"მას ყოველთვის რაღაც აკლდა, ახლა კი თავად მასკერანო დააკლდება ბარსას" - 7 წელი ხავიერთან ერთად » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"მას ყოველთვის რაღაც აკლდა, ახლა კი თავად მასკერანო დააკლდება ბარსას" - 7 წელი ხავიერთან ერთად



ხავიერ მასკერანოს მთელი კარიერის განმავლობაში ეუბნებოდნენ, რომ მას რაღაც აკლია. "რივერ პლეიტში" "მასკეს" ფიზიკური მონაცემების გამო იწუნებდნენ, "ვესტ ჰემსა" და "ლივერპულში" არგენტინელს ზედმეტი უხეშობისთვის აკრიტიკებდნენ, "ბარსელონაში" კი თვლიდნენ, რომ ხავიერი არ იყო "ბლაუგრანას" დონის.

2010 წლის ზაფხულში მასკერანოს შეეძლო "ენფილდზე" დარჩენა, რადგან იმ დროისთვის ის უკვე გულშემატკივრების ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშე იყო. სანამ სტივენ ჯერარდი და ხაბი ალონსო საგოლე გადაცემებით ფერნანდო ტორესს ამარაგებდნენ, არგენტინელი საყრდენ ზონაში სისხლს უშრობდა მოწინააღმდეგეებს. სემი ჰიუპია, დანიელ აგერი და ჯეიმი კარაგერი ყოველთვის მშვიდად იყვნენ, როდესაც მათზე წინ ხავიერი იყო განლაგებული.

"მას ყოველთვის რაღაც აკლდა, ახლა კი თავად მასკერანო დააკლდება ბარსას" - 7 წელი ხავიერთან ერთად

იმ პერიოდის "ლივერპული" არავის ტოვებდა გულგრილს, თუმცა მასკერანოს სჭირდებოდა ახალი გამოწვევა. "მერსისაიდელებსა" და "ბარსელონას" შორის გამართული ჭირვეული მოლაპარაკებების შემდეგ, ხავიერმა მაინც მიიღო მორიგი დასალაშქრი მწვერვალი "ბლაუგრანას" სახით.

"ერკულესთან" გამართული სადებიუტო მატჩის შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ჯობდა მასკერანო დარჩენილიყო "ლივერპულში". არგენტინელმა მეორე ტაიმში სერხიო ბუსკეტსი შეცვალა, მაგრამ სამწუხაროდ, ხავიერი ვერაფრით ჩაჯდა "ბარსას" თამაშის რიტმში. არგენტინელი აყოვნებდა "ბლაუგრანას" შეტევებს, დროულად ვერ აწვდიდა ბურთს წინ და აკეთებდა არასწორ გადაცემებს, რის გამოც კატალონიელებმა სენსაციურად დათმეს ის შეხვედრა საკუთარ კედლებში (0:2). მეტოქე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იყო "ერკულესი".

"მას ყოველთვის რაღაც აკლდა, ახლა კი თავად მასკერანო დააკლდება ბარსას" - 7 წელი ხავიერთან ერთად

მეორე დღეს ხავიერს არ ლანძღავდა მხოლოდ ზარმაცი. ესპანური პრესა წერდა: "მას მხოლოდ ფეხების მტვრევა შეუძლია პრემიერ ლიგაში" ან "ვინმემ აუხსენით მასკერანოს, თუ როგორ უნდა სწორი პასის გაკეთება"

იმ მატჩის შემდეგ, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ არგენტინელი რეალურად ბუსკეტსის დუბლიორი იქნებოდა. ცოტა ხნით ადრე ამ როლზე უარი თქვა იაია ტურემ, რომელმაც დატოვა "ბარსა" და მანჩესტერ სიტიში" გადავიდა, სადაც ის პრემიერ ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად ჩამოყალიბდა. ივუარელი შუახაზელი მოკლე პასით ვერ თამაშობდა "ბლაუგრანას" სამეულთან, მასკერანოს კი მითუმეთეს არ შეეძლო ამის გაკეთება.

"იდიოტი ვიქნებოდი, რომ ხავის, ინიესტას ან ბუსკეტსის ამოგდება მდომოდა. ისინი იდეალური ფეხბურთელები არიან "ბარსელონასთვის". როდესაც მათ თამაშს ვუყურებ, ბევრ ახალს ვსწავლობ," - აცხადებდა არგენტინელი.

"მას ყოველთვის რაღაც აკლდა, ახლა კი თავად მასკერანო დააკლდება ბარსას" - 7 წელი ხავიერთან ერთად

ვინ იცის, სავარაუდოთ მასკერანო ძალიან მალე დაიკარგებოდა ამ "ტიკი-ტაკაში", რომ არა ხოსეპ გვარდიოლას მორიგი გენიალური იდეა. პეპმა ახალი პოზიცია გამოუნახა ხავიერს - არგენტინელმა დაცვის ცენტრში გადაინაცვლა. ერთი შეხედვით ეს სიგიჟეს ჰგავდა, რადგან "მასკე" არც ისე ძლიერი იყო ფიზიკურად, ამის გარდა, მისი სიმაღლე მხოლოდ 174 სმ-ს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ხავიერის ტრანსფორმაციას ყველა აბსურდულად უყურებდა, გვარდიოლას მაინც სჯეროდა, რომ მისი სვლა გაამართლებდა.

თავდაპირველად მასკერანო რეგულარულად აზარალებდა გუნდს ისე, რომ გულშემატკივრები აცრემლებული თვალებით ნატრობდნენ კარლეს პუიოლის დაბრუნებას ლაზარეთიდან. მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა, არგენტინელი სავსებით გაშინაურდა "ბარსას" დაცვის ცენტრში. იმ სეზონში "ბლაუგრანამ" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხავიერმა კი ფინალში უბრალოდ ფეხი არ გაანძრევინა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევებს.

"მასკერანოსი ყოველთვის მჯეროდა, მან ძალიან ბევრი რამ შეგვმატა. ის "ბარსელონას" საუკეთესო შენაძენია ბოლო 4 წელიწადში, ხავიერი არ იყიდება," - გვარდიოლა.

"მას ყოველთვის რაღაც აკლდა, ახლა კი თავად მასკერანო დააკლდება ბარსას" - 7 წელი ხავიერთან ერთად

შემდეგ სეზონში პეპმა ახალი ექპერიმენტები შესთავაზა "ბლაუგრანას". გუნდი 4-3-3-დან იწყობოდა 3-4-3-ზე, მასკერანო მესამე ცენტრალური მცველი ხდებოდა, ფლანგელები კი შეტევაში მიდიოდნენ. არგენტინელი იდეალურად მოერგო ამ მოდელს, დროთა განმავლობაში "მასკემ" მოკლე პასიც დახვეწა. საინტერესო ფაქტი: 2014 წლის მუნდიალზე ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა (90%) სწორედ ხავიერმა გააკეთა.

მასკერანოს მთავარი კოზირი უცვლელი დარჩა - შავი სამუშაოს იდეალურად შესრულება. არგენტინელი ყოველ მატჩში რამდენჯერმე ართმევდა ბურთს მოწინააღმდეგეს სუფთად. ამის გარდა, ხავიერი ძალიან კარგად კითხულობდა თამაშის პროცესს, რაც ეხმარებოდა მას ბუსკეტსის შეცვლაში, როდესაც სერხიო ტრავმას იღებდა.

"ხავიერი არ არის ტექნიკური მოთამაშე, მაგრამ ის მუდამ ბოლომდე იბრძვის, არასდროს ზარმაცობს და თუ საჭიროა კბილებითაც გამოაქვს ბურთი თავის საჯარიმოდან," - ოსკარ მასკერანო, ხავიერის მამა.

"მას ყოველთვის რაღაც აკლდა, ახლა კი თავად მასკერანო დააკლდება ბარსას" - 7 წელი ხავიერთან ერთად

არგენტინელთან ერთად, "ბარსას" მოპოვებული ჰქონდა სიმშვიდე საჯარიმოში. პიკეს აუღელვებლად შეეძლო სტანდარტებზე ჩასვლა წინ, შემდეგ კი "ტვიტერში" საქმის გარჩევა "რეალსა" და ესპანეთის მთავრობასთან. ჟერარდმა იცოდა, რომ მის უკან იდგა მოთამაშე, რომელიც მუდამ დააზღვევდა პარტნიორს.

2014 წელს მასკერანოს გადაწყვეტილი ჰქონდა "ბარსელონას" დატოვება, რადგან ხავიერი თვლიდა, რომ მას უკვე ამოწურული ჰქონდა თავი "კამპ ნოუზე". იმ დროს არგენტინელს "ნაპოლიში" ეპატიჟებოდა ყოფილი დამრიგებელი რაფაელ ბენიტესი. "ბლაუგრანას" მოთამაშეებმა შეძლეს "მასკეს" დაყოლიება დარჩენაზე, რის შედეგადაც მან კიდევ 3 სეზონი დაჰყო კატალონიაში. არგენტინელი კარიერას სავარაუდოთ ჩინეთში გააგრძელებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხავიერი დიდ ფეხბურთს ემიჯნება, მასკერანო აუცილებლად იქნება 2018 წლის მუნდიალზე.

"მას ყოველთვის რაღაც აკლდა, ახლა კი თავად მასკერანო დააკლდება ბარსას" - 7 წელი ხავიერთან ერთად

"მასკემ" ჯამში 7 წელი გაატარა კატალონიაში, მოიგო 18 ტიტული და ერთი გოლის გატანაც მოახერხა. არგენტინელი დიდი ხნის მანძილზე ვერ ახერხებდა თავის გამოჩენას, მიზეზი მარტივი იყო - სანამ დანარჩენები შეტევაში აზანზარებდნენ მეტოქეს, ხავიერი თავის საჯარიმოში რჩებოდა და თანაგუნდელებს აზღვევდა. თავისი გოლი კი მასკერანომ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. ეს იყო ისტორიული მომენტი, აპლოდირებდა მთელი "კამპ ნოუ".



ხავიერს მთელი კარიერის განმავლობაში ეუბნებოდნენ, რომ მას რაღაც აკლია, მომავალი მატჩიდან კი უკვე თავად მასკერანო დააკლდება "ბარსელონას"...

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები