ყველაზე გიჟური ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ისტორიაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ყველაზე გიჟური ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ისტორიაში


ყველაზე გიჟური ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ისტორიაში

როგორც წესი, ზამთრის სატრანსფერო პერიოდი ნაკლებად საინტერესოა და ამ ერთი თვის განმავლობაში ხმაურიანი ტრანსფერებიც იშვიათად ხორციელდება. თუმცა 2018 წლის იანვარი გამონაკლისი აღმოჩნდა და ზოგადად სატრანსფერო ბაზარზე შექმნილმა გიჟურმა სიტუაციამ ზამთრის ფანჯარაზეც იმოქმედა.

გასულ თვეში ძალიან ბევრი საინტერესო ტრანსფერი შედგა და შეიძლება ითქვას, რომ 2018 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და არაორდინალური იყო.

ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი

ყველაზე გიჟური ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ისტორიაში

გასული წლის ზაფხულში დაწყებული საქმე კატალონიის "ბარსელონამ" 2018 წლის იანვარში ბოლომდე მიიყვანა და ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა - "ბლაუგრანამ" "ლივერპულის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ფილიპე კოუტინიო, 142 მილიონ გირვანქა-სტერლინგად შეიძინა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი გაჩარხა.

25 წლის ბრაზილიელი კატალონიურ კლუბში თამაშზე ოცნებობდა და მისი ტრანსფერი გარდაუვალი იყო, მაგრამ "ბარსელონამ" სეზონის ბოლომდე არ მოითმინა და შედეგად, ეს ფანტასტიკური გარიგება იანვარშივე შედგა. კოუტინიო ძალიან ტექნიკური, სხარტი, კრეატიული მოთამაშეა, რომელიც "ბარსელონას" სათამაშო სტილს სრულიად შეესაბამება, მაგრამ ძალიან საინტერესოა როგორ მოერგება ერნესტო ვალვერდეს 4-4-2 სქემას ცენტრში რომბით და როგორ წარმოაჩენს თავს ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებში.

კოუტინიოს ტრანსფერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი მოვლენა იყო, რომელზეც მუდმივად ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობენ და კიდევ ბევრს ილაპარაკებენ. 2018 წლამდე იანვარში განხორციელებული ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის ღირებულება 60 მილიონ გირვანქას შეადგენდა (ოსკარი ლონდონის "ჩელსიდან" "შანხაი შენუაში" გადავიდა), ხოლო "ბარსელონამ" თამასა გააორმაგა.

სუპერ-ბარტერი

ყველაზე გიჟური ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ისტორიაში

ბარტერული გაცვლა კლუბებისთვის ერთ-ერთი ალტერნატიული მეთოდია იმისათვის, რომ შემადგენლობა ზედმეტი ხარჯის გარეშე გააძლიერონ, მაგრამ განსაკუთრებული და ხმაურიანი ბარტერებით ნამდვილად არ ვიყავით განებივრებულები, მით უმეტეს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.

თუმცა ლონდონის "არსენალმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" მართლაც შთამბეჭდავ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის შედეგადაც ალექსის სანჩესი "ემირიათსიდან" "ოცნებების თეატრში" გადაბარგდა, ხოლო საპირისპირო მიმართულებით ჰენრიკ მხითარიანი წავიდა. ერთი მხრივ, "წითელმა ეშმაკებმა" უმაღლესი კლასის შემტევი ნახევარმცველი დაიმატეს, რომელიც ჟოზე მოურინიოს გუნდს გააძლიერებს და აგრეთვე ჩემპიონთა ლიგაზეც დაეხმარება. მეორე მხრივ კი, "არსენალმა" სანჩესის უფასოდ დაკარგვასა და მის სანაცვლოდ არაშესაფერისი თანხის მიღებას ბარტერი ამჯობინა, რომლის შედეგადაც საკმაოდ კარგი, შრომისმოყვარე და ტექნიკური შემტევი ნახევარმცველი მიიღო.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქმე მართლაც სუპერ-ბარტერთან გვაქვს - გარიგება ორივე მხარესთვის მომგებიანი იყო, თანაც საქმე ეხება ინგლისური ფეხბურთის ორ გრანდსა და ორი მაღალი კლასის მოთამაშეს.

რეკორდი ლივერპულმაც დაამყარა

ყველაზე გიჟური ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ისტორიაში

ფილიპე კოუტინიოს გარდა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რეკორდები ახალგაზრდა ჰოლანდიელმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმაც, დაამყარა - "საუთჰემპტონის" დამცველი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი და "ლივერპულის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა.

მერსესაიდულმა გრანდმა, რომელსაც დაცვაში ძალიან ცუდი მდგომარეობა ჰქონდა, ვან დეიკის სანაცვლოდ 75 მილიონი გირვანქა-სტერლინგი გადაიხადა. ვირჯილის დებიუტი შთამბეჭდავი გამოდგა - ასოციაციის თასზე მან "ლივერპულის" მოსისხლე მტერ "ევერტონს" ბოლო წუთებზე გამარჯვების გოლი გაუტანა, თანაც "ენფილდზე", საკუთარი ქომაგების თვალწინ.

ბოლო თამაშები ვან დეიკმა შედარებით სუსტად ჩაატარა, შეცდომები დაუშვა და იურგენ კლოპმა სათადარიგო სკამზე გადასვა. ვან დეიკი ძალიან პერსპექტიული და ძლიერი ცენტრალური მცველია, მაგრამ მას მაღალ დონეზე ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს. "წითლებმა" მისი ტრანსფერით იანვარი კიდევ უფრო გიჟური გახადეს.

სამმაგი გარიგება

ყველაზე გიჟური ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ისტორიაში

როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ძალიან ბევრი რამ ხდება და ბაზარზე სრული სიგიჟე სუფევს, მაგრამ ამჯერად საოცრად საინტერესო გარიგებები შედგა.

იანვრის სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეებში ლონდონის "ჩელსიმ", "არსენალმა" და დორტმუნდის "ბორუსიამ" ერთგვარი "სამმაგი გარიგება" ან "წრიული გარიგება" მოაწყვეს და ერთმანეთში თავდამსხმელები გაცვალეს.

ყველაფერი პიერ-ემერიკ ობამეიანგით დაიწყო, რომელსაც დორტმუნდის "ბორუსიას" დატოვება უნდოდა და საბოლოოდ, ლონდონის "არსენალს" მიაშურა, რომელმაც 60 მილიონი გირვანქა-სტერლინგი გადაიხადა. ამის შედეგად, "მეთოფეებს" ლაკაზეტისა და ობამეიანგის გამო ოლივიე ჟირუ აღარ დასჭირდათ, ხოლო "ბორუსიას" გაბონელის შემცვლელი მოუნდა.

დორტმუნდელებმა ობამეიანგის შემცვლელი მალევე იპოვნეს და ლონდონის "ჩელსიდან" მიჩი ბატშუაი ინათხოვეს, ხოლო "არისტოკრატებმა" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ჟირუ შეიძინეს.

რა თქმა უნდა, ამ სამმაგი გარიგებიდან ყველაზე მეტად დორტმუნდის "ბორუსია" დაიჩაგრა, ხოლო "არსენალმა" ორმაგი მოგება ნახა - ობამეიანგის დამატებას მესუთ იოზილთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოჰყვა. "ჩელსიმ" კი თადარიგისთვის უფრო გამოცდილი და ძლიერი ფორვარდი გადაიბირა.

მოურა ტოტენჰემში

ყველაზე გიჟური ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ისტორიაში

მოსალოდნელი იყო, რომ ლუკას მოურა "პარი სენ ჟერმენს" დატოვებდა, მაგრამ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 25 წლის ტექნიკური ბრაზილიელი კარიერას ლონდონის "ტოტენჰემში" გააგრძელებდა. "დეზებმა" იანვარში ყველაზე მოულოდნელი ტრანსფერი განახორციელეს და შესანიშნავი მოთამაშე დაიმატეს.

ლუკასის სანაცვლოდ ინგლისურმა კლუბმა 25 მილიონი გირვანქა გადაიხადა, რაც დღევანდელი ფასებით საკმაოდ მისაღები თანხაა და "ტოტენჰემი" ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს. თავისმხრივ, ძალიან საინტერესოა როგორ წარმოაჩენს თავს მოურა ნისლიან ალბიონზე. მის სახელს არაერთ ინგლისურ კლუბს, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედს", უკავშირებდნენ, მაგრამ ბრაზილიელი "ტოტენჰემში" აღმოჩნდა.

სიტის მორიგი ტოპ-ტრანსფერი

ყველაზე გიჟური ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ისტორიაში

რა იქნებოდა ისტორიაში ყველაზე გიჟური ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა "მანჩესტერ სიტის" გარეშე?! "ცისფრებმა" ბოლო დღეებში ბილბაოს "ატლეტიკის" უნიჭიერესი ცენტრალური მცველი, ემერიკ ლაპორტი, 58 მილიონ გირვანქა-სტერლინგად შეიძინეს და საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ გააოცეს.

პეპ გვარდიოლას, რომელიც "სიტის" ფანტასტიკურ ფეხბურთს ათამაშებს, ვინსენ კომპანის მუდმივი ტრავმების გამო დაცვის ცენტრში პრობლემები ჰქონდა, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ესპანეთიდან 23 წლის ფრანგი მოთამაშე მოეყვანა, რომელიც ბურთთან მშვენივრად ურთიერთბს და თანაც, ფიზიკურადაც საკმაოდ ძლიერი დამცველია, რომელსაც ინგლისში ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს.

მანჩესტერულ კლუბს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული დაცვის ხაზი ჰყავს. მეკარის ჩათვლით "ცისფრებმა" ამ სეზონში უკანა ხაზის გასაძლიერებლად 225 მილიონი გირვანქა დახარჯეს.

25 მილიონი 16 წლის მოთამაშეში

ყველაზე გიჟური ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ისტორიაში

ამაზე მეტი სიგიჟე კი უბრალოდ წარმოუდგენელია - საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა "მონაკომ" "ჯენოას" 16 წლის ცენტრალურ თავდამსხმელში 25 მილიონი ევრო გადაიხადა.

პიეტროს მართლაც შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა, როდესაც გენუური კლუბის მაისურით 2 ბურთი გაიტანა და სერია ა-ს რეკორდიც დაამყარა, მაგრამ აბსოლუტურად გამოუცდელ მოთამაშეში ამხელა თანხის გადახდა მართლაც არაორდინალური ნაბიჯია. შედარებისთვის, 2001 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" რუდ ვან ნისტელროი 21 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო 2004 წელს ფენომენალურ ფორმაში მყოფი მაიკ ოუენი "რეალმა" დაახლოებით 12 მილიონად დაიმატა. თუმცა ახლა ხომ 2018 წელია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები