზე ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ და 4 შემთხვევაში გამარჯვება "არისტოკრატებმა" მოიპოვეს.

კონკრეტულად ნახევარფინალურ ეტაპზე კი ეს გუნდები ერთმანეთს 1997/98 წლების სეზონში დაუპირისპირდნენ. მაშინ "ჩელსიმ", ორი მატჩის ჯამში, 4:3 იმარჯვა და ტურნირიც მოიგო.

ლონდონური დერბი - დუბლი მეორე, ინგლისის ლიგის თასი

"არსენალის" ერთადერთი გამარჯვება "ჩელსისთან" ლიგის თასზე 1976/77 წლების სეზონით თარიღდება. მაშინ ლონდონური დერბი მეოთხე წრეში გაიმართა.

"სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისთან" ჩატარებული ბოლო 9 თამაშიდან "მეთოფეებმა" მხოლოდ ერთი (1 ფრე, 7 წაგება) მოიგეს. 2011 წლის ოქტომბერში, ინგლისის პრემიერ ლიგაში, არსენ ვენგერის გუნდმა "ჩელსი" სტუმრად 5:3 დაამარცხა.

ლონდონური დერბი - დუბლი მეორე, ინგლისის ლიგის თასი

"ლურჯებმა" ინგლისის ლიგის თასზე ბოლო 5 ნახევარფინალური დაპირისპირებიდან 4 (2005, 2007, 2008 და 2015) მოიგეს და ერთადერთი 2012/13 წლების სეზონში "სუონსისთან" დამარცხდნენ.

"არსენალი" ლიგის თასის ნახევარფინალში მე-15-დ იასპარეზებს, რაც ტურნირის ისტორიაში მეორე შედეგია. რეკორდი "ლივერპულს" ეკუთვნის - 17 1/2 ფინალი.

თუმცა ამ ეტაპზე "არსენალზე" მეტი მარცხი არცერთ გუნდს არ განუცდია - 7. გარდა ამისა, "მეთოფეებმა" ლიგის თასის ბოლო 7 ფინალიდან 5 წააგეს.

ინგლისის ლიგის თასი არის ერთადერთი ტიტული, რომელიც არსენ ვენგერს არ მოუგია. "არსენალი" მისი ხელმძღვანელობით ფინალში ორჯერ (2007 და 2011) იყო, მაგრამ ორივეჯერ წააგო.

VIP პროგნოზი ლონდონურ დერბიზე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები