ინტერი - რომა: ბრძოლა საჩემპიონო რბოლაში დასაბრუნებლად » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინტერი - რომა: ბრძოლა საჩემპიონო რბოლაში დასაბრუნებლად


ინტერი - რომა: ბრძოლა საჩემპიონო რბოლაში დასაბრუნებლად

2 კვირიანი პაუზის შემდეგ დღეს იტალიის ეროვნული ჩემპიონატი ბრუნდება და 21-ე ტურის ათივე თამაში დღეს გაიმართება.

ტურის ცენტრალური შეხვედრა კი "ჯუზეპე მეაცაზე" შედგება, სადაც ერთმანეთს მილანის "ინტერი" და "რომა" დაუპირისპირდება - ორი შესანიშნავი სტარტის მქონე გუნდი, რომლებიც ახლა წარმატების გზას ცოტათი აცდნენ და მიზნის გასწორებას ეცდებიან.

ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, XXI ტური
დაწყების დრო: 23:45 საათი
მთავარი მსაჯი: დავიდე მაზა

მილანის "ინტერმა" 16 სათამაშო კვირა მარცხის გარეშე გაიარა, მაგრამ ბოლო 4 მატჩიდან ორი წააგო და ორი ფრედ დაასრულა. ლუჩიანო სპალეტის გუნდმა სერია ა-ს ბოლო 5 ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა და ლიდერებს უკვე სოლიდური ჰანდიკაპით ("იუვენტუსს" 8 ქულით, "ნაპოლის" კი - 9) ჩამორჩა.

წინა ტურში "ნერაძურიმ" ქულები ფლორენციაში "ფიორენტინასთან" ბოლო წუთებზე დაკარგა და შეიძლება ითქვას, რომ "ინტერის" ამ შესვენებამ სულზე მოუსწრო. "შავ-ლურჯებმა" როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად, დაისვენეს და ახლა ეცდებიან, რომ 2018 წლის პირველი მნიშვნელოვანი თამაში მოიგონ, რაც მათ განწყობას რადიკალურად შეცვლის.

ინტერი - რომა: ბრძოლა საჩემპიონო რბოლაში დასაბრუნებლად

მილანურ გრანდს დაახლოებით 1 თვიანი პაუზის შემდეგ გამოცდილი ბრაზილიელი ცენტრალური მცველი, ჟოაო მირანდა, დაუბრუნდება და ძირითადში ანდრეა რანოკიას შეცვლის. "ინტერის" დაცვის ცენტრში კვლავ მირანდა-შკრინიარის ჩინებულად შეთამაშებული დუეტი იმოქმედებს.

მილანური გრანდის მსგავსად ცუდი პერიოდი უდგას რომაულ კლუბსაც, რომელმაც იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში ბოლო 3 მატჩიდან 2 წააგო, მანამდე კი იტალიის თასზე "ტორინოსთან" შინ დამარცხდა (1:2) და ტურნირს გამოეთიშა. "მგლები" სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-5 პოზიციაზე არიან და ლიდერ "ნაპოლის" უკვე 12 ქულით ჩამორჩებიან.

წინა ტურში ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა სენსაციურად შინ ბერგამოს "ატალანტასთან" წაააგო და ახლა "ინტერთან" რევანშის აღებას ეცდება. პირველ წრეში, "სტადიო ოლიმპიკოზე", მასპინძლებმა მილანურ გრანდს 1 საათი აჯობეს, შემდეგ კი სამი ბურთი გაუშვეს და 1:3 დამარცხდნენ. "რომასთვის" ეს თამაში სამმაგად მნიშვნელოვანია: სატურნირო ცხრილი, რევანში და ფსიქოლოგიური მდგამარეობა, რომელიც გასაუმჯობესებელია.

ინტერი - რომა: ბრძოლა საჩემპიონო რბოლაში დასაბრუნებლად

"ატალანტასთან" მატჩი სკანდალური ვიდეოს გამო გუნდიდან მოკვეთილმა რაჯა ნიანგოლანმა გამოტოვა, მაგრამ ბელგიელი დღეს ძირითად შემადგენლობაში იქნება. რაჯა "რომას" ხერხემალი და საკვანძო ფიგურაა.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანის "ინტერს" ერთადერთი დანილო დ'ამბროზიო ვერ დაეხმარება, რომელიც ვარჯიშებს უკვე დაუბრუნდა, მაგრამ ბოლომდე არ არის მზად. დაცვის მარჯვენა ფრთაზე მის პოზიციას ჟოაო კანსელო დაიკავებს.

"რომასაც" მხოლოდ ერთი მოთამაშე აკლია - ახალგაზრდა განაპირა მცველი, რიკ კარსდორპი, რომელიც მთელი სეზონი ტრავმირებულია და ამიტომ მისი არყოფნა სერიოზული დანაკლისი არ არის.

ინტერი: ჰანდანოვიჩი; კანსელო, შკრინიარი, მირანდა, სანტონი; ვესინო, გალიარდინი; კანდრევა, ვალერო, პერიშიჩი; იკარდი.

რომა: ალისონი; ბრუნო პერესი, ფასიო, მანოლასი, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი; ფლორენცი, ჯეკო, ელ შაარავი.

საინტერესო ფაქტები

მილანის "ინტერმა" სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 10 საშინაო თამაშიდან 7 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 წააგო.

თავისმხრივ, "რომამ" ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ასევე მხოლოდ 1 გასვლითი მატჩი წააგო (5 მოგება, 2 ფრე), ეგეც ტურინში "იუვენტუსთან" (0:1).

"რომამ" სერია ა-ს ბოლო ორ გასვლით შეხვედრაში ვერ მოახერხა გოლის გატანა. რომაულმა კლუბმა სტუმრად ზედიზედ სამი მშრალი შეხვედრა ბოლოს 2005 წლის შემოდგომაზე ჩაატარა და ის სეზონი "მგლებმა" მეორე პოზიციაზე დაასრულეს. საჩემპიონო ტიტული კი "ინტერმა" მოიპოვა.

"რომასა" და "ინტერის" ბოლო 8 ურთიერთშეხვედრაში სულ 25 გოლი გავიდა (მატჩში საშუალოდ დაახლოებით 3) და მხოლოდ 1 შეხვედრა დასრულდა ფრედ.

ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან "ჯუზეპე მეაცაზე" სერია ა-ში "ნერაძურიმ" 2 მოიგო, ხოლო "რომამ" - 3.

"რომას" მთავარ მწვრთნელს, ეუსებიო დი ფრანჩესკოს, ლუჩიანო სპალეტის წინააღმდეგ სერია ა-ში 4 თამაში აქვს ჩატარებული და ოთხივეჯერ მარცხი განიცადა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები